მთავარი,სიახლეები

უნდა გასხვისდეს თუ არა იჯარით ბათუმში პლაჟები? – მერობის 3 კანდიდატის პასუხი

12.09.2021
უნდა გასხვისდეს თუ არა იჯარით ბათუმში პლაჟები? – მერობის 3 კანდიდატის პასუხი

2 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ბათუმმა ქალაქის მერი უნდა აირჩიოს. “ბათუმელებმა” მერობის სამ კანდიდატს სხვადასხვა საკითხზე დაუსვა კითხვები, რომლებსაც პერიოდულად შემოგთავაზებთ.

უნდა გასხვისდეს თუ არა მრავალწლიანი იჯარით ბათუმში პლაჟები? –  ჰკითხა “ბათუმელებმა” ბათუმის მერობის სამ კანდიდატს.

  • ირაკლი მიქელაძე, ბათუმის მერობის კანდიდატი, პარტია „საქართველოსთვის“ – გახარიას პარტია:

რა თქმა უნდა არა. ბათუმის პლაჟი, ისევე, როგორც ბათუმის ბულვარი, ბათუმელების საკუთრება. ამ შემთხვევაში ჩვენთვის ყველაზე მთავარი, ამოსავალი პრინციპი იქნება ის, რომ ბათუმელებს უნდა ჰქონდეთ შეუზღუდავი წვდომა პლაჟზე.

სხვა ყველა, ის კონკრეტული ქეისები, რასაც თქვენ გულისხმობთ, ეს მოხდება მხოლოდ და მხოლოდ ინდივიდუალური განხილვების შემდგომ. მაგრამ ჩვენთვის ამოსავალი პრინციპი ყოველთვის იქნება, რომ ბათუმის პლაჟი, ბათუმის ბულვარი და ის რაც არის ბათუმის მთავარი სახე, ყოველთვის იქნება ჩვენი თანაქალაქელების საკუთრებაში და მფლობელობაში.

  • გიორგი კირთაძე, ბათუმის მერობის კანდიდატი ოპოზიციური ერთობიდან:

პლაჟის რაღაცა მონაკვეთის კომერციული დატვირთვისთვის მსუბუქი კონსტრუქციებით, ან არ ვიცი, შეზლონგების გასაქირავებლად გაცემის მომხრე მე ვარ. მიმაჩნია, რომ კერძო სექტორის შემოყვანა პლაჟის რაღაც ნაწილზე არ არის ცუდი, ოღონდ კიდევ ერთხელ ვიმეორებ – ეს არ უნდა ეხებოდეს იმას, რომ ვიღაცებს აეკრძალოთ ბათუმის პლაჟის ნებისმიერ მონაკვეთში თავისუფლად შესვლა. ცალსახად ეს არის გამორიცხული და მიმაჩნია, რომ ეს არ უნდა ხდებოდეს.

მიმაჩნია, რომ დაუშვებელია იმ ტიპის საკუთრებაში პლაჟის გადაცემა, რომელზე შესვლაც დანარჩენი მოქალაქეებისთვის იქნება შეზღუდული.

  • არჩილ ჩიქოვანი, ბათუმის მერობის კანდიდატი პარტია „ქართული ოცნებიდან“:

იჯარებთან დაკავშირებით მესმის ეს საკითხი. ჩვენს მოქალაქეებს და ჩვენს ამომრჩეველსაც, ბუნებრივია, აქვს აზრთა სხვადასხვაობა.

ეს საკითხი – როგორც მრავალწლიანი იჯარის საკითხი, ასევე სხვაგვარად განკარგვის საკითხი,  დამოკიდებულია კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე, კონკრეტულ განვითარებაზე.

ვიცით გადაწყვეტილებების ნაწილი, რომელიც იყო მიღებული და არ მოსწონდათ ჩვენს მოქალაქეებს. ამ ნაწილში ჩვენ მოქალაქეებთან კომუნიკაციის შემდგომ ეს გადაწყვეტილებები ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა არ მიიღო. ბუნებრივია, ჩვენ ცალსახად გეტყვით, რომ დამაზიანებელ გადაწყვეტილებებს, რომელიც ჩვენს ქალაქს და ჩვენს თანამოქალაქეებს დააზიანებს, არასოდეს არ მივიღებთ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: