მთავარი,სიახლეები

„გირჩი მეტი თავისუფლებას“ მერობისა და საკრებულოს წევრობის კანდიდატები აჭარაში

18.08.2021
„გირჩი მეტი თავისუფლებას“ მერობისა და საკრებულოს წევრობის კანდიდატები აჭარაში

პარტიამ „გირჩი მეტი თავისუფლება“ დღეს, 18 აგვისტოს,  ბათუმში ის ადამიანები წარადგინა, ვინც ამ პარტიის სახელით აჭარის მუნიციპალიტეტებში 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებზე იბრძოლებენ.

პარტიის ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ, ამომრჩეველს ბათუმის მერობის კანდიდატად  გიორგი ფუტკარაძე წარუდგინა. გიორგი ფუტკარაძე ბიზნესმენია. მისი სახელი საზოგადოებისთვის 2020 წლის ნოემბერში გახდა ცნობილი, როდესაც ის არ დაემორჩილა კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვებს და არ დახურა საკუთარი ფიტნესკლუბი. მაშინ გიორგი ფუტკარაძე 10 ათასი ლარით დააჯარიმეს და სისხლის სამართლის კოდექსით გამოძიების დაწყებაზეც გააფრთხილეს.

გიორგი ფუტკარაძე

“ოპოზიციურ პარტიებს გვაქვს ერთმანეთთან კოორდინაცია, სხვადასხვა საარჩევნო ოლქში რაღაც ტიპის შეთანხმებებს ვაღწევთ, თუმცა საბოლოო ჯამში ამ შეთანხმების შედეგად ჩვენ შევთანხმდით, რომ აჭარაში ვიქნებოდით სრულიად დამოუკიდებლები. როგორც მერების, ისე პარტიული სიის ნაწილში გირჩი წარდგება საკუთარი კანდიდატებით,” – განაცხადა „გირჩი მეტი თავისუფლებას“ ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ ბათუმის მერობის კანდიდატის წარდგენისას.

„გირჩი მეტი თავისუფლებას“ ბათუმის საკრებულოს წევრობის სამი კანდიდატი ეყოლება. ესენი არიან – თემურ გორგაძე, ნანა გოგუაძე და ომარ იაკობაძე. რაც შეეხება მუნიციპალიტეტებს, სრული სია პარტიას არ წარუდგენია, მხოლოდ სიის პირველი ნომრების ვინაობა გახდა ცნობილი.  ქობულეთის საკრებულოს სიის პირველი ნომერი რამაზ მახარაძე იქნება, ხელვაჩაურის საკრებულოში ვახტანგ ნაკაშიძე, ქედის საკრებულოში კი – გიორგი შუშაძე. შუახევის საკრებულოს სიის პირველი ნომერი არსენ კოჩალიძე,   მეორე ნომერი კი სოფიო ოგბაიძეა.

__

საქართველოში 2021 წლის 2 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმართება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: