მთავარი,სიახლეები

ოპოზიციური პარტიების მაჟორიტარობის კანდიდატები ბათუმში – „ყველა ბიძინას წინააღმდეგ“

18.08.2021
ოპოზიციური პარტიების მაჟორიტარობის კანდიდატები ბათუმში – „ყველა ბიძინას წინააღმდეგ“

დღეს, 18 აგვისტოს, ბათუმში ოპოზიციურმა პარტიებმა 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე გაერთიანების შესახებ განაცხადეს.

შეთანხმების თანახმად, 2 ოქტომბრის არჩევნებზე სხვადასხვა ოპოზიციური ძალა აჭარაში იმოქმედებს სტრატეგიით – ყველა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.

„ჩვენ მოვახერხეთ, რომ ჩვენი პირადი და პარტიული შეხედულებები და ამბიციები გვერდით გადაგვედო და მიუხედავად ჩვენი განსხვავებული ხედვისა, შევთანხმდით, გავისტუმროთ ხელისუფლებიდან ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმი,“ – განაცხადა გენრი დოლიძემ, პოლიტიკურმა აქტივისტმა, რომელიც დღეს ოპოზიციური პარტიების სპიკერი იყო.

ოპოზიციურმა პარტიებმა: „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, „სტრატეგია აღმაშენებელმა“, „დროამ“, „ევროპულმა საქართველომ“ და „ლელომ“ ხელი მოაწერეს ორპუნქტიან შეთანხმებას/მანიფესტს, რომლის ფარგლებშიც პარტიები იღებენ ვალდებულებას:

  1. მჭიდროდ ითანამშრომლონ საარჩევნო საკითხებში, მხარი დაუჭიროთ წინასწარ შეთანხმებულ კანდიდატებს და ამ არჩევნებში იმუშაონ პრინციპით – ყველა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.
  2. არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში გააგრძელონ თანამშრომლობა და ერთობლივად მართონ ბათუმისა და აჭარის მუნიციპალიტეტების თვითმმართველობები.

დღესვე შეხვედრაზე დასახელდნენ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ოპოზიციიდან. ესენი არიან:

  • ვახტანგ კალოიანი, „ევროპული საქართველო“ – ძველი ბათუმის დასახლება
  • ბექა დიასამიძე, „სტრატეგია აღმაშენებელი“ –  კახაბრის, სამრეწველო და აღმაშენებლის ერთეულები
  • ნაზი ფუტკარაძე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ –  ჩაქვი, განთიადი, მწვანე კონცხი, ბარცხანა
  • გენო თებიძე, „ლელო საქართველოსთვის“ – ხიმშიაშვილის დასახლება
  • ნოდარ დუმბაძე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – ჭაობის დასახლება
  • დიმიტრი დარჩია, „დროა – ელენე ხოშტარია“ – მანთაშევისა და ბონის დასახლება
  • ნუგზარ ფუტკარაძე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – ადლია, ანგისის დასახლება

დღესვე ცნობილი გახდა, რომ ოპოზიციის შეთანხმების თანახმად, ოპოზიციის კანდიდატი ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე იქნება ვახტანგ კალოიანი, „ევროპული საქართველოს“ წევრი.

გაერთიანებული ოპოზიციის ბათუმის მერობის კანდიდატი კი, გიორგი კირთაძეა. იგი ამჟამად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელია. 2010-2013 წლებში გიორგი კირთაძე იყო ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე.

მერის მოადგილეობის კანდიდატებად ოპოზიციამ სამოქალაქო აქტივისტები – გენრი დოლიძე და გოჩა გუგუნავა დაასახელა.

 

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: