მთავარი,სიახლეები

რა იქნება ლურჯი მოცვის მომავალი, როცა მთავარი ბაზარი რუსეთშია და იქ წესებს ამკაცრებენ

17.07.2021 • 5394
რა იქნება ლურჯი მოცვის მომავალი, როცა მთავარი ბაზარი რუსეთშია და იქ წესებს ამკაცრებენ

ლურჯი მოცვის მოსავალი საქართველოში წლიდან წლამდე მზარდია. ფერმერებს გაფართოების გეგმები აქვთ, თუმცა აფიქრებთ  გარემოება, რომ გასაღების მთავარ ბაზრად ისევ რუსეთი რჩება. ეს კი საიმედო გათვლების საშუალებას არ იძლევა.

სპეციალისტების თქმით, წელს საქართველოში 1300-1500 ტონა მოცვის მოსავალს ელიან. ეს იმას ნიშნავს, რომ 2021 წელს, საქართველო შეძლებს მოცვის ექსპორტიორი 25 უმსხვილესი ქვეყნის სიაში შევიდეს.

ფერმერების თქმით, ამ ეტაპზე მთავარ შემსყიდველთან თანამშრომლობის პრობლემები არ აქვთ, თუმცა რამდენად პროგნოზირებადია ლურჯი მოცვის მოსავლის ბედი და რა მოხდება თუ რუსეთი მოულოდნელ შეზღუდვებს ან დამატებით მოთხოვნებს დააწესებს პროდუქტის მიღებაზე, ამაზე პასუხი არავის აქვს.

გასულ წელს მოსავალი პირდაპირ ბაღებიდან გაყიდეს. ეს პროცესი წელსაც შეუფერხებლად მიმდინარეობდა, ვიდრე ივნისში რუსეთის მხარემ დამატებითი მოთხოვნების დაწესებაზე არ დაიწყო საუბარი. ამას მოჰყვა, შესყიდვის შეჩერებაც, თუმცა პრობლემა მალე მოგვარდა.

„შეფერხება 2 დღიანი იყო და მალე მოგვარდა. ტყუილად ატეხეს პანიკა, თუმცა ისიც შეიძლება ითქვას, რომ ყვითელი აგვინთეს, ჭკუით თუ არ იქნებით გაგჭედავთო. ამიტომაც ლეგიტიმურია კითხვები იმაზე, რას იზამს რუსეთი ხვალ. ეს დღე დაგვიდგება. მზად უნდა ვიყოთ, როგორც ინფრასტრუქტურით, ასევე სამაცივრე მეურნეობით. სხვა ბაზრები უნდა მოვიძიოთ. მცდარია, მოსაზრება, რომ მოცვს მოიყვან, ვიღაცა მოვა და პირდაპირ პლანტაციიდან წაიღებს, ეს ყოველთვის ასე არ იქნება“, -ამბობს ქობულეთელი როდამ ოქროპირიძე. ის ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელია.

ამ პროცესის პარალელურად საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ-ში „ნეტგაზეთს“ დაუდასტურეს, რომ რუსეთმა პროდუქციის უსაფრთხოების კონტროლი გაამკაცრა, იმპორტიორებს დამატებითი დოკუმენტაცია მოსთხოვონ.

ლურჯი მოცვის ექსპორტზე რუსეთში შეზღუდვა არ არის – სურსათის სააგენტო

როდამ ოქროპირიძის პლანტაციაში მიყვანილი მოცვი. ფოტო მისივე ფეისბუქგვერდიდან

როდამ  ოქროპირიძე მიიჩნევს, რომ მომავალში მოსალოდნელი შეფერხებებისთვის  ფერმერების მოსამზადებლად ასოციაცია უნდა  შეიქმნას:

„ერთად უნდა ვიმუშაოთ. სხვა ბაზრებზე გასვლა არ არის იოლი. თუ არ გაქვს ხარისხი დაცული და არ გაქვს შესაბამისი სერტიფიკატი… ის, რომ მოცვი მაქვს და ევროპის ბაზარზე გავყიდი ასე არ ხდება. ამას სჭირდება ნიადაგის მომზადება, შესაბამისი სისტემა, სასუქები, შეწამვლა. კრეფას აქვს ასევე დიდი მნიშვნელობა. კრეფის, შენახვა-დასაწყობებისა და გაგრილების პროცესი. ეს ყველაფერი დაცული თუ არ იქნება, ევროპა კი არა, საერთოდ უნდა დაივიწყო ყველანაირი ბაზარი.“

ოფიციალური ინფორმაციით, პანდემიის მიუხედავად, 2020 წელს  მოცვის ექსპორტი საქართველოდან მნიშვნელოვნად გაიზარდა.  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში რეალიზებული 667.7 ტონა ახალი შტოშის, მოცვისა და Vaccinium გვარის სხვა კენკრის ღირებულებამ კი 4 მილიონამდე დოლარი შეადგინა. შედეგად გასულ წელს მოცვის რეალიზაციით საქართველომ 288.7%-ით მეტი შემოსავალი მიიღო.

ლურჯი მოცვის ექსპორტი 2020 წელს საქართველოდან  ძირითადად  რუსეთში განხორციელდა [3.5 მლნ დოლარი]; შედარებით მცირე მოსავალი გაიყიდა სომხეთში [78.2 ათასი დოლარი]; არაბთა გაერთიანებული საამიროებში [57.5 ათასი დოლარი]; პოლონეთში [54,0 ათასი დოლარი]; უკრაინაში [23.1 ათასი დოლარი] და ყატარში [16.8 ათასი დოლარი].

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე აჭარაში ლურჯი მოცვი დაახლოებით 40 ჰექტარზეა გაშენებული და წელს დაახლოებით 60 ტონა მოსავალს ელოდებიან. სამინისტრო ამ მიმართულებით დაინტერესებულ ფერმერებს დახმარებას სთავაზობს „ფერმერული მეურნეობების დახმარების“ ქვეპროგრამის ფარგლებში. საერთო ჯამში, ქვეპროგრამის ბიუჯეტი 1 მილიონი ლარია, დაფინანსების ზედა ზღვარი ერთ ფერმერზე კი 40 000 ლარი. ფინანსდება როგორც ნერგების, ასევე სარწყავი სისტემების შეძენა.

„ვეხმარებით მეწარმეებს საგრანტო პროექტის თანადაფინანსებით, მათ შორის  არის მოცვის გაშენება. ბოლო პერიოდში ჩვენი ფერმერები ძალიან დაინტერესდნენ ამ სახეობით. ჩვენი რეგიონის ნიადაგებზე, განსაკუთრებით ნაჩაიარზე კარგად ხარობს და  მოთხოვნაც მზარდია“, – ამბობს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ირმა აფხაზავა.

მისივე განმარტებით, სამინიტროს აქვს ინფორმაცია მოკლევადიან შეფერხებაზე, თუმცა ეს პრობლემა მოგვარდა:

„თითქოს სურსათის უვნებლობამ გააჟღერა პესტიციდებთან დაკავშირებულ პრობლემებზე, მაგრამ მალევე გაირკვა, რომ მსგავსი არაფერია. ამ ეტაპზე პრობლემები არ არის. უნდა ვთქვა ისიც, რომ სამაცივრე მეურნეობები შეუფერხებლად მუშაობს, სადაც შესაძლებელია რამდენიმე კვირით – ერთ თვემდე პერიოდში მოცვის დასაწყობება“.

ივნისის დასაწყისში ადგილობრივ ბაზარზე 1 კგ. მოცვის ფასი 15 ლარი იყო, ახლა ფასი 10 -12 ლარია.

___

მთავარი ფოტო: როდამ ოქროპირიძე და მისი მოცვის მოსავალი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: