სიახლეები

მთავრობა გასართობი ღონისძიებების შეზღუდვას განიხილავს

15.07.2021
მთავრობა გასართობი ღონისძიებების შეზღუდვას განიხილავს

დღეს, 15 ივლისს, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ სატელევიზიო ეთერში საუბრისას აღნიშნა, რომ ეპიდსიტუაციის გაუარესებასთან ერთად, ისინი გასართობი ღონისძიებების შეზღუდვასაც განიხილავენ.

„ეპიდემიური სიტუაცია უარესდება. ბოლო ერთი კვირაა ახალი შემთხვევების მაჩვენებელი რჩება 1000-ს ზემოთ, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ინფექცია ვრცელდება და ძალიან აქტიურად თუ არ ჩავერიეთ, ეს გავრცელება კიდევ უფრო მეტი იქნება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

გაბუნიამ თქვა, რომ აქტიური ჩარევის რესურსი პირველ რიგში ვაქცინაციას უკავშირდება, კერძოდ, მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში ძალიან სწრაფად უნდა მოხდეს მოქალაქეების კრიტიკული რაოდენობის აცრა.

„მეორე, ეს უკვე არის პირადი დაცვის საშუალებები.

3 მილიონი მოქალაქის ინდივიდუალურ დონეზე კონტროლი და ამას ემატება ტურისტები, რომლებიც ქვეყანაში ჩამოვიდნენ – რა თქმა უნდა, სამინისტროს დონეზე შეუძლებელია. ჩვენ პირველი დღიდან ვსაუბრობდით, რომ კი, არის რეგულაცია, არის შეზღუდვები, მაგრამ მაინც, ინდივიდუალური პასუხისმგებლობა კრიტიკულია და ამდენად, აქ მოქალაქეებისა და საზოგადოების აქტივობის გარეშე წარმოუდგენელია.

მე მესმის, ზაფხულის პერიოდია, კურორტები გაიხსნა, გასართობი ღონისძიებები ტარდება… ახლა გასართობ ღონისძიებაზე არ არის ადამიანი განწყობილი იმისთვის, რომ ნიღბით იყოს იქ და დისტანცია დაიცვას, მაგრამ ეს ასე არ გამოვა. ჩვენ მოგვიწევს ისევ, რომ ვისაუბროთ ამ გასართობი ღონისძიებების შეზღუდვაზე და ამაზე დავიწყეთ უკვე ფიქრი” – ამბობს თამარ გაბუნია.

შეზღუდვების საჭიროება დღევანდელი სატელევიზიო გამოსვლისას ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემაც ახსენა. „დღევანდელი ინფექციის გავრცელება ჩვენ მიგვითითებს, რომ მნიშვნელოვანია დავიწყოთ მსჯელობა შეზღუდვებზე, რათა არ მივიღოთ ის ეფექტი, რაც გვქონდა შარშან” – თქვა მან.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: