მთავარი,სიახლეები

ჰომოფობი ჯგუფები ჩვენზე უკვე სახლებშიც ნადირობენ – ტრანსგენდერი ქალები

14.07.2021 • 18064
ჰომოფობი ჯგუფები ჩვენზე უკვე სახლებშიც ნადირობენ – ტრანსგენდერი ქალები

საქართველოში არსებული ჰომოფობიური ფონი ბოლო პერიოდში განსაკუთრებით დამძიმდა, შიში გაამწვავა 5 ივლისს საქართველოს საპატრიარქოს მიერ ორგანიზებულმა “ღირსების მარშის” კონტრაქციამ, სადაც ჰომოფობიურად განწყობილი ორგანიზებული ჯგუფები, ლგბტ ადამიანების ძიებაში, თავს დაესხნენ ჟურნალისტებს.

პოლიციამ ჟურნალისტების უსაფრთხოება ვერ უზრუნველყო, მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ აქციაზე ძალიან ბევრი ადამიანი იყო გამოსული და პოლიციის რესურსი ვერ ეყოფოდა უსაფრთხოებას. ლგბტ თემის წევრები, ისევე როგორც არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციები, მთავრობის მხრიდან გაკეთებულ განმარტებებსა და უმოქმედობას ძალადობის წახალისებად აფასებენ. ამ მოსაზრებას ამყარებს თავდასხმებისა და შევიწროების ის შემთხვევები, რომლებიც ბოლო დღეებში საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ხდება ლგბტ ადამიანების თავს.

საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მარგინალიზებული ჯგუფი, ტრანსგენდერი ქალები, კვლავ ყველაზე მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდნენ. საქართველოში ტრანსგენდერი ქალების უმრავლესობისთვის სექსსამუშაო გადარჩენის ერთადერთი გზაა, ისინი სხვა სამსახურში ვერ საქმდებიან. ქვეყანაში ექსტრემალურად გაზრდილი ჰომოფობიური განწყობების ფონზე, სექსსამუშაოსთვის კლიენტების მოძიება არც ონლაინ და არც ე.წ. პლეშკაზე აღარ არის უსაფრთხო.

“იდენტობა იუსის” ბათუმის ოფისის ხელმძღვანელის მარიამ ქაჯაიას თქმით, “5 ივლისს განვითარებული ძალადობრივი ქმედებების კვალდაკვალ ცალსახად შეგვიძლია დავასკვნათ და თემის წევრების ცხოვრება გვაჩვენებს ამას, რომ ჰომოფობიური ფონი არის გაზრდილი. შესაბამისად, ძალადობისა თუ შევიწროების შემთხვევებიც გაზრდილია. მაგალითად, ტრანსგენდერი გოგოები ლაპარაკობენ ჯგუფურ თავდასხმებზე, თავდასხმების საფრთხეებზე, გაითიშა საიტი, საიდანაც ტრანსგენდერი სექსმუშაკი ქალები ახერხებდნენ მუშაობას, ახლა ამის შესაძლებლობა აღარ აქვთ. ასევე ვიცით, რომ საჯარო სივრცეებში, ე.წ. პლეშკებზე მობილიზდებიან ჰომოფობები და იქმნება თავდასხმების საფრთხე, თბილისში მოხდა კიდეც ასეთი რამდენიმე ფაქტი”.

23 წლის ტრანსგენდერ ქალს, ეკა ოსოვსკას 7 და 8 ივლისს ორჯერ დაესხნენ თავს პლეშკაზე. ეკა ბათუმიდანაა, თუმცა ახლა თბილისშია. ის ჰყვება, რომ 7 ივლისის საღამოს ნასვამი კაცები უმიზეზოდ წაეჩხუბნენ და საბოლოოდ სახეში გაარტყეს. 8-ში კი ეკას უკნიდან მიეპარნენ და თავში ჩაარტყეს.

“სამმა გამოიარა, ერთი ნორმალურად მელაპარაკა, მეორემ დამიწყო დაცინვა. ვთხოვე გამეშვი-მეთქი. ყელში დანის გამოსმით დამემუქრა. პატრული რომ გამოვიძახე, უკვე წასულები იყვნენ და გავაუქმე, რადგან საათობით მაყურყუტებენ შემდეგ, წასულ მოძალადეებს კი ვეღარ პოულობენ.

მეორე საღამოს სულ მარტო ვიდექი, უკნიდან რამდენიმე მომეპარა, იქნებოდნენ ასე 19-20 წლის ბიჭები პირბადეებით. მანქანა გაჩერდა, მუსიკა ჰქონდათ ჩართული და მანქანის ნომერზე რაღაც ცელოფანი ჰქონდა ჩამოცმული, კამერას რომ არ დაენახა. თავში ჩამარტყეს. ღებინება მქონდა. სისხლდენა არ მქონია, პატრულში არ დავრეკე, სახლში წავედი, წამლები დავლიე. ძალიან მძიმედ ჩამარტყეს, ხელში ქვას იჭერენ, რომ მძიმე მუშტი მოგხვდეს”, – ჰყვება ეკა.

“თბილისში ორ ტრანს ქალს წერეთელზე, სახლში აუვარდნენ და იქ სცემეს, ერთი ავარიაში მოყვა, მაგრამ შიშისა და უსახსრობის გამო კლინიკაში ვერ მიდის. სამი დღის წინ ბათუმში, ჩემთანაც ჰქონდათ ამოვარდნის მცდელობა, მაგრამ ისეთ კორპუსში ვცხოვრობ, არ გამოუვიდათ. მანამდე მირეკავდნენ დაფარული ნომრით, როგორც კლიენტები, არ მივიღე, რადგან შეშინებული და დაეჭვებული ვარ. მერე სხვა ნომრიდან დამირეკეს და მაინც არ მივიღე. შემომდიოდა მუქარის ზარები, ამოვალ, გადმოგაგდებ, დაგჩეხავ, მაგრამ ამ კორპუსში ვერ შემოვლენ, კამერებიც აყენია, თუმცა მე მაინც არ ვგრძნობ თავს უსაფრთხოდ”, – ამბობს კიდევ ერთი ტრანსგენდერი ქალი დადუ კარა.

“მათ აქვთ ჩვენი სახელები, გვარები, ნომრები, ფოტოები და ნადირობენ. არ არიან უბრალო მოქალაქეები, ესენი არიან დაჯგუფების წევრები, დაგვსდევენ, სახლებში გვაკითხავენ”, – ამბობს დადუ კარა.

დადუ ამბობს, რომ 5 ივლისს პოლიციის უმოქმედობისა და პრემიერის განცხადების შემდეგ, მთავრობის დაცვის იმედად ვერ იქნება.

ტრანსგენდერი ქალი ითხოვს, რომ გაზრდილი ჰომოფობიური ფონის გამო პოლიცია იყოს უფრო ფხიზლად და მეორე მხრივ, მობილიზდეს ქვეყანაში რამე რესურსი საიმისოდ, რომ უმუშევრობის პირობებში ტრანსგენდერმა ქალებმა თავის გატანა შეძლონ.

“სახლში ვზივარ აგერ მთელი დღე, მაღაზიაში ჩასვლაც მეშინია, იმ დონეზე ვარ დაძაბული.

ფსიქოლოგიურად ცუდად ვარ, მე ეს შიში ადრე არ მქონდა, ვერ ვგრძნობდი ხალხისგან. სხვა გოგოებიც იმავეს გეტყვიან, ვერ ვმუშაობთ, სახლიდან ვერ გავდივართ, საკვების ფული არ გვაქვს, ან მშიერი მოგვკლავენ, ან ვინმე შემოგვივარდება და ისე მოგვკლავს… საიტები გაგვიუქმეს, ქუჩაში კი ვერ გამოვალთ. გაგვწირეს ყველანაირად და ყველაფრისთვის.”

გუშინ ვესაუბრე გოგოებს, რომ იქნებ ბათუმის პოლიციას დავურეკოთ, თუნდაც იქ, სადაც ვცხოვრობთ და ვთხოვოთ, რომ უფრო ფხიზლად იყვნენ – ჩვენ რომ გამოვიძახებთ, 20-30  წუთი მაინც უნდათ, რომ ადგილზე მოვიდნენ. ახლა ისეთი განუკითხაობაა და ისეთი რაღაცები ხდება, ერთი ტრანსის სიკვდილი კი არა, კლავენ აგერ ხალხს და პასუხი არავის არ მოეთხოვება.

ზარები არის მუდმივად, სად ცხოვრობ, ზუსტი მისამართი რა არის?! ალბათ რომ მოვიდნენ. ისეთ არარეალურ ფასებს გვთავაზობენ, რაც არ ყოფილა არასდროს. დარეკა მაგალითად ერთმა და მეუბნება, ზუსტი მისამართი მითხარი, რომელი სადარბაზო, რომელი სართული, რომელი კარია, მოვდივარ და 500 დოლარს გიხდიო, ეს არადამაჯერებელია… თან ამათი ფსიქიკა/ლექსიკაც ვიცი, საუბრის ფორმა ჩემთვის გასაგებია… რისკის შემცველია ახლა მუშაობა, იმათაც კი ვერ ვენდობი, ვინც დადიოდა ჩემთან – აქციის მოპირდაპირე მხარეს ბევრი ისეთი ვნახე, ვინც ჩვენი სისტემატური კლიენტი იყო. იქ იდგნენ. ამ თვალსაზრისით ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ”, – ამბობს 29 წლის სესილი სამაია, ტრანსგენდერი სექსმუშაკი ქალი, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ავტომანქანა დაეჯახა. ის ამბობს, რომ შიშის გამო ვერც ექიმთან მიდის ტკივილის გასაყუჩებლად და ვერც გარეთ გადის.

“შაბათს დამეჯახა მანქანა, პოლიციაც მოვიდა, სასწრაფოც, ახლა დაჟეჟილობები მაქვს და ტკივილები, მინდა ექიმთან მისვლა, მაგრამ კლინიკებში ვერ მივალ: რა გარანტია მაქვს, რომ იქ არ იქნება ვინმე აქციიდან, ცოცხალი ვერც გამოვასწრებ. ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა ყოველთვის გვიჭირს ტრანსგენდერ ქალებს, მაგრამ ამ ეტაპზე ყველაზე მეტად შიშის გამო ვერ გავდივარ, ცხოვრებაში ასე დაუცველად თავი არასოდეს გვიგრძვნია, მით უმეტეს პრემიერ-მინისტრის განცხადების შემდეგ, რომელიც პირდაპირი წახალისებაა ძალადობის და ჩვენი დაცვის არანაირ გარანტიას არ იძლევა. პირიქით… მთავრობის ხელმძღვანელი რომ  მოუწოდებს ძალადობისკენ, ტრანსი რომ ხარ, შიშის საფუძველი გაქვს”, – ამბობს ის.

გაუსაძლისი სიტუაციაა, ყოველ ნაბიჯზე, ყოველ წამს გვესმის: ნახეთ, მოკალით, დაინახავთ გამოეკიდეთ და რა ვიცი, კატასტროფაა – სესილი.

ლგბტ თემი ისევე, როგორც საქართველოს მოსახლეობა, იმავე მწვავე სოციალურ-პოლიტიკური პრობლემების წინაშე დგას –  სიღარიბე, უსახლკარობა, განათლებასა და ჯანდაცვის სერვისებზე ხელმიუწვდომლობა. ოღონდ ამ ყველაფერს ამძიმებს ის ჰომოფობიური ფონი, რომლის გამოც მათ არც ოჯახების მხარდაჭერა აქვთ, არც სანათესაოსი.

სესილი ამბობს, რომ შემოსავლის გარეშე დარჩენილი ტრანსგენდერი ქალები კვლავ ერთმანეთის იმედად არიან და ცდილობენ მცირედი დანაზოგითა თუ ერთმანეთთან გადაცხოვრებით გაიტანონ თავი: “ჯერჯერობით მცირედი დანაზოგი გვაქვს, ერთმანეთს ვეხიდებით და გაგვაქვს თავი. მაგალითად, მე მარტო ვცხოვრობდი, ახლა კი ორნი ვცხოვრობთ, რომ მაქსიმალურად ცოტა იყოს ხარჯი, ზოგან სამნი ცხოვრობენ, მეგობრებმაც გამოგვიგზავნეს უცხოეთიდან ვინც არიან იქ, მაგრამ 1, 2 კვირაში არანაირი გარანტი არ გვაქვს, რომ მდგომარეობა დასტაბილურდება და ქუჩაში მოვახერხებთ გასვლას სამუშაოდ”.

მარიამ ქაჯაია ჰყვება, რომ თემის წევრების შევიწროების ფაქტები ბათუმშიც დაფიქსირდა: “აედევნენ სეირნობისას, ფიზიკურად ეხებოდნენ, უხამს შეთავაზებებს აკეთებდნენ გოგოების მისამართით.., თავდამსხმელებმა ჩათვალეს, რომ ისინი ლესბოსელები არიან. გოგოები გაერიდნენ მოძალადეებს, თუმცა პოლიციისთვის არ მიუმართავთ”.

რატომ ერიდებიან თემის წევრები პოლიციისთვის მიმართვას? – ამ კითხვის პასუხად მარიამ ქაჯაია რამდენიმე ფაქტორს ასახელებს:

“რაც უფრო მაღალია ძალადობის მოლოდინი და აწეულია აგრესიის დონე, მით მეტია შანსი, რომ პოლიციაშიც დაგხვდებიან მოძალადეები. ჩნდება იმის რისკიც, რომ სამართალდამცველმა უწყებამ დაგაქამინგაუთოს უნებურად და ეს უარესი პრობლემის წინაშე დაგაყენებს.

ასეთ მძიმე პერიოდებში უფრო მაღალია პოლიციის მხრიდან არაადეკვატურად სუსტი რეაგირების მოლოდინი, რომ სათანადოდ არ დაისჯება მოძალადე და მეორე დღეს კიდევ გადაეყრები სადმე. ეს მაშინ, როცა ვხედავთ, რომ მთავრობა არა თუ არ სჯის, არამედ თავად გეშავს ფაშისტურ ჯგუფებს.

სამწუხაროა, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს გარდა იმისა, რომ ისევ პოლიციას შევატყობინოთ საფრთხეების და უკვე ჩადენილი დანაშაულების შესახებ. ეს ერთადერთი გამოსავალია.

მაშინ, როდესაც 50-ზე მეტი ჟურნალისტია ნაცემი და სულ 20 კაცი დააკავეს, ანუ როცა ადეკვატური ზომები არ გატარებულა ძალადობის აღსაკვეთად, შიში და ტერორი არის პირველი, რაც  წარმოიშვა თემში. როცა ასე დაშინებული და დატერორებული ხარ, რა გასაკვირია, რომ დაცულობის გარანტიებს ეჭვის თვალით უყურებდე და უიმედოდ იყო.

ძალიან მეშინია, დღე და ღამე არ მძინავს, რომ სახლში ვინმე არ შემომივარდეს და არ მომკლას. ძალიან გამძაფრდა სიტუაცია. მე ბათუმში, ქუჩაში ჩვეულებრივად დავდიოდი, შემოხედვები იყო აქამდეც, მაგრამ შეურაცხყოფა მე არ მიგრძვნია უბრალო ხალხის მხრიდან. ეს არის კონკრეტული ჯგუფები, ვინც მუშაობს ჩვენზე, ვისაც ამუშავებენ ჩვენზე. რა თქმა უნდა, სახელმწიფოსგან მოდის ეს ყველაფერი” – ამბობს დადუ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: