მთავარი,სიახლეები

ვაქცინაციის მსურველთა რეგისტრაციის პორტალი ისევ შეფერხებით მუშაობს

04.07.2021
ვაქცინაციის მსურველთა რეგისტრაციის პორტალი ისევ შეფერხებით მუშაობს

ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალურ პორტალზე booking.moh.gov.ge-ზე „სინოფარმის“ ვაქცინით აცრის მსურველებს რეგისტრაცია დაიწყო, თუმცა შეფერხებებით.

დღეს, 4 ივლისს, საიტმა მუშაობა განაახლა, თუმცა შეფერხებებით. იმისათვის, რომ მოქალაქემ რეგისტრაცია გაიაროს, ხანგრძლივი ლოდინია საჭირო. თითოეული საფეხურის გავლას საშუალოდ 10-15 წუთი სჭირდება.

ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალური პორტალი გუშინ, 3 ივლისს, უნდა გახსნილიყო, მაგრამ მთელი დღის განმავლობაში საიტი არ მუშაობდა. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განმარტა, საიტზე კიბერშეტევა განხორციელდა, რის გამოც გაითიშა.

„24-საათიან რეჟიმში მუშაობს ტექნიკური ჯგუფი, გარკვეული ხარვეზები გამოსწორდა, თუმცა ბოლომდე ჯერჯერობით ყველა ხარვეზის გამოსწორება ვერ მოხერხდა. ამდენად, მუშაობა გრძელდება და როგორც კი დასრულდება აღდგენითი სამუშაოები, მოსახლეობა ამის შესახებ ინფორმაციას დაუყოვნებლივ მიიღებს. ჯერჯერობით ვერ მოხერხდა ხარვეზების აღმოფხვრა, ამდენად ღია სივრცეში რეგისტრაციის გახსნა არ ყოფილა აქამდე. როგორც კი დასრულდება ეს პროცესი, მოგახსენებთ. გუშინდელი ინფორმაციით, ტექნიკოსებმა რამდენიმე საათი მოითხოვეს იმისთვის, რომ ხარვეზი აღმოფხვრილიყო. როგორც ჩანს, დაზიანება მეტად კომპლექსური იყო, ვიდრე თავიდან ეს შეფასდა. ამდენად, ჩემთვის რთულია ზუსტი ვადების დასახელება, რამდენ ხანში აღმოიხვრება ხარვეზი,”-  თქვა ჟურნალისტებთან საუბრისას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

booking.moh.gov.ge-ზე შესულმა მოქალაქეებმა სპეციალური გრაფა უნდა შეავსონ, სადაც თავიანთ პირად მონაცემებს შეიყვანენ. მათ, ვისაც ინტერნეტზე ხელი არ მიუწვდებათ, შეუძლიათ სპეციალურ ნომერზე, 1522-ზე დარეკონ და ამ გზით დარეგისტრირდნენ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ გუშინ, 2 ივლისს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ COVID19 ჩინური წარმოების ვაქცინების – „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“  1 მილიონი დოზა შემოიტანეს საქართველოში.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ვაქცინის მისაღებად რეგისტრაცია დღეს, 3 ივლისს იწყება, ხოლო უშუალოდ ვაქცინაცია ორშაბათს, 5 ივლისს, დაიწყება. ცნობილია, რომ „სინოფარმის“ ვაქცინის მისაღებად რეგისტრაცია თავდაპირველად ორკვირიან პერიოდზე გაიხსნება. ორი კვირის შემდეგ კი შესაძლებელი გახდება „სინოვაკის“ ვაქცინაზე რეგისტრაციაც.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: