განათლება,მთავარი,სიახლეები

სკოლებში ისევ პრობლემაა რელიგიური ნეიტრალობის დაცვა – TDI

02.07.2021
სკოლებში ისევ პრობლემაა რელიგიური ნეიტრალობის დაცვა – TDI

არასამთავრობო ორგანიზაცია „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა“ 2020-2021 წლის რელიგიისა და რწმენის თავისუფლების ანგარიში გამოაქვეყნა.

ანგარიშის ერთ-ერთი კომპონენტი საჯარო სკოლებსაც შეეხება, სადაც საუბარია, რომ სკოლებში ისევ პრობლემად რჩება რელიგიური ნეიტრალობის დაცვის საკითხი.

„საჯარო სკოლებში რელიგიური ინდოქტრინაცია და პროზელიტიზმი დღემდე პრობლემად რჩება.

საჯარო სკოლებში ხშირია რელიგიური სიმბოლიკის არააკადემიური დანიშნულებით გამოფენის შემთხვევები.

რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები TDI-სთან საუბარში აცხადებენ, რომ სასწავლო დაწესებულებაში ასევე ხშირია მოსწავლეების რელიგიური ნიშნით დიფერენციაცია და შეურაცხმყოფელი ტერმინოლოგიის გამოყენება კონკრეტული რელიგიური ჯგუფების/კონფესიების მისამართით“ – წერს TDI.

ორგანიზაციის შეფასებით, რელიგიური ნეიტრალობის სავარაუდო დარღვევას ადგილი ჰქონდა სასწავლო პროცესში „სამშობლომცოდნეობის“ გაკვეთილების ინტეგრირებისას.

„2020 წელს გავრცელებული ინფორმაციით, სკოლები მოსწავლეებს „სამშობლოთმცოდნეობის“ ონლაინგაკვეთილებზე დასწრებას სთავაზობდნენ. გაკვეთილებს კონფესიური ხასიათი აქვს, აგებულია მართლმადიდებლურ რელიგიაზე და დატვირთულია დისკრიმინაციული შეხედულებებით და რელიგიური ინდოქტრინაციისა და პროზელიტიზმის გამოვლინებად შეიძლება ჩაითვალოს“, – წერს TDI, რომელიც ამ შემთხვევაში სახალხო დამცველის მონაცემებს ეყრდნობა.

ორგანიზაცია აქვე საუბრობს განათლების სამინისტროს პოზიციაზეც, რომლის მიხედვით, „აღნიშნული საგნის შესახებ ინფორმაცია სამინისტროში წარდგენილი არ ყოფილა. შესაბამისად, საგნის სწავლებაზე სამინისტრომ პასუხისმგებლობა მოიხსნა“.

„სამშობლოსმცოდნეობას“ არ აქვს სავალდებულო ან არჩევითი საგნის ფორმა. სამინისტრო ვერ განმარტავს, რა ფორმით ისწავლება საგანი, თუმცა აღნიშნავს, რომ სკოლას აქვს უფლება მოსწავლეებს სურვილის შემთხვევაში, დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურება სამინისტროსგან დამოუკიდებლად შესთავაზოს.

აღსანიშნავია, რომ დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურების ფარგლებში შეთავაზებული საგანიც უნდა შეესაბამებოდეს ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნებს, რომელიც ერთ-ერთ მთავარ მიზნად დღევანდელ ეთნიკურად და კულტურულად მრავალფეროვან სამყაროში ტოლერანტულად განწყობილი მოქალაქის აღზრდას ასახელებს. „სამშობლოსმცოდნეობის“ დისკრიმინაციული და კონფესიური შინაარსი აღნიშნულ მიზნებს ვერ პასუხობს“, – ამბობს TDI.

ორგანიზაციის ანგარიშში პოზიტიურად არის მოხსენიებული ახალი სახელმძღვანელოების რეცენზირების პროცესში ადამიანის უფლებების ექსპერტების ჩართვა.

„საჯარო სკოლაში არსებული გარემოს მსგავსად, სკოლის სახელმძღვანელოების ტექსტებიც უმეტესწილად დაწერილია ეთნიკური და რელიგიური უმრავლესობის პოზიციიდან.

ამიტომ მისასალმებელია, რომ 2019 წლიდან განათლების სამინისტრომ  სახალხო დამცველთან თანამშომლობით ყველა საგნის ახალი სასკოლო სახელმძღვანელოს გრიფირების პროცესში ადამიანის უფლებების ექსპერტებიც ჩართო. 2020 წელს შეფასდა და დამტკიცდა მე-8 კლასის სახელმძღვანელოები, 2021 წელს კი გრძელდება მე-9 კლასის სახელმძღვანელოების რეცენზირება“.

ადამიანის უფლებებისა და დისკრიმინაციის აკრძალვის კრიტერიუმი ითვალისწინებს სახელმძღვანელოების შინაარსის შეფასებას ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების კულტურის ასახვის კუთხითაც.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: