ბათუმი,მთავარი,სიახლეები

როგორ გადაიხდიან „ენერგო პროს“ აბონენტები დენის ფულს აგვისტოდან

23.06.2021 • 7161
როგორ გადაიხდიან „ენერგო პროს“ აბონენტები დენის ფულს აგვისტოდან

2021 წლის 1-ლი ივლისიდან ქვეყნის მასშტაბით [თბილისის გარდა], „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ნაცვლად დენის მომწოდებელი იქნება ახალი სააქციო საზოგადოება „ეპ ჯორჯია მიწოდება“, რომელიც „ენერგო-პრო ჯორჯიას“ შვილობილი კომპანიაა.

ვინ წაიკითხავს მრიცხველის ჩვენებებს ივნისის ბოლოს? შეიცვლება თუ არა დენის საფასურის გადახდის მექანიზმი მომხმარებლებისთვის? რა ფორმით უნდა გაფორმდეს ახალ კომპანიასთან ხელშეკრულებები? – ამ და სხვა კითხვებით „ბათუმელები“ „ენერგო-პრო ჯორჯიას“ დაუკავშირდა.

ვინ წაიკითხავს მრიცხველის ჩვენებებს

„მოხმარებული ელექტროენერგიის შესახებ ჩვენების აღებას – მრიცხველის წაკითხვას ყოველთვის უზრუნველყოფს ქსელის ოპერატორი, გამანაწილებელი კომპანია სს „ენერგო-პრო ჯორჯია“. უბრალოდ აგვისტოში, უკვე ივლისის თვეში მოხმარებული ელექტროენერგიის ქვითარს აბონენტები მიიღებენ სს „ეპ ჯორჯია მიწოდება“-სგან“ – მოგვწერეს „ენერგო-პროდან“.

ამასთან, კომპანიის ინფორმაციით, „მომხმარებელს ექნება საშუალება და არა ვალდებულება თავადაც წაიკითხოს ჩვენება და მიაწოდოს ორივე კომპანიას. თუმცა, საუბარია მხოლოდ ივნისის ჩვენებაზე.

შეიცვლება თუ არა გადახდის მექანიზმი და ანგარიშის ნომრები

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, „ანგარიშის ნომრები შეიცვლება აგვისტოში, ივლისის მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდისას. ამის შესახებ ინფორმაცია ასახული იქნება ქვითრებში. სწრაფი გადახდის აპარატებში კი, ავტომატურად შეცვლილი იქნება ანგარიშის ნომრები.“

ბათუმში დენის გადასახადზე მიბმულია სანდასუფთავების გადასახადიც და აქ იცვლება თუ არა რამე მომხმარებლისთვის? – კომპანიის განცხადებით, ის მხოლოდ ბილინგს აწარმოებს და აქაც „არაფერი შეიცვლება მომხმარებლისთვის. ვთქვათ, დასუფთავების გადაუხდელობის გამო, ელექტროენერგიის მიწოდება არც აქამდე ეზღუდებოდა და არც ახლა შეეზღუდება“.

როგორ გაფორმდება ხელშეკრულება ახალ კომპანიასთან

ყველა აბონენტმა ინდივიდუალურად უნდა გააფორმოს თუ არა ხელშეკრულება ახალ კომპანია „ეპ ჯორჯია მოწოდებასთან“? რა პერიოდში და დასჭირდებათ თუ არა აბონენტებს მისვლა კომპანიის ოფისში? როდის გვეცოდინება ახალი კომპანიის საკონტაქტო ინფორმაცია?

„საყოფაცხოვრებო აბონენტებისთვის მნიშვნელოვნად არაფერი იცვლება. სემეკთან შეთანხმებით, შემუშავდა სტანდარტული ხელშეკრულება, რომელიც აიტვირთება ჩვენს საიტზე, შესაბამისად, ხელშეკრულება მიმწოდებელსა და საყოფაცხოვრებო აბონენტს შორის ავტომატუტად დადებულად ჩაითვლება. იმუშავებს ორი ცხელი ხაზი, „ენერგო-პრო ჯორჯიასი“ –  0322471707, რომელიც ახლაც ფუნქციონირებს, ხოლო „ეპ ჯორჯია მოწოდების“ ცხელი ხაზის ნომერი მოგვიანებით გამოცხადდება. აბონენტს ორივეგან დარეკვა შეეძლება, სადაც გადაამისამართებენ შესაბამის ოპერატორთან. ჩვენი და ახალი კომპანიის ოფისი ჯერჯერობით იქნება იგივე [ანუ „ენერგო-პროს“ ოფისი]“ – მოგვწერეს „ენერგო-პრო ჯორჯიადან“.

სემეკის განმარტებით:

ელექტროენერგეტიკის სექტორში ე.წ. გარდამავალი პერიოდისთვის არის ცვლილებები, რომლებიც უნდა იცოდნენ ელექტროენერგიის მომხმარებლებმა:

  • ქ. თბილისში ელექტროენერგიის მომხმარებლებმა მიიღეს სმს შეტყობინებები, რომლის მიხედვითაც 30 ივნისის მდგომარეობით მოხმარებული ელექტროენერგიის ჩვენება მრიცხველზე სს “თელასს” უნდა მიაწოდონ სმს-ში მითითებული ბმულის საშუალებით. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლები სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ უზრუნველყოფენ 30 ივნისს სმს-ში მითითებულ ბმულზე მრიცხველის ჩვენების გაგზავნას კომპანიისთვის, ივნისში მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური დაერიცხებათ მათ მიერ საშუალოდ, დღიურად მოხმარებული ელექტროენერგიის შესაბამისად.

[პირველი ივლისიდან თბილისის შემთხვევაში, „თელასის“ ნაცვლად, ახალი მიმწოდებელი კომპანია იქნება მისივე შვილობილი შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია“ (თელმიკო)].

  • თუ  საყოფაცხოვრებო მომხმარებლებს ან მცირე საწარმოს წარდგენილი აქვთ დეპოზიტი სს „თელასისათვის“ ან „ენერგო-პრო ჯორჯიასათვის“, უფლებამოსილნი არიან მოითხოვონ თანხის უკან დაბრუნება საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით ან მიმწოდებლისთვის [თელმიკო, ეპ ჯორჯია მოწოდება] გადაცემა მათ [მომხმარებელი, მცირე საწარმო] ახალ სააბონენტო ბარათზე განსათავსებლად.
  • თუ მომხმარებლებს ან მცირე საწარმოს პირად ბარათზე აქვთ დადებითი ბალანსი, ისინი უფლებამოსილნი არიან, მოითხოვონ მისი მიმწოდებლისათვის [თელმიკო, ეპ ჯორჯია მიწოდება] გადაცემა ან საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვა.
  • „თელასი“ და „ენერგო-პრო ჯორჯია“ ვალდებულნი არიან უზრუნველყონ მომხმარებლის ინფორმირება დადებითი ბალანსის/დეპოზიტის არსებობის შესახებ მისი დაბრუნების ან მიმწოდებლისათვის [თელმიკო, ეპ ჯორჯია მიწოდება] გადაცემის უფლების მითითებით.
  • თუ მომხმარებლები წერილობით გამოხატავენ დეპოზიტის ან დადებითი ბალანსის მიმწოდებლისათვის გადაცემის ნებას, „თელასი“ და „ენერგო-პრო ჯორჯია“ უზრუნველყოფენ ბალანსის გადაცემას;
  • თუ მომხმარებლები მოითხოვენ თანხის დაბრუნებას – „თელასი“ და „ენერგო-პრო ჯორჯია“ უზრუნველყოფენ დეპოზიტზე განთავსებული თანხის მომხმარებლის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვას.
  • „თელასთან“ და „ენერგო-პრო ჯორჯიასთან“ არსებული განწილვადების ხელშეკრულების შემთხვევაში ვალდებულებები უცვლელად აისახება ქვითარში, რომელსაც მომხმარებელი მიიღებს შემდგომ პერიოდში „თელმიკოს“ ან „ეპ ჯორჯია მიწოდებისგან“. გადანაწილებულ თანხას მომხმარებელი იმავე პრინციპითა და ოდენობით გადაიხდის.

ენერგეტიკის სფეროში მიმდინარე რეფორმების მიუხედავად, როგორც სემეკში აცხადებენ, მომხმარებლებისთვის დენის ტარიფი არ შეიცვლება.

ამავე თემაზე ვრცლად ნახეთ ბმულზე:

რატომ ძვირდება დენი ქვეყანაში, ანუ როგორ იქცა საქართველო ბიტკოინების სამოთხედ 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: