მთავარი,სიახლეები • •

ფოთში თავისუფალი შეკრების ადგილი – „ლიმენა“ დახურვის საფრთხის წინაშეა

15.11.2026
ფოთში თავისუფალი შეკრების ადგილი – „ლიმენა“ დახურვის საფრთხის წინაშეა

კაფე „ლიმენა“ ფოთში დახურვის საფრთხის წინაშეა. ეს თავისუფალი სივრცეა, სადაც არ უშინდებიან პროტესტს და კრიტიკულ აზროვნებას. კულტურული თუ საგანმანათლებლო აქტივობებისთვის „ლიმენა“ გრანტს ვეღარ იღებს, ამიტომაც მას საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება.

მას აქეთ, რაც „ოცნების“ პარლამენტმა რუსული კანონი მიიღო, ჩვენი პარტნიორი ქვეყნებიდან გრანტის მიღების შესაძლებელი აღარ არის. „ლიმენა“ მხარდაჭერისთვის საზოგადოებას მიმართავს, იმისთვის, რომ ფოთში ეს თავისუფალი სივრცე გადარჩეს.

„განვახორციელეთ 200-ზე მეტი არაფორმალური განათლების აქტივობა, გამოფენა-გაყიდვა, ფესტივალი „ციალი“, ტრენინგი და ვორქშოპი. ​ვართ ღია დისკუსიების, კრიტიკული აზროვნების, დებატებისა და პროტესტის გამოხატვის ერთადერთი თავისუფალი ადგილი. ​ჩვენ არასდროს ვუშინდებოდით პროტესტის ხმამაღლა გამოხატვას. მრავალჯერ გამოგვივლია დაშინებისა და თავდასხმის მცდელობები, რომელთა მთავარი მიზანიც ჩვენი გაჩუმება იყო. მაგალითად, 2024 წლის ფიზიკური თავდასხმის დროს თავდამსხმელი სწორედ ამ მუქარას გვიმეორებდა: „მალე დაგხურავთ!“.

რთულ პერიოდებს დონორი ორგანიზაციების დახმარებით ვუმკლავდებოდით, თუმცა ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებულმა მოვლენებმა, რეპრესიებმა, ზეწოლამ, საგრანტო დაფინანსების ჩახშობამ და დამოუკიდებელი სივრცეების წინააღმდეგ მიმართულმა დაუსრულებელმა ბრძოლამ ყოველგვარი რესურსი გამოგვაცალა.

​დღეს „ლიმენა“ მარტივი საოპერაციო ხარჯების დაფარვასაც ვეღარ ახერხებს. საფრთხეშია შენობაც, რადგან იჯარის გადახდის შესაძლებლობა აღარ გვაქვს. მეპატრონეს ვთხოვეთ, გაზაფხულამდე გაენახევრებინა იჯარის თანხა, რაზეც კატეგორიული უარი მივიღეთ. თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, სივრცის 15 დღეში დაცლა მოითხოვა.

​შენობა, სადაც სივრცეა განთავსებული, ჩამოქცეული და მიტოვებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი იყო, როცა ჩავიბარეთ. მის აღსადგენად და ახალი ფუნქციის მისანიჭებლად უზარმაზარი შრომა გავწიეთ.

​„გადაარჩინე ლიმენა!“ ​სწორედ ამიტომ მივედით ჩვენთვის ყველაზე რთულ გადაწყვეტილებამდე და ვიწყებთ კამპანიას: „გადაარჩინე ლიმენა!“
​ჩვენი ბოლო იმედი ის ადამიანები ხართ, ვინც ერთხელ მაინც ყოფილხართ ჩვენთან, გისარგებლიათ თუნდაც ერთი სერვისით და გესმით ის იდეა და ღირებულებები, რასაც „ლიმენა“ ემსახურება,“ – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც „ლიმენა“ ავრცელებს.

„ლიმენას“ მხარდაჭერის მსურველებს შეგიძლიათ თანხის ჩარიცხვა მითითებულ ანგარიშზე: TBC ბანკი, GE65TB0400000001700001 მიმღები – ააიპ ადამიანის უფლებათა და სოციალური სამართლიანობის დაცვის კვლევის ცენტრი.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: