მთავარი,სიახლეები

როგორ აქცია მცენარეების სიყვარული შემოსავლის წყაროდ მუსიკის მასწავლებელმა

21.07.2022 • 3687
როგორ აქცია მცენარეების სიყვარული შემოსავლის წყაროდ მუსიკის მასწავლებელმა

„როცა დავქორწინდი, მეზობლები მოვიდნენ და ყვავილები მაჩუქეს. მე დავიწყე – ვაიმე, არ მიყვარს, არ მინდა-მეთქი“, – გვიყვება 43 წლის მადონა ჩადუნელი, მუსიკის მასწავლებელი, რომელიც უკვე 10 წელზე მეტია მეყვავილეობითაა დაკავებული, 30 სახეობის მცენარეს ამრავლებს და ჰყიდის.

მადონა ამბობს, რომ ზუსტად არასდროს დაუთვლია რამდენი მცენარეს ყიდის სეზონურად, თუმცა დაახლოებით 1000 ქოთნის მცენარის გაყიდვას მაინც უნდა ახერხებს.

მადონა ხელვაჩაურის სოფელ კირნათში ცხოვრობს. ის გვიყვება, რომ მცენარეები არასდროს უყვარდა, სანამ მეზობლის ნაჩუქარ ყვავილებზე არ დაიწყო ზრუნვა. მაშინ მიხვდა, რომ ეს საქმე შემოსავლის წყაროდაც შეეძლო ექცია. ამ დროს მადონა უმუშევარი იყო, მცირეწლოვან შვილებს ზრდიდა.

ის გვიყვება, რომ ყვავილების გამრავლება თანდათან, მეზობლების მოტანილი მცენარეებით დაიწყო.

„ძალიან შემიყვარდა მცენარეები, მათთან ურთიერთობა მამშვიდებს, ჰარმონიას, ძალ-ღონეს მმატებს. ხანდახან ვესაუბრები მცენარეებს, მათთან ურთიერთობა შვებაა.

მცენარეებსაც სჭირდებათ მოვლა, მზრუნველობა, მოფერება, წყალი. ადამიანმა უნდა გაითვალისწინოს, რომ მცენარეს მხოლოდ ჩარგვა არ ჰყოფნის. ზოგჯერ, თუ მოიწყინა, ვიტამინებიც სჭირდება“, – ამბობს მადონა.

მადონა ჩადუნელის მცენარეები

მისი აზრით მცენარეზე ზრუნვა პასუხისმგებლობაა. თავდაპირველად მცენარეების მოვლაზე ინტერნეტში ეძებდა ინფორმაციას, გამოცდილ ადამიანებს ეკითხებოდა რჩევებს და უამრავ ექსპერიმენტს ატარებდა იმის გამოსარკვევად, თუ რა აჯობებდა ამა თუ იმ მცენარისთვის.

იგი გვიყვება, რომ მისი მცენარეებით კმაყოფილი მყიდველების ყოლა ბედნიერს ხდის და ყველაზე მეტად ახარებს მოსმენა – „შენგან წაღებული მცენარე ჩემთან კარგად არის“, „გაიზარდა“, „კარგი ფესვი ჰქონდა“.

მადონა გვეუბნება, რომ გული სწყდება, თუ მისი მცენარე მყიდველს გაუჭკნება და ცდილობს, მომდევნო მცენარე უკვე კი არ მიჰყიდოს, არამედ აჩუქოს.

მადონა კირნათში კორპუსში, ბინაში ცხოვრობს. როცა მცენარეების გამრავლება დაიწყო, სახლის საერთო ეზოში პატარა ბოსტანი ყვავილების ბაღად გააკეთა.

მისი თქმით, დასაწყისში ძირითადად ყინვაგამძლე ყვავილებს ამრავლებდა, თუმცა, მოგვიანებით სხვა მცენარეებითაც დაინტერესდა.

მადონას სათბური ჯერჯერობით არ აქვს.

„ზამთარში, ის მცენარეები, რომელთაც სითბო, ოთახი და ფანჯარა უნდათ, ამომაქვს [ბინაში].

ზოგს ფანჯრის რაფებზე, მაგიდაზე ვაწყობ. ზოგს მისაღებში ვალაგებ; დაბლა [ბინაში] არ ცხოვრობს მეზობელი, ნაკლებად სიცივე რომელ მცენარესაც უყვარს, იქ ვაწყობ, ფანჯრებზე; ყინვაგამძლეებს ბოსტანში ვტოვებ და აი, ასე ვწვალობ. სათბური რომ მქონდეს, უფრო მეტად გავფართოვდებოდი, ალბათ“ – გვეუბნება ის.

მადონა ჩადუნელის მცენარეები

მადონა თავის მცენარეებს ინტერნეტით ან გადამყიდველებზე ყიდის. მისი თქმით, როცა მცენარეების ფოტოებს სოციალურ ქსელში, სხვადასხვა ჯგუფში დებს, მათ შეძენის სურვილს საქართველოს თითქმის ყველა კუთხიდან გამოთქვამენ, თუმცა მადონა მათთვის მცენარეების გაგზავნას ვერ ახერხებს და მისი მომხმარებლები ძირითადად ბათუმიდან არიან.

„როცა ინტერნეტით ვყიდი, ბევრი მცენარე უნდათ ერთდროულად. მაგალითად, 9-10 ყვავილი. მძიმეა ქოთნები, მიწა. მცენარეები „მარშუტკით“ მიმაქვს  ბათუმში, პლაზასთან ვჩერდები [ჭავჭავაძის ქუჩაზე] და ვეუბნები მსურველებს, მოვიდნენ, იქიდან წაიღონ. ეს ყველაფერი შრომატევადი და დამღლელია. ამიტომ მირჩევნია ნაკლებ ფასში მივყიდო გადამყიდველებს. ისინი ამოდიან მანქანებით და მიაქვთ ყვავილები“, – ამბობს მადონა.

მადონას თქმით, მისი გამოყვანილი ნერგებისა და მცენარეების ფასი 2 ლარიდან იწყება და 20 ლარამდე ადის. ძირითადად ნერგებს და ეზოს ყვავილებს – 5 ლარად, მოზრდილ მცენარეებს – 10 ლარად, შედარებით მოზრდილ მცენარეებს კი 15-20 ლარად ყიდის.

მადონა სკოლაში მუსიკას ასწავლის, მუშაობს ბაღშიც.

ყვავილების მოვლაში შვილი ეხმარება. როგორც მადონასგან ვიგებთ, მიუხედავად იმისა, რომ სოფელში ცხოვრობს, მიწის, სასუქის მიტანა უწევთ.

მადონას დაკვირვებით, ძირითადი მოთხოვნა ყვავილოვან მცენარეებზეა, ჩინურ ვარდებზე და ა.შ., თუმცა მას ისეთი დეკორატიული მცენარეებიც ძალიან მოსწონს, როგორიცაა მარადმწვანე სურო და სხვა.

მეყვავილე გვიყვება, რომ მცენარეები გამრავლების სამუშაოები ძირითადად თებერვალში იწყება: „ზოგს გადაჭრა და წყალში ჩაწყობა სჭირდება, რომ დაფესვიანდეს, ზოგს – პირდაპირ გადარგვა, ზოგი უნდა დაითესოს“.

მადონას თქმით, მცენარეების გახარებისა და გაყიდვისთვის ყველაზე კარგი სამი თვე – ივნისი, ივლისი და აგვისტოა.

მადონა ჩადუნელის მცენარეები

გადაბეჭდვის წესი


ასევე: