საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას წარდგინება. სასამართლომ მიიჩნია, რომ პროპორციული სასჯელია, თუ მცირე რაოდენობით მარიხუანის აღმოჩენის შემთხვევაში ადამიანს 3 ან 5 წლის ვადით ჩამოერთმევა რიგი უფლებები, მათ შორის, მართვის უფლება.
ამ საქმეზე პლენუმმა იმსჯელა, თუმცა მას არ დაეთანხმა ორი მოსამართლე: გიორგი კვერენჩხილაძე და თეიმურაზ ტუღუში. მათ განსხვავებული აზრი აქვთ, თუმცა ის ჯერ საკონსტიტუციო სასამართლოს ოფიციალურ გვერდზე არ გამოქვეყნებულა.
„როცა ადამიანს მცირე ოდენობით [ერთი-ორი გრამი] უნახავენ მარიხუანას სახლში, არ აქვს მოხმარების ნიშნები და ვთქვათ ადამიანი ტაქსაობს, სახლში უნახეს 3 გრამი მარიხუანა, მას 3 წლით ერთმევა მართვის უფლება, ერთმევა ასევე სხვა უფლებები 5 წლით და ადამიანი რჩება შემოსავლის გარეშე… ეს იგივეა, 20 ლიტრი ღვინო რომ გინახონ სახლში და გითხრან, შენ შეიძლება ეს ღვინო დალიო, დაჯდე საჭესთან, ამიტომ მართვის უფლებას ახლა ჩამოგართმევთო,“ – აღნიშნა მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ „ბათუმელებთან“ 2025 წლის დეკემბერში, როცა მან წარდგინებით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს.
თუ რომელიმე მოსამართლე მიიჩნევს, რომ კონკრეტული სამართლებრივი ნორმა ბუნდოვანია, ან ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, მას შეუძლია საქმის განხილვა შეაჩეროს და საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს. საქმისწარმოების განახლება ამ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.
გადაწყევტილებას მხარი დაუჭირეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა: რევაზ ნადარაიამ [თავმჯდომარე], ვასილ როინიშვილმა, მანანა კობახიძემ, გიორგი თევდორაშვილმა, ევა გოცირიძემ.
- ვლადიმერ ხუჭუა 2021 წლის ივნისიდან არის თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე წალკის მუნიციპალიტეტში. ეს ის ერთადერთი მოსამართლეა, რომელმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დააკმაყოფილა სარჩელი საარჩევნო უბნების ბათილად ცნობაზე. საქმე გაჟონილ ბიულეტენებსა და ხმების ფარულობის დარღვევას ეხებოდა.
ამ მოსამართლემ რეპრესიულ სამართლებრივ ნორმაზეც მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს – ვლადიმერ ხუჭუას ერთ-ერთი ასეთი წარდგინება ჯარიმების გადაუხდელობის გამო პირის აუცილებელ დაპატიმრებას ეხება. მოსამართლე მიიჩნევდა, რომ არაკონსტიტუციურია კანონის ახალი ჩანაწერი, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლომ ეს წარდგინება საერთოდ განუხილველი დატოვა.
- რას ეხებოდა წარდგინება კონკრეტულად?
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო სხვადასხვა პირის მიმართ განიხილავდა საქმეებს, რომელიც ეხებოდა მცენარე კანაფის ან მარიხუანის მცირე ოდენობით უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, ან/და გადაგზავნა – ჩადენის ფაქტებს.
თუკი მოსამართლე მიიჩნევს, რომ პასუხისგებაში მიცემული პირი სამართალდამრღვევია, ჯარიმის 500 ლარის შეფარდების გარდა, მას მოსამართლემ უნდა ჩამოართვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება 3 წლის ვადით, ხოლო პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, საჯარო სამსახურში საქმიანობის, ისევე როგორც, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლებები – 5 წლის ვადით.
„მიუხედავად იმისა, რომ გასაჩივრებული ნორმები, უდავოდ, მნიშვნელოვანი ლეგიტიმური მიზნების მიღწევას უწყობს ხელს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შედეგად, ერთი მხრივ, საზოგადოებრივი ინტერესებისათვის, ხოლო, მეორე მხრივ, სამართალდამრღვევი პირისათვის მიყენებულ ზიანს შორის არსებობს მკვეთრი დისპროპორცია.
კონსტიტუციური წარდგინებების თანახმად, ღონისძიების არაპროპორციულობა აშკარად ჩანს აკრძალული ქმედების სიმძიმესა (5 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის ან მცენარე კანაფის შეძენა, შენახვა) და მის საპასუხოდ დადგენილი სასჯელის ურთიერთმიმართების ფონზე, იმის გათვალისწინებით, რომ აბსოლუტურად განსაზღვრული სასჯელის პირობებში, მოსამართლე მოკლებულია მისი ინდივიდუალიზაციის შესაძლებლობას.
შედეგად, არ რჩება სივრცე, შეფასდეს სამართალდამრღვევი პირის ინდივიდუალური გარემოებები, ისევე, როგორც, სადავო ნორმებით მოაზრებული ლეგიტიმური მიზნების შესაძლო მიღწევადობა უფლებების უფრო ნაკლები ვადით ჩამორთმევის შემთხვევაში,“ – აღნიშნული იყო წარდგინებაში.
„საკონსტიტუციო სასამართლო ადასტურებს, რომ კონსტიტუციის კონსტიტუციის მე-9 მუხლში, რომელიც, მათ შორის, არაადამიანურ და დამამცირებელ სასჯელს კრძალავს, სიტყვას – „სასჯელი“- გააჩნია ავტონომიური მნიშვნელობა და იგი არ შემოიფარგლება ამ სიტყვის მნიშვნელობით სისხლის სამართლის კოდექსის გაგებით. აქედან გამომდინარე, სადავო ღონისძიებები ყველა შემთხვევაში კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე შეფასებადია და სამართლებრივი სანქციის რომელიმე კატეგორიისადმი მათი მიკუთვნების საჭიროება წარდგინებაში დაყენებული საკითხების გადაწყვეტის მიზნებისათვის არ დგას,“ – აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
რაც შეეხება მართვის უფლების შეზღუდვას, საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს:
„…კავშირი სამართალდარღვევასა და მართვის უფლების შეზღუდვას შორის არ განისაზღვრება იმით, მართავდა თუ არა პირი კონკრეტულ მომენტში სატრანსპორტო საშუალებას ნარკოტიკული თრობის ქვეშ. უფლების სავალდებულო წესით [ამ შემთხვევაში მართვის უფლების] შეზღუდვა რაციონალურ კავშირშია იმ საფრთხესთან, რომლის პრევენციასაც ემსახურება კანონმდებელი, რადგან ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო ფლობა და მისი ბრუნვის უზრუნველყოფა ზრდის რეალურ შესაძლებლობას, რომ ასეთი ნივთიერება გამოყენებული იქნება, მათ შორის, ისეთ ვითარებაში, როგორიცაა სატრანსპორტო საშუალების მართვა.
აქედან გამომდინარე, კანონმდებელი უფლებამოსილია, აღნიშნული ქმედებები განიხილოს იმგვარ ფაქტორად, რომელიც ზრდის საზოგადოებრივი უსაფრთხოებისათვის არსებულ რისკს და ამართლებს შესაბამისი რეგულაციის დაწესებას. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო ღონისძიება – მართვის უფლების 3 წლით ჩამორთმევა – რაციონალურ ურთიერთკავშირშია დასახულ ლეგიტიმურ მიზანთან…
საკონსტიტუციო სასამართლო ასკვნის, რომ, მართალია, გამოყენებული ღონისძიებები გარკვეულწილად აშორებს სამართალდარღვევის ჩამდენ პირს სოციალური ცხოვრების სხვადასხვა სფეროს, დროებით ზღუდავს მისი თვითრეალიზაციის, თავისუფალი განვითარების, პროფესიული საქმიანობისა თუ სოციალური აქტივობის შესაძლებლობებს, თუმცა, აცილებული საფრთხისა და პოტენციური ზიანის სიმძიმის გათვალისწინებით, სადავო ნორმებით დადგენილი უფლებების სავალდებულო, აბსოლუტურად განსაზღვრული ვადით ჩამორთმევა, არ შეიძლება ჩაითვალოს ადამიანის ღირსების შემლახველად, მისდამი არაადამიანურ ან/და დამამცირებელ სასჯელად მაშასადამე, აშკარად არაპროპორციულ სანქციად საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის გაგებით.“ – აღნიშნულია გადაწყვეტილებაში.
ამ თემაზე:
მოსამართლემ მოქალაქე არ დასაჯა და საკონსტიტუციოს მიმართა – „არაკონსტიტუციურია“





