მთავარი,სიახლეები

„ძმამ მითხრა, ქონება ბიჭისააო და ჩემს სახლში ვეღარ შევდივარ“ – 75 წლის ქალი 9 წელია სამართალს ეძებს

10.03.2024 • 5382
„ძმამ მითხრა, ქონება ბიჭისააო და ჩემს სახლში ვეღარ შევდივარ“ – 75 წლის ქალი 9 წელია სამართალს ეძებს

„ძმამ მითხრა, ქონება მარტო ბიჭს ეკუთვნისო და ჩემზე ფიზიკურად რამდენჯერმე იძალადა, სახლში ვეღარ შევდივარ,“ – ამბობს 75 წლის ლიანა გიორბელიძე. სმენადაქვეითებულ, მარტოხელა ქალს აღარ სურს დაბრუნდეს სახლში, რომლის ერთ-ერთი მესაკუთრეც [50%] თავადაა. სახლი ბაგრატიონის ქუჩაზეა და იგი საზიაროა ძმასთან.

ლიანა გიორბელიძე ქონების თანაბრად გაყოფას ითხოვს და ამბობს, რომ მოძალადე ძმასთან ცხოვრება აღარ სურს.

დაპირისპირება და-ძმას შორის მას შემდეგ დაწყებულა, როცა ლიანა გიორბელიძემ სასამართლოს მიმართა და ჩუქების ხელშეკრულება გაბათილდა – სადავო ხელშეკრულებით ლიანა გიორბელიძე თავის უფროს ძმას ჩუქნიდა თავისი ქონების ნაწილს.

„მამამ ანდერძით სახლი ჩვენს უფროს და-ძმას დაუტოვა,“ – გვიყვება ლიანა გიორბელიძე. – „უფროსმა დამ მე დამითმო ქონება, უფროსმა ძმამ – უმცროს ძმას. შემდეგ ძმებმა ჩათვალეს, რომ ქონება მხოლოდ ბიჭებს ერგებათ. გადაწყვიტეს, რომ მუქარით და მოტყუებით ჩაეგდოთ ხელში მთელი სამემკვიდრეო ქონება“, – ამბობს ლიანა გიორბელიძე. მან სასამართლოში დაადასტურა, რომ მისი რეალური ნება არ იყო, ძმისთვის ეჩუქებინა ქონება.

ადვოკატი დავით დიდმანიძე განმარტავს, რომ ჩუქების ხელშეკრულების ბათილად მიჩნევის და ქონების დაბრუნების შემდეგ ექსპერტიზამ დაწერა დასკვნა, რომ უძრავი ქონების გასაყოფად საჭიროა ქონება აუქციონის გზით გაიყიდოს და მესაკუთრეებმა თავისი წილის შესაბამისად მიიღონ თანხა.

„პრობლემა ისაა, რომ საზიარო უფლების გაუქმებაზე გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს. როდის განიხილავს სასამართლო ამას, როცა ვიცით, ის როგორი გადატვირთულია?

სასამართლოს გასული წლის შემოდგომაზე მივმართეთ, საქმე მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძეს აწერია, მაგრამ სხდომა ამ დრომდე არ ჩანიშნულა, მაისამდე მინიმუმ ვერ დავნიშნავთო, არადა, „სტამბოლის კონვენციის“ მიხედვით, მსგავსი შემთხვევები დაუყოვნებლივ უნდა განიხილოს სასამართლომ. კანონი ამისთვის 2-თვიან ვადას ადგენს, რაც დიდი ხანია გავიდა,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ადვოკატი დავით დიდმანიძე.

ქონების აუქციონის გზით გასხვისების წინააღმდეგი არც მოპასუხეა. მოპასუხესთან დაკავშირება ვერ მოხერხდა, თუმცა მისი ადვოკატი, თეო ჭუმბურიძე ამბობს, რომ უძრავი ქონების 50/50-ზე გაყოფა აღარ იქნება სამართლიანი, რადგან ლიანა გიორბელიძის ძმამ შესაბამისი ნებართვების საფუძველზე სახლზე ფართობი მიაშენა.

„რამდენჯერმე იძალადეს ჩემზე,“ – გვითხრა ლიანა გიორბელიძემ. საინტერესო მის საქმეში ისაა, რომ ძალადობის შემთხვევებზე გამოცემულია შესაბამისი ორდერები, რასაც მოსამართლე როინ კახიძე დაეყრდნო, როცა ჩუქების ხელშეკრულება ბათილად მიიჩნია. თუმცა ძალადობის მუხლით დაწყებული სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის შემდეგ, ბრალდებული გამართლდა.

„ა.-მ ყელზე ხელის მოჭერითა და ხელების გადაგრეხით, ასევე ფეხის დარტყმით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის დას, ლიანა გიორბელიძეს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია,“ – ეწერა პროკურატურის ერთ-ერთ დადგენილებაში. ეს ჩანაწერი მოსამართლე როინ კახიძის მიერ 2021 წელს მიღებულ გადაწყვეტილებაში ვნახეთ, სადაც ლიანა გიორბელიძის მიერ ხელმოწერილი ჩუქების ხელშეკრულება ბათილად გამოცხადდა.

სასამართლოსთვის ჩვენება მიუცია ლიანა გიორბელიძის უფროს დას, ნაზიკო გიორბელიძეს. მას უთქვამს, დამ დამირეკა და შველა მთხოვა, ძმები სიკვდილით მემუქრებიან, სახლიდან მაგდებენ და შეურაცხყოფას მაყენებენო.

ლიანა გიორბელიძემ ასევე გვითხრა, რომ უსაფრთხოების გარანტიები რომც მიიღოს, სახლის იმ ნაწილში, სადაც თვითონ ცხოვრობდა, არც შუქია და არც გათბობა, აღარც კარი იხურება.

„სასამართლომ მიიჩნია, რომ გ. და ა. გიორბელიძეების მხრიდან დის მიმართ ოჯახური ძალადობის ფაქტი, ეკონომიკური ძალადობის სახით, ერთმნიშვნელოვნად დადგენილია. მოპასუხე არ უარყოფს, რომ მართლაც დაზიანებულია ლიანა გიორბელიძის საცხოვრებელი ფართობის კარების საკეტი, გაზის და ელექტროენერგიის გაყვანილობა, მაგრამ ეს მათ არ ჩაუდენიათ.

სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას იმის შესახებ, რომ ქონების გაჩუქების შემდეგ მოსარჩელე მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში აღმოჩნდა,“ – წერს მოსამართლე როინ კახიძე.

სასამართლოს ლიანა გიორბელიძის კიდევ ერთი სარჩელი დაუკმაყოფილებია: მატერიალური ზიანის ანაზღაურებისთვის ძმებს 4284 ლარის გადახდა დაეკისრათ. სააღსრულებო ფურცელი კი, 2024 წლის 14 თებერვალს გაიცა. ქალმა დავა ზიანის ანაზღაურებაზე მას შემდეგ დაიწყო, როცა სახლიდან საკუთარი ნივთების გამოტანა სცადა და ამბობს, რომ ძმებმა ნივთები დაუზიანეს.

ადვოკატი თეო ჭუმბურიძე ამბობს, რომ ძალადობის შესახებ ინფორმაცია არ აქვს, ლიანა გიორბელიძეს კი, არავინ უზღუდავს თავის სახლში ცხოვრებას. ადვოკატი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ ლიანა გიორბელიძე ცალკე აბონენტად არის რეგისტრირებული,  შესაბამისად ელექტროენერგიის და გაზის პრობლემაც არ არსებობს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: