მთავარი,სიახლეები

ათასობით ქალი ემიგრაციაშია, რათა ოჯახები არჩინონ – გაერო ქალთა დღეს ეხმიანება

08.03.2024 • 3423
ათასობით ქალი ემიგრაციაშია, რათა ოჯახები არჩინონ – გაერო ქალთა დღეს ეხმიანება

„გაზარდე ინვესტიციები ქალებისთვის, დააჩქარე პროგრესი“ – ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაეროს ქალთა ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

„ახლა, როდესაც მსოფლიო არაერთი კრიზისის წინაშე დგას, გენდერული თანასწორობის მიღწევა კიდევ უფრო გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს. ბოლო ათწლეულების პროგრესის მიუხედავად, სრული თანასწორობის მიღწევა კვლავაც შორეული პერსპექტივაა. თუ პროგრესი ამჟამინდელი ტემპით გაგრძელდება, გლობალურ დონეზე სრული სამართლებრივი თანასწორობის მიღწევას შეიძლება, 300 წელი დასჭირდეს“ – ნათქვამია განცხადებაში.

ამავე განაცხადების მიხედვით, საქართველოში ქალები აუნაზღაურებელი ზრუნვის საქმეს 5-ჯერ უფრო მეტ დროს უთმობენ, ვიდრე კაცები.

„ეს ნაკლებ დროს უტოვებს ქალებს პროფესიული წარმატების მიღწევისა და საჯარო თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვისთვის.

ეკონომიკური აქტივობის მიხედვით, ქალთა მაჩვენებელი (41.5%) კაცებისას (64%) მნიშვნელოვნად ჩამორჩება.

25-34 წლის ქალების თითქმის ნახევარი არ მუშაობს, ათასობით ქალი ემიგრაციაში წავიდა, რათა ფულადი გზავნილებით ოჯახები არჩინონ, ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობა ადამიანის უფლებების ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ დარღვევად რჩება და ქალების ხმა ხშირად არ ისმის პოლიტიკის შექმნის პროცესში თუ გადაწყვეტილების მიღების დროს“ – ნათქვამია განცხადებაში.

ქალთა ორგანიზაციები აცხადებენ, რომ სავალდებულო საარჩევნო გენდერული კვოტების დანერგვის მიუხედავად, ქალებმა საპარლამენტო მანდატების მხოლოდ ერთი მეხუთედისა და საკრებულოს მანდატების ერთი მეოთხედის მოპოვება შეძლეს.

„საქართველოში ქალი კანდიდატების 54 პროცენტს განუცდია ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური ან სექსუალური ძალადობა თუ შევიწროება საკუთარი საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, ან პოლიტიკური კარიერის განმავლობაში.

ეკონომიკის ყველა სექტორში ქალთა ჩართულობის ხელშეწყობისთვის, ქალებისა და გოგოების მიმართ დისკრიმინაციისა და ძალადობის ყველა ფორმის აღმოფხვრისთვის კი საჯარო და კერძო სექტორებიდან ინვესტირებაა საჭირო.

ყველა ქალისთვის ღირსეული სამუშაოს უზრუნველყოფით, რაშიც დასაქმების დროს გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის აღმოფხვრაც მოიაზრება, ასევე, სამართლიანი ანაზღაურებითა და ქალების ჩრდილოვანი ეკონომიკიდან ფორმალურ დასაქმებაში გადმოყვანით, შესაძლებელი გახდებოდა როგორც საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვანი ზრდა, ასევე ქალებისა და მათი ოჯახების სიღარიბიდან გამოყვანა.

ამავდროულად, მეტი მხარდაჭერაა საჭირო იძულებით გადაადგილებული ქალების მიმართ, რომლებმაც დიდი გამძლეობა გამოიჩინეს და ლიდერების როლები შეითავსეს თავიანთ თემებში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად“ – ნათქვამის განცხადებაში.

ამავე განცხადებაში ვკითხულობთ, რომ გადაუდებელ საჭიროებას წარმოადგენს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა პოლიტიკაში ჩართული ქალების მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად, ასევე, „ბრძოლის გააქტიურება ქალი პოლიტიკოსებისა და საარჩევნო პროცესებში მომუშავე ქალების მიმართ სექსისტური სიძულვილის ენის წინააღმდეგ.

ჩვენ, ასევე, მხარი უნდა დავუჭიროთ ქალთა უფლებადამცველ ორგანიზაციებს, რომლებიც სტერეოტიპებს ებრძვიან და ძალისხმევას არ იშურებენ, რომ ქალებისა და გოგოების ხმა უფრო მეტად ისმოდეს“.

აღნიშნულ განცხადებას აქვეყნებენ გაერთიანებული ერების ორგანიზაცია საქართველოში, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში და
საქართველოში არსებული უცხო ქვეყნის საელჩოები.

_______________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: