მთავარი,სიახლეები

მკითხველმა 10 301 ლარი გადმოურიცხა 85 წლის ქალს, რომელიც ქუჩაში მოწყალებას ითხოვდა

29.03.2021 • 5685
მკითხველმა 10 301 ლარი გადმოურიცხა 85 წლის ქალს, რომელიც ქუჩაში მოწყალებას ითხოვდა

ბათუმში, კერძო სახლის ნაქირავებ პატარა ოთახში, რომელშიც 85 წლის ტანია გორგილაძე 20 წელზე მეტია ცხოვრობს, ახლა ღუმელი ანთია და თბილა. ტანია მოწყალების სათხოვნელად აღარ დადის მას შემდეგ, რაც „ბათუმელებმა“ გამოაქვეყნა სტატია მის ცხოვრებაზე.

ასობით ადამიანმა გადაწყვიტა დახმარებოდა ტანია გორგილაძეს და მისი ცხოვრება მართლაც შეიცვალა უკეთესობისკენ.

ახლა 85 წლის ქალს უკვე აღარ სძინავს ძველ, ჩამტვრეულ ტახტზე; ძველი, დალაქავებული კედლები და იატაკი გაახლდა და ტანია აღარც შეშას იზოგავს გასათბობად.

350-ზე მეტმა ადამიანმა გადმორიცხა თანხა „ბათუმელების“ პარტნიორი ორგანიზაციის, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ანგარიშზე 85 წლის ქალის დასახმარებლად. სულ შეგროვდა 10 301 ლარი. თანხას ძირითადად რიცხავდნენ კერძო პირები, იყო რამდენიმე გადმორიცხვა ორგანიზაციიდანაც.

იყო ათობით შემთხვევა, როცა ადამიანები რიცხავდნენ 3 ლარს, 1 ლარს, 50 თეთრს და ცდილობდნენ ასე დახმარებოდნენ ტანია გორგილაძეს. არაერთი გადმორიცხვა შესრულდა საკრედიტო ბარათიდან.

თანხის შეგროვების დაწყებისთანავე „ბათუმელებმა“ გადაწყვიტა თავად ტანია გორგილაძისთვის ეკითხა, რა ტიპის დახმარება ესაჭიროებოდა მას. 85 წლის ქალმა ჩამოგვითვალა ის საჭიროებები, რაშიც მას დახმარება სურდა.

ეს იყო: შვილის ვალის გადახდა, ტელევიზორი, მაცივარი, საწოლი, შეშა, ოთახის რემონტი და მედიკამენტები.

ერთი თვის განმავლობაში „ბათუმელები“ თანმიმდევრულად ცდილობდა ტანია გორგილაძის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას.

მკითხველების დახმარებით, ოთახში, სადაც ტანია გორგილაძე წლებია ცხოვრობს, კედლებზე და ჭერზე ახალი შპალერი გაიკრა, იატაკზე დაიგო ლინოლეუმი, გამოიცვალა მოძველებული და საშიში ელექტროგაყვანილობა, შეიცვალა სახლის კარი; გამოიცვალა ოთახში შესასვლელი ჩამტვრეული კიბე; მკითხველების დახმარებით შევიძინეთ შეშა; ტელევიზორი; ორთოპედიული საწოლი; კარადა; საბანი; ლეიბი, თბილი პლედები და პირველადი საჭიროების ნივთები; მაცივარი და საკვები პროდუქტი კი ტანია გორგილაძეს „ლიბერთი ბანკმა“ გადასცა საჩუქრად.

შეშა, ახალი კარი და ქვის კიბე ჩამტვრეული კიბის ნაცვლად

ძველი კიბე და კარი

ყველაზე მნიშვნელოვანი, რაშიც ტანია გორგილაძეს სურდა დახმარება და რამაც ის აიძულა ქუჩაში მოწყალება ეთხოვა, შვილის ვალის დაფარვაში დახმარება იყო. ტანია გორგილაძის 59 წლის შვილი, მამუკა, ორიოდე წლის წინ ავარიაში მოხდა სესხით გამოტანილი ავტომანქანით. ტანიას თხოვნა სწორედ ამ ვალის დაფარვაში დახმარებას ეხებოდა.

რადგან ეს ქალისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი იყო, მკითხველების დახმარებით დაიფარა სოლიდური თანხა, ტანიას შვილის ვალის ნაწილი, რომელიც მას ბანკში, ავტოლიზინგით ჰქონდა გამოტანილი.

ტანია გორგილაძის თხოვნით, დაიფარა მისი შვილის ვალი ბანკში

კიდევ ერთი თხოვნა უკავშირდებოდა მედიკამენტების შეძენას. ტანია გორგილაძემ ოჯახის ექიმის დანიშნულებით მიიღო კარდიოლოგის, ქირურგისა და ალერგოლოგის კონსულტაცია, მას ჩაუტარდა შესაბამისი კვლევები და დაენიშნა მკურნალობის კურსი. ექიმების მიერ დანიშნული ყველა მედიკამენტი და ინჰალაციის აპარატი ასევე მკითხველების დახმარებით იქნა შეძენილი.

მედიკამენტები

გარდა შემოსული თანხისა, ჩვენთვის ცნობილია, რომ სტატიის მკითხველები თავისი ინიციატივითაც დაეხმარნენ ტანია გორგილაძეს. ერთ-ერთი ბანკის თანამშრომლებმა დაფარეს მისი პენსიით გამოტანილი ვალი – 387 ლარი, ასევე, მას საჩუქრად გადასცეს ახალი მაგიდა და სამზარეულოს კარადა; არაერთი კერძო პირი ტანია გორგილაძეს საკვები პროდუქტით დაეხმარა.

„ლიბერთი“ ბანკის მიერ საჩუქრად გადაცემული მაცივარი და მკითხველის საჩუქარი – სამზარეულოს კარადა

ტანიას ოთახი ძველად

განსაკუთრებული დახმარება გაუწია მას მეზობლად მცხოვრებმა ოჯახმა, რომელიც თავადაც სოციალურად დაუცველია. ნატო მოხუცს დაეხმარა სახლის დალაგებაში, ნივთების მოწესრიგებასა და გადარჩევაში.

ტანია გორგილაძეს შესთავაზეს მოხუცთა თავშესაფარში გადასვლაც, რაზეც მან უარი განაცხადა.

კითხვაზე, რა შეიცვალა მისთვის სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, 85 წლის ტანია ამბობს, რომ ბევრი რამ. „თურმე როგორ ვყვარებივარ ხალხსო“ – გვეუბნება და დასძენს: „დიდი მადლობა, ვინც გულთან მიიტანა ჩემი გაჭირვების ამბავი“.

ნახეთ ვიდეო: 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: