მთავარი,სიახლეები

რაზე კამათობდნენ საუკუნის წინ პირველი კონსტიტუციის მიღებისას

08.02.2021 • 1701
რაზე კამათობდნენ საუკუნის წინ პირველი კონსტიტუციის მიღებისას

„…მე 1000 წლებით წინ ვერ გავიხედავ, სულ დიდი 100 წლის გათვალისწინება შეგვიძლია და იქაც კი იქნება უმრავლესობა და უმცირესობა, დღეს ამის არსებობა აუცილებელია ეკონომიკური მიზეზების გამო, მაგრამ მომავალშიც იქნება უმცირესობა და უმრავლესობა სხვადასხვა საკითხების გადაწყვეტის დროს, სხვა ნიადაგზე, ამიტომ იქაც იქნება კრატია, უმრავლესობის ბატონობა,“ – ამ სიტყვებით სოციალისტ-ფედერალისტმა იოსებ ბარათაშვილმა 1921 წელს დამფუძნებელ კრებას მიმართა.

100 წლის წინ – 1921 წლის 21 თებერვალს – საქართველოს პირველი კონსტიტუცია მიიღეს. დისკუსიები კონსტიტუციის მიღებამდე აქტიურად იმართებოდა, რასაც იმდროინდელი პრესა აშუქებდა. მაგალითად, ეს კონკრეტული დისკუსია „ერთობის“ 1921 წლის 2 თებერვლის გამოცემაში ვიპოვეთ. პრესაში ადამიანები ეცნობოდნენ იმას, თუ რას როგორ განიხილავდა დამფუძნებელი კრება პირველი კონსტიტუციის მიღებამდე. პრესაში სხვადასხვა პოლიტიკური პარტია ადამიანებს ასევე კონსტიტუციის საკუთარ ვერსიას სთავაზობდა.

„ბარათაშვილი ამბობს: რათ არ მივცეთ ხალხს უფლება ნელ-ნელა, ევოლუციურად შესცვალოს მმართველობის ფორმაო, მაგრამ რით უნდა შეიცვალოს? შეცვლა შეიძლება მხოლოდ შინაარსის შეცვლით…“ – აღნიშნულია „ერთობის“ ერთ-ერთ რეპორტაჟში დამფუძნებელი კრების მორიგი სხდომის შესახებ. გამოცემებში პოლიტიკური კუთვნილების შესაბამისად სხვადასხვა სპიკერსა და მის შეხედულებებზე მეტი აქცენტი კეთდებოდა, თუმცა ნებისმიერი პერიოდიკიდან ჩანს დამფუძნებელი კრების მცდელობა, დამყარდეს ქვეყანაში სოციალური დემოკრატია.

დისკუსიები საქართველოს პირველ კონსტიტუციაზე 1920 წლის მეორე ნახევრიდან გაჩაღებულა. 1920 წლის 10 დეკემბრის „საქართველოს რესპუბლიკაში“ ვკითხულობთ:

„ლეო შენგელია: აღნიშნავს კონსტიტუციის მიღების დიდ ისტორიულ მნიშვნელობას და ამბობს: დღეს ჩვენს წინაშე არის „ტაბულა რაზა“ [სუფთა ფიცარი], რომელზედაც უნდა დაიწეროს არა მარტო ის, რაც ფაქტიურად არის, როგორც ეს ჟორდანიამ სთქვა, არამედ ისიც, რაც უნდა იყოს მშრომელი კლასების სასარგებლოდ, ვინაიდან ფაქტიურად ბევრი მინუსებია…“ – ვკითხულობთ საუკუნის წინ გამოცემულ გაზეთში.

ამ ძველი გამოცემის ფურცლებზე ნახავთ იმასაც, რომ დეკემბრის იმ დღეს სხვა ორატორებიც გამოსულან მშრომელთა უფლებების დაცვის სურვილით. გამოცემა თითოეულ ასეთ გამომსვლელს ორატორს უწოდებს. მაგალითად, ორატორსამსონ დადიანს გაფიცვის ჩანაწერი გაუპროტესტებია კონსტიტუციის პროექტში.

„კონსტიტუციის პროექტში გაფიცვების შესახებ ნათქვამია, რომ ის ნებადართულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფოს ინტერესებს არ ეწინააღმდეგებაო. ჩვენ ამ მუხლის ამ სახით მიღების წინააღმდეგი ვართ. თუ ეს ასე დარჩა, მაშინ შესაძლებელია ყოველგვარი გაფიცვა სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ მიმართ დაისახოს და გაფიცვა საერთოდ შეუძლებელი გახდეს…“ – უთქვამს სამსონ დადიანს.

1921 წლის კონსტიტუციის 38-ე მუხლში საბოლოოდ ასე ჩაუწერიათ: „მუშათა გაფიცვა თავისუფალია“.

ამ საკითხზე სხდომაზე რეპლიკა ჰქონია ლეო შენგელიასაც.

„…შემდეგ ორატორი აღნიშნავს, რომ ნ. ჟორდანიამ კონსტიტუცია ტანისამოსს შეადარაო და თუ ეს ასეა, განაგრძობს ის, თუ კონსტიტუცია მართლა ტანისამოსია, მაშინ, ცხადია, შეუძლია ადამანმა შეიკეროს ისეთი ტანისამოსი, რომელიც მუდმივად გამოადგეს მას“, – აღნიშნა ლეო შენგელიამ.

დისკუსიის თემა ყოფილა კონსტიტუციის პროექტის შემდეგი ჩანაწერიც: „მუდმივი და უცვლელი ფორმა პოლიტიკური წყობილებისა არის დემოკრატიული რესპუბლიკა“.

„იოსებ ბარათაშვილის აზრით, სიტყვა მუდმივი არ უნდა დარჩეს კონსტიტუციაში, რადგანაც ამით ხალხს ერთმევა უფლება პოლიტიკური ფორმის შეცვლისო…“ – წერდა „ერთობა“.

საუკუნისწინანდელ „საქართველოში“ შეგვხვდა ეს ჩანაწერიც:

„დიდი კამათი გამოიწვია მუხლმა დემოკრატიული რესპუბლიკის მუდმივობის და უცვლელობის შესახებ. ყველა ამბობს: დემოკრატიული რესპუბლიკა კარგია, მაგრამ მუდმივათ მისი გამოცხადება არ ვარგაო. დადიანმა სთქვა – ყველაფერი იცვლება, მაგრამ ეს საკითხი არის პირველად ყოვლისა ბრძოლის საკითხი, ნაყოფი პოლიტიკურ პარტიებს შორის არსებულ ბრძოლისა. გამარჯვებული პარტიები სცდილობენ უფლებრივადაც – განამტკიცონ გამარჯვება. საფრანგეთში მაგალითად, მხოლოდ ერთმა ხმამ გადასწყვიტა რესპუბლიკის ბედი და შემდეგ იწყო ამ რესპუბლიკამ მომაგრება. რესპუბლიკალენელები გამაგრდნენ, მაგრამ, მიუხედავათ ამისა, შეიტანეს მუხლი რესპუბლიკის ფორმის შეუცვლელობის შესახებ…“.

შეკრების მონაწილეებს აღარ სჯერათ, რომ მონარქია შესაძლოა დაბრუნდეს. „თუ მონარქიამ გაიმარჯვა, მაშინ ის სულყველანაირ კონსტიტუციას დაგიფხრეწს“, – წერია გამოცემა „საქართველოს“ 1920 წლის დეკემბრის ნომერში.

„ერთობა“ უმრავლესობაში მყოფი სოციალ-დემოკრატების მხარდამჭერი გამოცემა იყო. აქ ნახავდით სხვა პოლიტიკური სუბიექტების მიერ შემუშავებული კონსტიტუციის პროექტების კრიტიკასაც, მაგალითად:

„ესერების პროექტი ორჭოფობით არის სავსე. მათ გადაჭრით უნდა სთქვან – რომელ გზას ადგანან – დემოკრატიის თუ დიქტატურის. ისინი ერთსაც იღებენ და მეორესაც, ეს კი მიუღებელია…“, – ვკითხულობთ „ერთობის“ თებერვლის გამოცემაში.

დამფუძნებელ კრებაში მსჯელობდნენ იმაზე, თუ რა ფორმით უნდა მიეღოთ კონსტიტუცია. ერთ-ერთი ვერსიით, კონსტიტუციის მისაღებად რეფერენდუმი უნდა მოეწყოთ. პავლე საყვარელიძე კი მიიჩნევდა, რომ კონსტიტუცია დამფუძნებელთა კრებას უნდა მიეღო, რადგან ხალხმა ნდობა ამ ორგანოს გამოუცხადა.

„წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მხოლოდ თათბირი გვქონია და სხვა არაფერი, რომელმაც უნდა შეადგინოს პროექტი,“ – დასძენდა იგი.

გაზეთ „საქართველოს“ 1920 წლის 29 დეკემბრის ნომრის მიხედვით ვიგებთ, რომ ერთ-ერთი ორატორი თავმჯდომარესაც შეკამათებია. დავის საგანი საგარეო პოლიტიკა გახდა.

„…„შემდეგ ორატორი [ლეო შენგელია] ეხება საგარეო პოლიტიკას და ამბობს: არსად არ არის ისეთი საიდუმლო დიპლომატია, როგორიც ჩვენში, მტრებმა იციან, ჩვენ კი არაფერი ვიცით… და ორატორმა მოითხოვა მთავრობის გადადგომა და სთქვა: თუ გინდათ, ნამდვილი სოციალისტები…“ – რეპორტაჟის მიხედვით ამ სიტყვებმა დარბაზში „დიდი ხმაურობა“ გამოიწვია და სხდომის თავმჯდომარემ გააფრთხილა ორატორი, იგივე გამოთქმები აღარ გაემეორებინა, თორემ სიტყვას წაართმევდა.

„…ხმაურობა გრძელდება, ორატორი ტრიბუნიდან ჩამოდის,“ – სრულდება რეპორტაჟი.

„ცხოვრება ქმნის ერთგვარს პირობებს, რომ ხალხი იყოს მუდამ ფხიზელი,“ – ასკვნის აკაკი ჩხენკელი, რომელსაც  დამფუძნებელი კრებისთვის 1920 წლის 19 დეკემბრის სხდომაზე მიუმართავს. გამოცემა „საქართველოს რესპუბლიკის“ 1920 წლის 21 დეკემბრის ფურცლებზე ვკითხულობთ:

„…დეპუტატ გვაზავას ნამეტანი დიდი წარმოდგენა აქვს იურიდიულ ნორმებზე, ბოლოს და ბოლოს ყველაფრის მეკარნახე და მბრძანებელი თვით ცხოვრებაა. მართალია, ჩვენ არ გამოგვადგება შვეიცარული მთავრობა მოხელეთა, ჩვენ გვჭირია პოლიტიკური მთავრობა, მაგრამ ნუ დაივიწყებთ, ცხოვრება იქა და აქ სხვადასხვაა, აქედან თვით ჩვენი ცხოვრება ქმნის ერთგვარ პირობებს, რომ ხალხი იყოს მუდამ ფხიზელი, მუდამ ცოცხალი, მუდამ მტკიცე პოლიტიკურად და მთავრობაც ამ პირობებში უაღრესად პოლიტიკური იქნება,“ – უთქვამს აკაკი ჩხენკელს.

ამ თემაზე:

რა ჩაწერეს 100 წლის წინ პირველ კონსტიტუციაში, რომელიც ბათუმში დაიბეჭდა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: