მთავარი,სიახლეები

„არსებობს პირადი ანგარება, პროექტში კორუფციაა“ – შოთა გუჯაბიძე ბულვარში 16 სართულის აშენებაზე

23.01.2021 • 2452
„არსებობს პირადი ანგარება, პროექტში კორუფციაა“ – შოთა გუჯაბიძე ბულვარში 16 სართულის აშენებაზე

დღეს, 23 იანვარს, ბათუმის ბულვარის და ძველი ბათუმის დამცველებმა კოლონადებთან საპროტესტო აქცია გამართეს, სლოგანით – „ბათუმი ისევ ჩვენი დასაცავია“.

ამჟამად ბათუმის ისტორიული ბულვარი 16-სართულიანი მშენებლობისგან უნდა დაიცვან მოქალაქეებმა, რომლის მშენებლობასაც კომპანია „ამბასადორ ბათუმი“ გეგმავს. ამ კომპანიას, არჩევნების შემდეგ 16-სართულიანი მშენებლობის უფლება გასცა ნებართვა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ.

რატომ მოხდა ასე?

„ამ ყველაფერს ქურდული ჟარგონით რომ ვთქვათ, ჰქვია „პაძელნიკები“, აქ სხვა ტერმინის გამოყენება არ შეიძლება, რადგან ამ ხელისუფლებას კრიმინალური ტერმინოლოგია უფრო ესმის. ისევე როგორც „ნაციონალები“, ასევე „ოცნება“ ერთი და იგივე ხალხია, ისევე არ არის მათში განსხვავება, როგორც პარტია და ლენინი.

თუკი წინა ხელისუფლებამ დანაშაული ჩაიდინა და გაასხვისა ცენტრალურ ბულვარში ტერიტორია, ახალი იმიტომ ავირჩიეთ, რომ პასუხი აგებინოს ამაზე. ამის ნაცვლად, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორმა ისეთი უნიჭო, ამაზრზენი  სპექტაკლი გაითამაშა, რომ რეჟისორი ვარ, ბევრი რამე მაქვს ნანახი, მაგრამ ახვლედიანზე ყალბი არსება ჯერ არ მინახავს, მხოლოდ სააგენტოს დირექტორებში შეიძლება მოიძიო“, – ამბობს საზოგადოება „ბათომის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, რეჟისორი შოთა გუჯაბიძე.

კითხვაზე, თუ რა აიძულებს ახვლედიანს ან საბჭოს 5 წევრს მხარი დაუჭირონ ისეთ პროექტს, რაზეც თვითონ ამბობენ, რომ შეცდომაა, შოთა გუჯაბიძე რამდენიმე ასპექტს გამოყოფს: „ჯერ ერთი ის, რომ ეს ადამიანები მედროვები არიან და მათთვის მარადიული ღირებულებები არ არსებობს. მეორე ის, რომ არსებობს პირადი ანგარებაც. აშკარაა, რომ ამ პროექტის საკითხში კორუფციაა და ამას სამართლიანი გამოძიება ადვილად დაადასტურებს. ამ ქალაქის მტერი მხოლოდ ის ხუთი ადამიანი კი არ არის, ვინც ნებართვას ხელი მოაწერა, ესენი უბრალოდ წვრილმანი ადამიანები არიან, რომელზეც უმჯობესია რომ გადატყდეს ჯოხი.

ამას იმიტომ თანხმდებიან, რომ პატარა ადამიანები არიან. არც არანაირი წინააღმდეგობა გაუწევიათ, რადგან ღირებულებები არ გააჩნიათ, არ ადარდებთ ქალაქის ისტორია და კულტურა. სამაგიეროდ, ბევრი რამ შეიძლება ამით მოიხვეჭონ, ერთგულება დაუმტკიცონ ხელისუფლებას და პირადი სარგებელიც ნახონ“, – ამბობს გუჯაბიძე.

მისი აზრით, ბათუმის და, ზოგადად, აჭარის რეგიონის მიმართ „ოცნების“ ხელისუფლებას განსაკუთრებული სიძულვილი აქვს, რაც საკადრო პოლიტიკაში ჩანს.

„ყოველთვის ისეთ ადამიანებს ნიშნავენ ხოლმე, რომელიც ძალიან შორს არის ცოდნისგან, კულტურისგან და რაციონალიზმისგან. აბსოლუტურად უავტორიტეტოა, რაღაც პერიოდი დასცინის ხოლმე ხალხი და მერე აღარც კი დასცინის.

მაგალითად, თორნიკე რიჟვაძემ ჯერ უკან დაიხია და საჯაროდ თქვა, რომ ბულვარში, ამ ადგილზე არ აშენდებოდა ეს შენობა, შემდეგ კი ნებართვა გაიცა მშენებლობაზე. არც გამკვირვებია, რადგან მის სიტყვას ფასი არ აქვს“, – ამბობს შოთა გუჯაბიძე.

მას მიაჩნია, რომ ქალაქის ბედს ყოველთვის მოქალაქეები წყვეტენ და ამის არაერთი მაგალითია.

„ზუსტად ათი წლის წინ, აქ ვიდექით, როცა ბულვარში ცდილობდნენ შენობების ჩადგმას, მაგრამ მძლავრი პროტესტის ფონზე ეს ვეღარ შეძლეს, ახლაც აქ ვდგავართ. ბულვარი განსაკუთრებულია ამ ქალაქისთვის და არამარტო დაიხევს ხელისუფლება უკან, ამისთვის პასუხიც უნდა აგონ იმ ადამიანებმა, ვინც ამ მშენებლობას ხელი აუწია. სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ გამარჯობა არ ვუთხრათ საბჭოს წევრებსო, მაგრამ არა მგონია კაკო ძნელაძეს ანაღვლებდეს ვინმე თუ არ მიესალმება. მან პასუხი უნდა აგოს სამართლებრივად, რადგან კანონი დაარღვია და რაღაც ზედმეტი აიღო თავისთავზე“.

___

ამავე თემაზე

არ ვეთანხმები, მაგრამ მხარი დავუჭირე – ვინ დათანხმდა ბულვარში 16 სართულის აშენებას

გადაბეჭდვის წესი


ასევე: