მთავარი,სიახლეები

მინისტრი არ ესწრება საჩივრის განხილვას, რომლითაც ბულვარში 16-სართულის აშენებას აპროტესტებენ

17.03.2021
მინისტრი არ ესწრება საჩივრის განხილვას, რომლითაც ბულვარში 16-სართულის აშენებას აპროტესტებენ

დღეს, 17 მარტს, აჭარის განათლების სამინისტროში „ბათომისა“ და EMC- ის ადმინისტრაციული  საჩივრის ზეპირი მოსმენა მიმდინარეობს. ორგანიზაციები ბათუმის ბულვარში კომპანია „ამბასადორის“ 16-სართულიანი კომპლექსის მშენებლობის ნებართვის კანონიერების შესწავლას ითხოვენ.

სხდომას არ ესწრება აჭარის განათლების მინისტრი მაია ხაჯიშვილი, საქმეს განიხილავს სამინისტროს იურისტი თამარ სირია.

საჩივრის განხილვამდე „ბათომი“ და EMC-ი მშენებლობის შეჩერებასაც ითხოვდნენ, ვიდრე არ დადგინდებოდა ნებართვის კანონთან შესაბამისობა, თუმცა განათლების მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა ასეთი გადაწყვეტილება არ მიიღო იმ მოტივით, რომ მშენებელი კომპანია ფინანსურად დაზარალდებოდა.

მინისტრმა მიიჩნია, რომ ასეთი გადაწყვეტილებით კიდევ უფრო დამძიმდებოდა პანდემიით გამოწვეული სოციალური ფონი რეგიონში – სამსახურს დაკარგავდნენ ამ მშენებლობაზე დასაქმებულები.

მინისტრმა ზუსტად ისე დაასაბუთა თავისი გადაწყვეტილება, როგორც ეს თავის წერილობით განმარტებაში „ამბასადორი ბათუმს“ ჰქონდა.

იგივე პოზიცია აქვს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს [თავისი წერილობითი განმარტება მინისტრს ამ უწყებამაც წარუდგინა]  სააგენტოში მიიჩნევენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნა უსაფუძვლოა და ის არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ნახეთ პირდაპირი ჩართვა სხდომიდან:


_____________________

„ამბასადორი“ ბულვარში 16-სართულიან სასტუმროს და ბალნეოლოგიურ ცენტრს აშენებს. ამ მასშტაბის მშენებლობაზე თანხმობა უკვე განაცხადა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ზაურ ახვლედიანმა.

ბათუმის ბულვარში 16-სართულიანი მშენებლობის წინააღმდეგ არაერთი აქცია გაიმართა, მშენებლობის წინააღმდეგ შეგროვდა 5000-ზე მეტი ხელმოწერა.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი [EMC], საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ბათომის“ სახელით, ბათუმის ბულვარში 16-სართულიანი სასტუმროსა და ბალნეოლოგიური ცენტრის მშენებლობაზე გაცემულ ნებართვას ასაჩივრებს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: