"ბათუმელების“ არქივიდან,მთავარი,სიახლეები

კორუბკინების საქმე

30.08.2010 • 2502
კორუბკინების  საქმე

საცხოვრებელი სახლი და ნაკვეთი, რომელზეც ციტრუსი იყო გაშენებული ბათუმის მერიამ ეკეტერინე და ლუბა კორუბკინებს პრეზიდენტის თანხმობითა და ექსპროპრეაციის წესით, ანუ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებიდან გამომდინარე ჩამოართვა. აუცილებელ საჭიროებად მაშინ მერია შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე გამავალი გზის აეროპორტის გზატკეცილთან მიერთებას ასახელებდა.

მერიის პროექტი წარმატებით განხორციელდა, თუმცა იმ ადგილზე სადაც კორუბკინების სახლი იდგა, გზა არგასულა, ის მხოლოდ ბულვარის შემადგენელ ნაწილად იქცა, კანონი კი ბულვარის გაშენებითვის ქონების ჩამორთმევას არ ითვალისწინებს.

კორუბკინა თავისი სახლის ნანგრევებთან

სახლის დანგრევის შემდეგ ეკატერინე კორუბკინამ სასამართლოს მიმართა, მას შემდეგ რაც მისი სარჩელის განხილვაზე საქართველოში არსებულმა ყველა ინსტანციამ უარი თქვა დაზრალებულმა საქმის გაგრძელება ევროპის უფლებათა სასამართლოს მიანდო, კორუბკინების ოჯახი საქართველოს სახელმწიფოს საკუთრების ხელყოფისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის გარდა, წამებისა და არადამიანური მოპყრობისთვის უჩივის. სარჩელი სტრასბურგის სასამართლომ წარმოებაში უკვე მიიღო.

კორუბკინების ოჯახის გარდა ბულვარის გაგრძელებისა და ახალი გზის მშენებლობისთვის, კომპენსაციის სანაცვლოდ საკუთრების დათმობის თაობაზე, მერიამ მოლაპარაკება სულ 101 ოჯახთან აწარმოა. აქედან 39 ოჯახს ექსპროპრიაცია შეეხო, ანუ მათ ქონება ჩამოართვეს. კორუბკინებისგან განსხვავებით ამ ოჯახებთან მერიამ შეთანხმება მოახერხა, თითოეულ ოჯახს კვადრატულ მეტრზე 67 ლარი და იმდენივე კვ/მ ფართი მისცეს, რაც მაც მათ ქონების ჩამორთმევამდე გააჩნდათ. მათი უმრავლესობა ადლიის სანაპირო ზოლზე ძირითადად ბარაკის ტიპის სახლებში ცხოვრობდა, რაც შეეხება კორუბკინებს, მათ ორსართულიანი კაპიტალური ნაგებობის სახლი და ნაკვეთი ჩამოერთვათ. მერიამ მათაც იგივე პირობებით შესთავაზა მორიგება, რაზეც კორუბკინები არ დათანხმდნენ. „ბათუმელებთან“ საუბარში ისინი მიიჩნევდნენ, რომ შეთავაზება მათი ქონების ღირებულების ადეკვატური არ იყო.

პროექტი, რომლის განხორციელებასაც კორუბკინების გარდა კიდევ 33 ოჯახის საკუთრებამ შეუშალა ხელი ხიმშიაშვილის ქუჩის აეროპორტის გზადკეცილთან შეერთებას ითვალისწინებდა, რასთან დაკავშირებითაც ბათუმის მერიამ ქონების ჩამორთმევაზე თანხმობა ჯერ საქართველოს პრეზიდენტისგან შემდეგ კი სასამართლოსგან მიიღო, ამ პროცედურის გავლის შემდეგ კანონი მერიას მესაკუთრესთან მოლაპარაკებასა და კომპენსაციის თაობაზე შეთანხმებას ავალდებულებდა. ეკატერინე კორუბკინას მამაპაპისეული სახლი ბათუმის მერიამ საკუთრებად 2010 წლის თებერვალში ისე დაირეგისტრირა, რომ მესაკუთრესთან, მსგავსი შეთანხმება არც წერილობით და არც სიტყვიერად მიღწეული არ ყოფილა. 2010 წლის ზაფხულში კი მერიამ კორუბკინების სახლის დანგრევის ბრძანება გასცა, რაც მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ეკატერინე კორუბკინას 71 წლის დის ლუბა კორუბკინას თვალწინ აღასრულა, სახლის დანგრევის პროცესს ადგილზე ამ სამსახურის მაშინდელი ხელმძღვანელი დავით დავითაძე ხელმძღვანელობდა.

71 წლის ლუბა კორუბკინა სახლის დანგრევის შემდეგ საცხოვრებლად დასთან ეკატერინე კორუბკინასთან გადასვლას არ დასთანხმდა, ის ღამეებს სახლის ნანგრევებთან სახელდახელოდ გამართულ ჰამაკში ათენებდა. სახლის დანგრევიდან თვენახევარში კი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარსდა და გარდაიცვალა. ოჯახის ადვოკატის ირაკლი შავაძის თქმით ლუბა კორუბკინას ახლობლები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებას საკუთრების წართმევას და სახლის დანგრევის გამო მიღებულ სტრესს უკავშირებენ, რის გამოც კორუბკინები საკუთრების ხელყოფის გარდა სახელმწიფოს წამებისა და არადამიანური მოპყრობისათვისაც უჩივიან. „ვიდეო კადრებში ჩანს, როგორ გამოიყურებოდა და როგორი ჯანმრთელი იყო ის ქალბატონი, ვიდრე მას თვალწინ დაუნგრიეს მამაპაპისეული სახლი სადაც მთელი ცხოვრება გაატარა.“ ამბობს ოჯახის ადვოკატი ირაკლი შავაძე. ლუბა კორუბკინას საკუთარი ოჯახი არ ქონია, ის მთელი ცხოვრება მამაპაპისეულ სახლში ცხოვრობდა.

კანონი ექსპროპრიაციის შესახებ, რომლითაც ბათუმის მერიამ კორუბკინებითვის ქონების ჩამორთმევისას იხელმძღვანელა, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის ქონების ჩამორთმევას ითვალისწინებს, მასში კონკრეტულად არის განსაზღვრული რა სამუშაოების წარმოებისას არის შესაძლებელი ამ კანონით ქონების ჩამორთმევა, ჩამონათვალში მითითებულია საავტომობილო გზის მშენებლობაც, რასაც ბათუმის მერია კორუბკინებისათვის ქონების ჩამორმევის აუცილებლობას ასაბუთებდა, შერიფ ხიმშიაშვილის გზის გაგრძელების მშენებლობა დასრულდა, თუმცა ადგილის სადაც კორუბკინების სახლი იდგა გზა არ გასულა, იმ ადგილას ბულვარი გაშენდა, ბულვარის გაშენებისთვის კი კანონი ქონების ჩამორთმავას არ ითვალისწინებს.

როცა სახელმწიფოს ასე სჭირდება – კორუბკინების საქმე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: