Batumelebi | „შეიძლება ახალ წელსაც აქ შევხვდეთ“ – აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობის სახლთან „შეიძლება ახალ წელსაც აქ შევხვდეთ“ – აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობის სახლთან – Batumelebi
RU | GE  

„შეიძლება ახალ წელსაც აქ შევხვდეთ“ – აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობის სახლთან

პროტესტის დაწყებიდან 33-ე დღეს აჭარის მთავრობის სახლთან შეკრებილები აცხადებენ, რომ არ დაიშლებიან ვიდრე შედეგს არ  მიაღწევენ. აქციის მონაწილეების თქმით არჩევნები გაყალბდა, „ჩვენ მათ  ხმები მოგვპარეს“, ამიტომაც მთავრობა დათმობაზე უნდა წავიდეს.

„ჩვენ შეიძლება ახალ წელსაც აქ შევხვდეთ“ – განაცხადა დღეს, 6 დეკემბერს, აქციაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მირდატ ქამადაძემ.

აქცია აჭარის მთავრობის სახლთან / 6.12.2020

აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია უკვე ერთ თვეზე მეტია მიმდინარეობს, პირველი აქცია არჩევნების შედეგების გაბათილების მოთხოვნით ბათუმში 2 ნომებერს გაიმართა, 8 ნოემბრიდან კი აქცია აჭარის მთავრობის სახლთან უწყვეტად მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეების ნაწილი კი აქ ღამესაც ათენებს. აქცია ამ დრომდე ძირითად მშვიდობიანია, თუმცა იყო შემთხვევები როცა აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის ფიზიკურ დაპირისპირებასაც ჰქონდა ადგილი, რის შემდეგაც დააკავეს და დააჯარიმეს აქციის რამდენიმე მონაწილე, ერთ-ერთ დაკავებულს კი შვიდდღიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

აქციაზე დაპირისპირების მთავარი მიზეზი გახდს ჰელიუმის ბუშტების გაშვება, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის სამუშაო კაბინეტის ფანჯრების მიმართულებით.

აჭარის მთავრობის სახლთან მუშაობს  სიმბოლური სავაჭრო ჯიხური და კაფე „იმოქმედე“, რომელიც აქციის ორგანიზატორებმა უსამსახუროდ დარჩენილი ადამიანებისთვის განათავსეს:

„ადამიანები დარჩნენ უმუშევრები. ჩვენ ვთავაზობთ  მოიტანონ სუვენირები, ტანსაცმელი და გაყიდონ…“ – აქციის ორგანიზატორები აქ გარემოვაჭრეებსაც ეპატიჟებიან. ამ დროისთვის კი, ძირითადად, მხოლოდ ყავას და ტკბილეულს ყიდიან.

აქცია აჭარის მთავრობის სახლთან / 6.12.2020

აქ სიმბოლური ნაძვის ხეც დადგეს, რომელზეც იმ პროდუქტების ფასები განათავსეს, რომლებიც ბოლო დროს გაძვირდა. ამ ნაძვის ხესთან დღეს ფოტოებს იღებდნენ.

აქცია აჭარის მთავრობის სახლთან / 6.12.2020

დღესვე აქციის მონაწილეებმა დააანონსეს, რომ ორ დღეში ადგილიდან ფეისბუქგადაცემას დაიწყებენ, რომელსაც სხვადასხვა წამყვანი ეყოლება.

„ამ გადაცემაში რეგიონში მიმდინარე პრობლემებს განვიხილავთ“ – გვითხრა რეზო ხარაზმა. მისივე თქმით, გადაცემა ლაივში ფეისბუქის რემდენიმე გვერდზე გავა, მათ შორის გვერდზე – „თავისუფალი კვარტალი“.

აქცია აჭარის მთავრობის სახლთან / 6.12.2020

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი