მთავარი,სიახლეები

მოქალაქე უმაღლეს საბჭოსთან 10 დღეა შიმშილობს – აქციით არც ერთი დეპუტატი არ დაინტერესებულა

25.11.2020
მოქალაქე უმაღლეს საბჭოსთან 10 დღეა შიმშილობს – აქციით არც ერთი დეპუტატი არ დაინტერესებულა

დღეს, 25 ნოემბერს  მეათე დღეა, რაც ბათუმში, აჭარის უმაღლეს საბჭოსთან მოქალაქე ედნარ  ბაგრატიონი შიმშილობს. გუშინ ის ცუდად გახდა და ექიმის დახმარება დასჭირდა, სასწრაფო დახმარების ბრიგადა ერთი საათის დაგვიანებით მივიდა, თუმცა დახმარება გაუწიეს და დღეს თავს უკეთ გრძნობს.

ედნარ ბაგრატიონი არჩევნების შედეგებს აპროტესტებს და აცხადებს, რომ „ახალ პარტიებს საქართველოში შანსს არ აძლევენ“, ამიტომაც დღეს პოლიტიკურ ამინდს ძირითადად ორი პარტია – „ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ქმნის, სოციალური ფონი კი უცვლელი რჩება.

ედნარ ბაგრატიონის მოთხოვნები აჭარის მთავრობის სახლის წინ შეკრებილი ოპოზიციური პარტიებისა და მათი მომხრეების მოთხოვნების იდენტურია, თუმცა ის ოპოზიციის აქციას არ შეუერთდა და კარავი აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობის მიმდებარედ გაშალა პროტესტის დასაფიქსირებლად.

აქცია აჭარის უმაღლეს საბჭოსთან

ახალდაფუძნებული პარტია „სახე +“ აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობდა, როგორც პროპორციული, ასევე მაჟორიტარული წესით. ედნარ ბაგრატიონის თქმით, პარტიამ ზოგ საარჩევნო უბანში ბევრი ხმა მიიღო ზოგიერთში კი – არცერთი:

„ამიტომაც გვინდოდა ჩვენი დამკვირვებლების მიერ წამოღებული და ოლქში არსებული ოქმები შეგვედარებინა ერთმანეთისთვის, თუმცა არ მოგვწოდეს.

ჩვენ ვთვლით, რომ როგორც ახალდაფუძნებულ პარტიას, ერთი ადამიანის შეყვანა მაინც შეგვეძლო.

მე პირადად რამდენიმე კომპანიის დისტრიბუციის ქსელში მაქვს ნამუშევარი, მყავს დიდი სანაცნობო, ასევე ჩემი  პარტიის წევრებმა, თავიანთი ნათესავების ჩართულობით იმუშავეს.  მე ვთქვი, რომ თუ ოქმებს არ მოგვაწოდებდნენ, დავიწყებდი შიმშილობას.“

ედნარ ბაგრატიონის კარავი კარგად ჩანს უმაღლესი საბჭოს შენობიდან, თუმცა  როგორც თვითონ გვიყვება, ამ დრომდე კარავში მოშიმშილე მოქალაქე ამ შენობიდან არავის მოუკითხავს, არც ერთი დეპუტატი არ დაინტერესებულა, რატომ შიმშილობს, რა აწუხებს და რას აპროტესტებს მოქალაქე:

„ერთადერთი ცოტნე ანანიძე გამესაუბრა. აქვე, წინ, სტომატოლოგიური კაბინეტია, იქედან გამოვიდა, დამინახა და დამელაპარაკა, ზოგად პრობლემებზე ვისაუბრეთ, არ უკითხავს აქ რატომ ხარ კარავში, რას ითხოვ, რა გაწუხებსო, ამ თემაზე საერთოდ არ გვისაუბრია.“

6 ნოემბერს ედნარ ბაგრატიონმა თავისი პარტიის წევრებთან ერთად საპროტესტო მსვლელობა მოაწყო, შემდეგ კი უმაღლესი საბჭოს მიმდებარე ტერიტორიაზე კარავი გაშალა: „პოლიციამ წინააღმდეგობა გაგვიწია, მაგრამ მაინც გავშალეთ კარავი“.

ედნარ ბაგრატიონის თქმით, მისი პროტესტით ასევე სურს იმ ხალხის მხარდაჭერა, რომლებისთვისაც სოციალური ფონი დიდი ხნის განმავლობაში არ გაუმჯობესებულა.

უსკოს მონაცემებით, პარტიამ „ბაგრატიონი – სახე+“ უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე 437 ხმა მიიღო პროპორციული სისტემით.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: