მთავარი,სიახლეები

ვარდისფერი და ყვითელი ბიულეტენები აჭარაში – არჩევნები 2020

21.11.2020 • 917
ვარდისფერი და ყვითელი ბიულეტენები აჭარაში – არჩევნები 2020

21 ნოემბერს აჭარის ორ მაჟორიტარულ ოლქში  საქართველოს პარლამენტისა და უმაღლესი საბჭოს  არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.

ბათუმის #28  და ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს  #30 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საარჩევნო უბანზე მისული ამომრჩეველს ორ ბიულეტენს გადასცემენ.

ყვითელი ბიულეტენი აჭარის უმაღლესი საბჭოს  მაჟორიტარული არჩევნებისთვისაა, ხოლო ვარდისფერი – საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნებისთვის. 

ბათუმის #28 ოლქში პარლამენტის მაჟორიტარობის კანდიდატები არიან ლევან ვარშალომიძე [„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“] და რესან კონცელიძე [ქართული ოცნება].

#30 ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები არიან მიშა ბოლქვაძე [„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“] და ანზორ ბოლქვაძე [„ქართული ოცნება“].

რაც შეეხება აჭარის უმაღლეს საბჭოს, მეორე ტური მიმდინარეობს ორ ოლქში.

ბათუმის #28 მაჟორიტარულ ოლქში ამომრჩეველს შეუძლია ხმა მისცეს ტიტე აროშიძეს [„ქართული ოცნება“] ან გიორგი კირთაძეს [„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“].

#30 ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს ოლქში კი აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატობის კანდიდატები არიან გია აბულაძე [„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“] და ფრიდონ ფუტკარაძე [„ქართული ოცნება“].

არჩევნების მეორე ტური საქართველოში ოპოზიციური პარტიების ბოიკოტის ფონზე მიმდინარეობს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: