მთავარი,სიახლეები

არჩევნების მეორე ტური ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე მიმდინარეობს

21.11.2020
არჩევნების მეორე ტური ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე მიმდინარეობს

დღეს, 21 ნოემბერს, საქართველოში საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.

ამომრჩევლებმა არჩევნების მეორე ტურში საქართველოს მაჟორიტარი დეპუტატები უნდა აირჩიონ 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, სადაც პირველ ტურში კანდიდატებმა ვერ დააგროვეს ხმების სათანადო რაოდენობა – არჩევნებზე მისულთა ხმების 50%-ზე მეტი.

არჩევნების მეორე ტური საქართველოში ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე მიმდინარეობს.

საქართველოში ოპოზიციური პარტიები არ ცნობენ 31 ოქტომბერს გამართული არჩევნების ლეგიტიმურობას, ისინი აცხადებენ, რომ არჩევნები ხელისუფლებამ გააყალბა და არ აპირებენ შესვლას საქართველოს პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში.

არჩევნების შედეგების გამოცხადებიდან, პირველი ნოემბრიდან დღემდე საქართველოს ორ ქალაქში, თბილისსა და ბათუმში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

დღეს „ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობა საარჩევნო უბნებთან სირცხვილის დერეფნების მოწყობას გეგმავდა, თუმცა გუშინ ცნობილი გახდა, რომ ოპოზიციურმა პარტიამ გეგმა შეცვალა, რადგან, მათივე თქმით, სუს-ი გეგმავდა პროვოკაციების მოწყობას.

ოპოზიციის განცხადებით, ისინი მეორე ტურში არ მონაწილეობენ და ითხოვენ: 1. ხელახალ არჩევნებს 2. ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომას და 3. პოლიტპატიმრების გათავისუფლებას.

„გაყალბებულია“ – წარწერა ბათუმის #17 საარჩევნო უბანთან. არჩევნების მეორე ტური ბათუმში. ფოტო: „ბათუმელები“/თედო ჯორბენაძე

21 ნოემბერს, მეორე ტურზე, ამომრჩევლებს 1914 საარჩევნო უბანი და გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 9 უბანი მოემსახურება.

ცესკოს ცნობით, სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილია 80 სპეციალური საარჩევნო უბანი.

ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაა 2 140 210.

არჩევნების მეორე ტური ბათუმში. ფოტო: „ბათუმელები“/თედო ჯორბენაძე

ბათუმის #28 ოლქში პარლამენტის მაჟორიტარობის კანდიდატები არიან ლევან ვარშალომიძე [„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“] და რესან კონცელიძე [ქართული ოცნება].

#30 ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები არიან მიშა ბოლქვაძე [„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“] და ანზორ ბოლქვაძე [„ქართული ოცნება“].

რაც შეეხება აჭარის უმაღლეს საბჭოს, მეორე ტური მიმდინარეობს ორ ოლქში.

ბათუმის #28 მაჟორიტარულ ოლქში ამომრჩეველს შეუძლია ხმა მისცეს ტიტე აროშიძეს [„ქართული ოცნება“] ან გიორგი კირთაძეს [„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“].

#30 ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს ოლქში კი აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატობის კანდიდატები არიან გია აბულაძე [„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“] და ფრიდონ ფუტკარაძე [„ქართული ოცნება“].

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: