მთავარი,სიახლეები

დაგიბრუნდებათ არა დღგ, არამედ ზედმეტად გადახდილი თანხა

20.11.2020 • 3121
დაგიბრუნდებათ არა დღგ, არამედ ზედმეტად გადახდილი თანხა

საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ კომპანიებს დამატებითი ღირებულების გადასახადი [დღგ] ავტომატურად უკან დაუბრუნდებათ, „რაც დიდი შეღავათია ბიზნესისთვის“. როგორც „ბათუმელებმა“ შემოსავლების სამსახურში გაარკვია, საუბარია არა დღგ-ს სრულად დაბრუნებაზე, არამედ დღგ-ს დეკლარირებით წარმოშობილი ზედმეტად გადახდილი თანხების ავტომატურ დაბრუნებაზე.

ამ ზედმეტობის უკან დაბრუნება კი, კომპანიას/გადამხდელს დღემდეც შეეძლო, თუმცა ამისთვის მას ელექტრონულად, განცხადებით უნდა მიემართა შემოსავლების სამსახურისთვის. თანხა კი 24 საათში უბრუნდებოდათ.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ავტომატურად უკან დაბრუნებას ექვემდებარება ყველა ასეთი ზედმეტობა, რომელიც 17 ნოემბრიდან წარმოიშობა; მიუხედავად იმისა, გადამხდელი განცხადებით მოითხოვს თუ არა მის უკან დაბრუნებას.

„დღგ-ს გადამხდელები ყოველი მომდევნო თვის 15 რიცხვში აბარებენ დეკლარაციას. თუ გადამხდელის მიერ, პროდუქციის შესყიდვისას გადახდილი დღგ მეტია მის მიერ რეალიზებულ პროდუქციაზე დარიცხულ დღგ-ზე [ანუ რაც გადასახდელი აქვს], ასეთ შემთხვევაში სხვაობა არის ზედმეტად გადახდილი თანხა. ეს ზედმეტად გადახდილი თანხა კი, გადამხდელს ავტომატურად ერიცხება მის მიერვე rs.ge-ზე მითითებულ საბანკო ანგარიშზე,“ – გვითხრეს შემოსავლების სამსახურში.

„როცა საქონელს ვყიდულობ, იმაში ვიხდი დღგ-ს, მაგრამ მეც ხომ გავყიდე საქონელი, რომელზეც უნდა დამერიცხოს დღგ [რაც გადასახდელი მაქვს], თუ გადახდილი მეტია დარიცხულზე, ეს სხვაობა უკან მიბრუნდება. ანუ, ამ შემთხვევაში ხარჯი მეტი მაქვს, ვიდრე შემოსავალი. მაგალითად, ვიყიდე 5 ათასი ლარის საქონელი, ამ თანხაში 762 ლარი და 71 თეთრი არის დღგ, რაც გადავიხადე. მაგრამ გავყიდე, ვთქვათ, 3 ათასი ლარის, მეტი ვერა. ასეთ შემთხვევაში ჩემი რეალიზაციიდან გადასახდელმა დღგ-მ, რაც უნდა დამერიცხოს, შეადგინა 457 ლარი და 63 თეთრი. გამოდის რომ 305 ლარი და 8 თეთრი ჩემ მიერ არის ზედმეტად გადახდილი დღგ, ეს სხვაობა ჯდება ჩემს ბარათზე და ამ თანხას სახელმწიფო უკვე ავტომატურად უკან მიბრუნებს. ასე მოხდება ყველა დეკლარაციის წარდგენის დროს, თუ მექნება ზედმეტად გადახდილი დღგ. ამ დრომდეც შემეძლო განცხადება დამეწერა და დამებრუნებინა, მაგრამ ფაქტობრივად არ ვიბრუნებდი, ვცდილობდი თანხა მქონოდა პლუსში. ახლა კი, რასაც დამიბრუნებენ, შემიძლია ეს თანხა გამოვიყენო ან ისევ ბიუჯეტში დავაბრუნო ჩემს ბარათზე“, – უთხრეს „ბათუმელებს“ ერთ-ერთ კომპანიაში.

შემოსავლების სამსახურში განმარტეს, რომ თანხა ავტომატურად დაუბრუნდებათ მხოლოდ იმ გადამხდელებს, რომლებსაც შესაბამისი რისკების პროგრამის საფუძველზე აქვთ ე.წ. მწვანე ბარათი, ანუ ურისკო გადამხდელებს [რისკების პროგრამით ხდება გადამოწმება, რომ გადამხდელს ყველაფერი წესრიგში აქვს].

რაც შეეხება გადამხდელებს, რომლებიც არ არიან „მწვანე ბარათის“ მფლობელები, მათ აქვთ საშუალება ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება განცხადებით მოითხოვონ.

შესაძლოა დღგ-ს გადამხდელს ზედმეტად გადახდილი თანხის მოდულში უფიქსირდებოდეს გარკვეული თანხა, მაგრამ ის ავტომატურად უკან არ დაუბრუნდეს. ასეთ შეთხვევაში მანაც უნდა მიმართოს განცხადებით შემოსავლების სამსახურს.

„ასეთ დროს, ანუ განცხადებით მომართვისას, საჭირო იქნება დამატებითი შესწავლა, რისთვისაც მაქსიმალური ვადა არის 2 კვირა. ამ შესწავლის შედეგად გადამხდელს შესაძლოა რაღაც დოკუმენტების დაზუსტებაც მოსთხოვონ. შესაბამისად, ზედმეტად გადახდილი თანხა გადამხდელს შეიძლება გაუნულდეს და აღარ დარჩეს ზედმეტობა ან დარჩეს და უკან დაუბრუნდეს,“ – გვითხრეს შემოსავლების სამსახურში.

ამავე სამსახურის ინფორმაციით, „ავტომატურად დაბრუნება ეხება 2020 წლის 16 ნოემბრიდან წარმოშობილ ზედმეტად გადახდილ თანხებს (ე.წ. ,,მწვანე ბარათზე“, შესაბამის რისკზე დაფუძნებული მიდგომით მიღებული შესამცირებლად გაანგარიშებული დღგ-ის თანხას). რაც შეეხება 2020 წლის 16 ნოემბრამდე დეკლარირებულ ზედმეტად გადახდილ თანხებს, რაც ასახულია გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათზე. აღნიშნული თანხა პირს შეუძლია დაიბრუნოს „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის“ წარდგენის საფუძველზე ან მიმართოს საგადასახადო დავალიანების დასაფარავად“.

—–

„კოვიდ19-თან ბრძოლასთან ერთად გვაქვს ასევე უაღრესად მნიშვნელოვანი ამოცანა – ეკონომიკურ კრიზისთან გამკლავება. ამ თვალსაზრისით, ჩვენ პირველივე ტალღის დაწყებისთანავე, ფინანსთა სამინისტროსთან ერთად დავიწყეთ მუშაობა ისეთ სერიოზულ რეფორმაზე და ნაბიჯზე, როგორიც არის დღგ-ს ავტომატური დაბრუნება, რომელიც ვერც ერთმა მთავრობამ ვერც ერთ პერიოდში ვერ განახორციელა. ეს ნიშნავს იმას, რომ დაახლოებით 150 000 კომპანიას ექნება შესაძლებლობა, ავტომატურად დაიბრუნოს დღგ, ფაქტობრივად მომენტალურად. რაც ნიშნავს იმას, რომ ყოველწლიურად დაახლოებით მილიარდი ლარი ყველანაირი პრობლემების გარეშე, მომენტალურად დაუბრუნდება ჩვენს ბიზნესს.“ – განაცხადა დღეს, 19 ნოემბერს პრემიერმა გიორგი გახარიამ.

ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის განცხადებით, „17 ნოემბრიდან ამოქმედდა სისტემა, რომლის შედეგადაც დამატებული ღირებულების გადასახადის ზედმეტობის დასაბრუნებლად აღარაა საჭირო გადასახადის გადამხდელის დასტური… 2019 წელს გადასახადის გადამხდელებს ზედმეტად გადახდილი გადასახადიდან, დაუბრუნდა 614 მილიონი ლარი, 2020 წელს, დღეის მონაცემებით, ჩვენ დავაბრუნეთ 811 მლნ ლარი და წლის ბოლომდე ეს მაჩვენებელი 1 მილიარდ ლარამდე იქნება.“

დღგ-ს დეკლარირებით დასაბრუნებელი ზედმეტად გადახდილი თანხების ავტომატური დაბრუნების წესში ცვლილება საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 13 ნოემბრის ბრძანებით შევიდა.

ახალი ცვლილებით: „2020 წლის 16 ნოემბრის შემდეგ ასახული ზედმეტობა, დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციით შესამცირებლად გაანგარიშებული თანხის ფარგლებში, „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის“  წარდგენის გარეშე უბრუნდება გადასახადის გადამხდელს, შემოსავლების სამსახურის უფროსის გადაწყვეტილების საფუძველზე“.

დღგ-ს დეკლარირებით დასაბრუნებელი ზედმეტად გადახდილი თანხების ავტომატური დაბრუნების წესი და პირობები კი, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა 2019 წლის 14 თებერვალს დაამტკიცა.

ამ თემაზე:

დღგ-ს დაბრუნება ავტომატურ რეჟიმში – რისკების შემცირება ბიზნესის სასარგებლოდ

გადაბეჭდვის წესი


ასევე: