მთავარი,სიახლეები

„ყველაფერი წესრიგშია“ – სასამართლომ საარჩევნო სარჩელი არც უსკოს წინააღმდეგ დააკმაყოფილა

17.11.2020 • 1130
„ყველაფერი წესრიგშია“ – სასამართლომ საარჩევნო სარჩელი არც უსკოს წინააღმდეგ დააკმაყოფილა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციის კიდევ ერთ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უთხრა უარი. ამჯერად გაერთიანებული ოპოზიცია აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობას ითხოვდა. უმაღლესი საარჩევნო კომისია – უსკო აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებს ატარებს. მოსამართლე კობა გოცირიძემ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი თქვა.

„უსკომ შედეგი შეაჯამა საარჩევნო ოლქების შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე. ყველამ ვიცით, როგორ მომზადდა ეს შემაჯამებელი ოქმები ოლქებში, რამდენი შესწორების ოქმი იყო და რა ხდებოდა. ამის მიუხედავად, უსკომ არ მიიჩნია საჭიროდ რომელიმე უბანზე ხელახლა გადაეთვალა ხმები, ან დაზუსტება მოეთხოვა, ან გაებათილებინა უბნის შედეგები და ასე შემდეგ…“ – ამბობს იურისტი უშანგი მიქელაძე, იგი სასამართლოში გაერთიანებული ოპოზიციის ინტერესებს იცავდა.

„ყველაფერი იყო წესრიგში“, – მიიჩნევს აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის იურისტი, ფრიდონ ბათნიძე. მისი თქმით, ხარვეზები „ოლქებმა აღმოფხვრეს“ და ჩარევის საჭიროება აღარ არსებობდა.

„ამის საჭიროება არ არსებობდა… უსკო აჯამებს მონაცემებს ოლქების შემაჯამებელი ოქმების მიხედვით. ოლქებმა აღმოფხვრეს ხარვეზები,“ – გვითხრა ფრიდონ ბათნიძემ.

რატომ არ ჩათვალა საჭიროდ უსკომ ერთი გასაჩივრებული უბნის შედეგი მაინც გადაეთვალა? – „ამ საკითხებზე იმსჯელა საოლქო კომისიებმა და შემდეგ სასამართლომ. როგორ წარმოგიდგენიათ, სასამართლოს შემდეგ ჩვენ გვემსჯელა ამაზე?“ – კითხულობს უსკოს იურისტი.

ფრიდონ ბათნიძეს ვთხოვეთ განემარტა, რა არის მაშინ უსკოს რეალური ფუნქცია, თუკი ის მხოლოდ ცესკოს დაქვემდებარებაში არსებულ საოლქო კომისიების მონაცემებს ეყრდნობა?

„ჩვენ გვევალება ზედამხედველობა ამ პროცესზე… სასამართლოს რომ არ ემსჯელა, მაშინ ვიმსჯელებდით. უსკომ ჩათვალა, რომ ყველაფერი იყო წესრიგში,“ – აღნიშნა უსკო-ს იურისტმა, ფრიდონ ბათნიძემ „ბათუმელებთან“.

სასამართლო დავის საგანი იყო ქობულეთის შემთხვევაც, სადაც 22 ხმით მოიგო „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა – ცოტნე ანანიძემ არჩევნები.

„ცოტნე ანანიძემ მიიღო ჯამში 20 809 ხმა, მან 22 ხმით დაძლია ბარიერი, მაგრამ ქობულეთის საოლქოს შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, 270 ბიულეტენია დაკარგული. ბიულეტენი რატომ იკარგება მოგეხსენებათ – კარუსელის დასატრიალებლად და ასე შემდეგ, რომ სასურველი შედეგი დასვან. თუ ამ დაკარგული ბიულეტენების რაოდენობას მივიჩნევდით ნამდვილ ბიულეტენად, ამ შემთხვევაში ცოტნე ანანიძე ბარიერს ვეღარ გადალახავდა. აქაც უსკო მხოლოდ ოლქების შემაჯამებელ ოქმებს დაეყრდნო და პასუხისმგებლობა მოიხსნა, მას შეეძლო ნებისმიერ დროს ჩარეულიყო, მაგრამ არაფერი გააკეთა,“ – ამბობს „გაერთიანებული ოპოზიციის“ იურისტი უშანგი მიქელაძე.

„შესაძლოა, ამომრჩეველმა არ ჩააგდო ბიულეტენი ყუთში… საარჩევნო ოლქებმა იმსჯელეს ამაზე და ხელახლა მსჯელობა არარეალური იქნებოდა. არ იყო ამის სამართლებრივი საფუძველი და არც ამის საჭიროება არსებობდა,“ – გვიპასუხა უსკოს იურისტმა, ფრიდონ ბათნიძემ ქობულეთის შემთხვევაზე.

____

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, ბათუმის შემთხვევაში, სასამართლომ მხოლოდ ერთი სარჩელი დააკმაყოფილა, რაც ერთ-ერთ უბანზე ხმების გადათვლას ითვალისწინებდა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ დანარჩენი ექვსი გაერთიანებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი თქვა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: