ბათუმი,მთავარი,სიახლეები

რატომ გაუჩნდა ვაგონს ხანძარი – ბათუმის ნავთობტერმინალის განმარტება

16.11.2020 • 3184
რატომ გაუჩნდა ვაგონს ხანძარი – ბათუმის ნავთობტერმინალის განმარტება

ბათუმის ნავთობტერმინალის ინფორმაციით, შეიქმნება შესაბამისი კომისია, რომელიც ტერმინალის ტერიტორიაზე დღეს გაჩენილი ხანძრის მიზეზებს დაადგენს. ცეცხლი ტერმინალში დღეს, 16 ნოემბერს, ერთ-ერთ ესტაკადაზე ნავთობმზიდ ვაგონს გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

„დიზელის უბნის სარკინიგზო ესტაკადაზე, ვაგონში პროდუქტის ჩასხმის დროს, დაირღვა ჰერმეტულობა ჩამსხმელი მილის, რომლითაც ვაგონი იტვირთებოდა [მილი ამოვარდა ვაგონის საყელოდან], დაიღვარა პროდუქცია, რასაც მოყვა აალება.

დროულად ჩაერთო ტერმინალის სახანძრო დაცვის სამსახური, ქალაქის სახანძროც დროულად მოვიდა და დაგვეხმარა ვაგონების გაგრილებაში. სულ ესტაკადაზე იყო 10 ვაგონი. აქედან ერთი იწვოდა შიგნიდან, იწვოდა ასევე გარეთ დაღვრილი პროდუქტიც. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მატერიალური ზარალიც უმნიშვნელოა, თითქმის არ არის. ახლა იქმნება მოკვლევის ჯგუფი – შიდა კომისია ტერმინალში, რომელიც მაქსიმუმ 2 დღეში დაადგენს ზუსტ მიზეზს. რაც გითხარით, ეს არის წინასწარი ინფორმაცია, თუმცა მიზეზი 90%-ით ეს იყო. აქ იყვნენ პოლიციის თანამშრომლებიც, თუმცა, ჩაერთვებიან თუ არა გამოძიების პროცესში, ჯერ ვერ გეტყვით“, – განაცხადა „ბათუმელებთან“ ბათუმის ნავთობტერმინალის სამშენებლო უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან ბერიძემ.

ლევან ბერიძის თქმით, მსგავსი ინცინდენტი ესტაკადაზე ამ დრომდე არ ყოფილა: „დღეს, 10:30 წუთზე მოხდა აალება, 10 წუთში მოხერხდა ლოკალიზაცია და 11:05 საათზე მოხდა სრული ლიკვიდაცია. ტერმინალი ჩვეულებრივად მუშაობს, მხოლოდ ეს ესტაკადაა გაჩერებული“.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რომელიც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ამ თემაზე: 

ბათუმში, ტერმინალზე, ნავთობის ცისტერნას ხანძარი გაუჩნდა [ფოტო]

გადაბეჭდვის წესი


ასევე: