„მე ვარ მასწავლებელი. თანდათან მოსწავლეების რაოდენობამ იკლო სკოლაში, რაც იმას ნიშნავს, რომ მიგრაცია დაიწყო, ადამიანები წავიდნენ სოფლიდან უკეთესი ცხოვრების საძებნელად. ეს 21 -ე საუკუნეში ნორმალურია, სწორიც და გასაგებიც. ყველანაირად გვინდოდა, რომ მსგავსი პროექტები შემოსულიყო ჩვენთან, განვითარებულიყო ჩვენი სოფელი და ახალგაზრდობა დარჩენილიყო“ – გვეუბნება ლეილა კახიძე, მასწავლებელი და მცირე მეწარმე მაჭახლის ხეობიდან, რომელსაც სოფელ ზედა ჩხუტუნეთში, საკუთარ ეზოში შევხვდით.
ლეილა გვიყვება, როგორ შეიცვალა სოფელში მდგომარეობა იმის შემდეგ, რაც მოსახლეობის უწყვეტი პროტესტისა და მოთხოვნების შემდეგ, 2012 წელს, მაჭახელას ეროვნული პარკი შეიქმნა. მისი თქმით, 2000-იანი წლების დასაწყისში იყო დღეები, როცა მის ეზოსთან 60-70 სატვირთოს ჩაუვლია, რომელი სამასალედ ან შეშისთვის მოჭრილი ხეებით იყო დატვირთული.
ეროვნული ტყეპარკის შექმნის შემდეგ, გაეროს განვითარების პროგრამა სხვადასხვა დონორი ორგანიზაციისა თუ სახელმწიფოს დაფინანსებითა და მრავალფეროვანი პროექტებით მალევე ჩაერთო მის განვითარებაში.
ლეილა კახიძე
ადგილობრივების შეფასებით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საჭირო პროექტი მაჭახელას ხეობისთვის იყო იაპონიის მთავრობის დაფინანსებული პროექტი „მაჭახელას ხეობა – მწვანე ენერგიის ზონა“, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამამ, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აგროსერვისცენტრთან თანამშრომლობით განახორციელა.
გაეროს განვითარების პროგრამის დაცული ტერიტორიების პროექტის მენეჯერის, ირაკლი გორაძის თქმით, პროექტის მიზანი იყო შეშაზე მოთხოვნის შემცირება მაჭახლის ხეობაში, მაჭახლის დაცულ ტერიტორიაზე:
„ჩვენ დავგეგმეთ, მიგვეწოდებინა ალტერნატიული, განახლებადი ენერგიის წყაროები ადგილობრივი მოსახლეობისთვის. პროექტის ფარგლებში 260 ოჯახს გადაეცა სხვადასხვა სახის მზის სისტემები. მათ შორის, 200 ერთეული მზის წყლის გამაცხელებელი და 75 ერთეული მზის ელექტროსადგური. პროექტის შედეგად უახლოესი 20 წლის განმავლობაში დაახლოებით 3000 ტონა ნახშირბადის გავრცელებას ავიცილებთ თავიდან და დაახლოებით 6000 ხეს შევინარჩუნებთ“.
ირაკლი გორაძე
„როცა 160 ლარს ვიხდიდი დენის გადასახადს ამდენი შეღავათების შემდეგ [იგულისხმება მთის სტატუსით გათვალისწინებული სახელმწიფო შეღავათები], გადავიხადე 25 ლარი, მაშინ როცა ჩართულია 5 მაცივარი, ჩართულია ხინკლის აპარატურა, უამრავი გამაცხელებელი და სხვა რაღაცები – ასეთი ეკონომია მომიტანა ამ მზის პანელებმა და ცხელი წყალი? შეშასაც ვყიდულობდით, ყველა ვერ წავა ტყეში და ვერ გაამზადებს მას. ყოველდღე რამდენჯერ უნდა გაგეცხელებინა შეშით აბანო რომ გესარგებლა ან სამზარეულოში წყალი რომ გქონოდა. ეს ყველაფერი ახლა არის უფასოდ. ხეობისთვის კი ეს იმას ნიშნავს, რომ მწვანე საფარი არ ზიანდება, ეს ჩვენი ცნობილი კოლხური ტყეები რჩება ისე ხელუხლებელი“ – ამბობს ლეილა, რომელიც პედაგოგობასთან ერთად, სოფელში მცირე მეწარმეობასაც ეწევა.
კიდევ ერთი ადგილობრივი, რომელიც კმაყოფილია ხეობაში მრავალფეროვანი და ინოვაციური პროექტებით, მელანო ქობულაძეა. მელანო გერმანიაში სწავლობს, ჰამბურგის უნივერსიტეტს ასრულებს და გერმანიაში მუშაობს, მაგრამ დონორი ორგანიზაციების პროექტებმა მისცა ბიძგი, რომ საქმე საკუთარ სოფელში წამოიწყოს და მომავალში დაბრუნებაზეც იფიქროს.
მელანო ქობულაძე
„მახსოვს, ჩემს ბავშვობაში სოფლებს ტოვებდა ხალხი. ახლა პირიქით, სოფელში ბრუნდებიან. ახალგაზრდა თაობა ქმნის პატარა თუ დიდ ბიზნესებს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვისაც და ჩვენთვისაც, რა თქმა უნდა.
სიამაყით ვივსები, რომ მახსოვს, მაგალითად, ჩემი სოფელი როგორი იყო 10-15 წლის წინ და ახლა ძალიან განვითარებულია. უკვე მსოფლიოში გვიცნობენ. ბოლო პერიოდში განსაკუთრებით მოიმატა ტურისტებმა საუდის არაბეთიდან, გუშინ გვყავდა ტურისტი გერმანიიდან, დღეს – სლოვენიიდან, გვყოლია ამერიკიდანაც.
ჩემი ყველა მეგობარი გერმანიაში მეუბნებოდა, რომ კარგი იქნებოდა თუ მექნებოდა მზის პანელები და რომ ვუთხარი, ჩვენთან ეს დაფინანსებით მოხერხდა და უკვე გვაქვს-მეთქი, ძალიან გაუკვირდათ, ასეთ პატარა სოფელში რომ ეს მოვახერხეთ. ასეთი ინოვაციური პროექტები რაც უფრო მეტი იქნება, მით უფრო მეტად განვვითარდებით და ეს კარგი იქნება ყველასთვის, ჩვენთვისაც და მთავრობისთვისაც და რაც მთავარია, სოფლები არ დაიცლება“ – ამბობს მელანო.
სოფელი ზედა ჩხუტუნეთი
ლეილაც იმედით უყურებს მომავალს, კიდევ ელოდება საინტერესო პროექტებს სოფელში და იმედი აქვს, რომ მოსწავლეების რაოდენობა კვლავ გაიზრდება სოფლის სკოლაში:
„მარტო ამ პატარა სოფელში, სადაც 85 მოსახლე ცხოვრობდა, 15-20 ოჯახი უკვე წასული იყო. 5 ახალი სახლი აშენდა ამ ორი წლის განმავლობაში, 5 მოსახლე შემოგვემატა. გახარებული ვარ მხოლოდ იმის გამოც, რომ ამ პროექტებმა ხელი შეუწყო სამუშაო ადგილების გამოჩენას. ბევრი ვერა, მაგრამ მეც მყავს სამი ადამიანი დასაქმებული და ისინი არ წავლენ, იმედია, ამ სოფლიდან, იმიტომ რომ უკეთესი ცხოვრების პირობები შეიქმნა“.
„ამჯერად ჩვენ მხარს ვუჭერდით UNDP-ის პროექტს მაჭახელას დაცულ ტერიტორიაზე უნიკალური კოლხური ტყის დასაცავად, რომელიც შეამცირებს საწვავი შეშის გადაჭარბებულ გამოყენებას და დაიცავს ტყეს დეგრადაციისგან. კერძოდ, ჩვენ მხარი დავუჭირეთ მზის ენერგიის ტექნოლოგიების დანერგვას ამ ხეობაში მცხოვრებთათვის, განსაკუთრებით ქალებისთვის. ამ მხარდაჭერის ისტორია უკავშირდება ჩვენი პრემიერ–მინისტრის, კიშიდას ახალ ინიციატივას – „კაპიტალიზმის ახალი ფორმა“, რომლის ფარგლებშიც ჩვენ ვაძლიერებთ გარემოს დაცვითი პროექტების მხარდაჭერას მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში“ – ამბობს იიდა მასაში, იაპონიის საელჩოს პირველი მდივანი.
პროექტზე – „მაჭახელას ხეობა – მწვანე ენერგიის ზონა“ – ჯამში 355-მდე განაცხადი შევიდა, საიდანაც შერჩეული იქნა 261, რომელიც აკმაყოფილებდა წინასწარ განსაზღვრულ კრიტერიუმებს. რაც შეეხება ღირებულებას: მზის წყლის გამაცხელებლის ფასი იყო 2500 ლარამდე და მზის ელექტროსადგურის – 8000 ლარამდე, რომლის მხოლოდ 10% გადაიხადა ადგილობრივმა მიმღებმა. გრანტის ოდენობა 594 486 აშშ დოლარი იყო.