მთავარი,სიახლეები

იაპონიის საელჩოს გრანტით აჭარაში ტყის ხანძრების პრევენციისთვის მძიმე ტექნიკა შეიძინეს

30.07.2024
იაპონიის საელჩოს გრანტით აჭარაში ტყის ხანძრების პრევენციისთვის მძიმე ტექნიკა შეიძინეს

დღეს, 30 ივლისს, იაპონიის ელჩმა საქართველოში, იშუძუკა ჰიდეკიმ, იაპონიის საელჩოს მიერ დაფინანსებული ორი პროექტი გახსნა აჭარაში.

„აჭარაში ტყის ხანძრის საპასუხოდ და პრევენციისთვის მძიმე ტექნიკის შეძენა“ – ასე ეწოდება იაპონიის საელჩოს პროექტს, რომლის ფარგლებში, აჭარის სატყეო სააგენტოსთან თანამშრომლობით, შეძენილი იქნა მძიმე ტექნიკა აჭარის ტყის ხანძარსაწინააღმდეგო და კატასტროფების პრევენციის შესაძლებლობების გასაძლიერებლად, რაც დაახლოებით 361,000 მოსახლეს შესაძლებლობას აძლევს ისარგებლოს უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოთი.

საელჩოს გრანტის ოდენობა 69,000 აშშ დოლარია.

ასევე, იაპონიის ელჩმა დღეს აჭარაში გახსნა საელჩოს მიერ დაფინანსებული კიდევ ერთი პროექტი – „მანდარინის სათბურ-იზოლატორის მოწყობა აჭარაში“, რომლის ფარგლებში მოეწყო მანდარინის სათბურ-იზოლატორი, რომელიც შესაძლებლობას იძლევა მანდარინის ნერგები გაშენდეს ქიმიური სასუქებისა და პესტიციდების შემცირებული გამოყენებით, რაც მცირე და საშუალო ფერმერებს გაუმჯობესებული, ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისი ხარისხის ნერგების მოყვანის შესაძლებლობას მისცემს.

გარდა ამისა, მანდარინის ხის მოსავლიანობა მესამე წლისთვის 40%-ით გაიზრდება, რაც ხელს შეუწყობს ფერმერების შემოსავლის გაზრდას.

აჭარაში გამართული პრესტურის ფარგლებში მედიის წარმომადგენლები პროექტის – „მაჭახელას ხეობა – მწვანე ენერგიის ზონა“ შედეგებსაც გაეცნენ.

ეს პროექტი გასულ წელს გასულ წელს, იაპონიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) განახორციელა. პროექტი მიზნად ისახავდა მაჭახელას დაცულ ტერიტორიაზე უნიკალური კოლხური ტყეების ეკოსისტემის დაცვას და ტყის დეგრადაციის რისკის შემცირებას, რაც საწვავი შეშის გადაჭარბებული გამოყენებით, კლიმატის ცვლილებითა და გლობალური კრიზისებით არის გამოწვეული. კერძოდ, მაჭახელას ეროვნული პარკის მიმდებარე სოფლებში დაინერგა განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიები: მზის წყლის გამაცხელებლები და მზის პანელები. პროექტის შედეგებით, ხეობის 1350 მაცხოვრებელმა, ძირითადად ქალებმა ისარგებლეს. გრანტის ოდენობა 594 486 აშშ დოლარი იყო.

საქართველოში იაპონიის საელჩოს ცნობით, გრასრუტების საგრანტო პროგრამა (GGP) დახმარებას უწევს შედარებით მცირემასშტაბიან პროექტებს და ხორციელდება ისეთ სფეროებში, როგორებიცაა საზოგადოებრივი ჯანდაცვა, განათლება, სოციალური დაცვა, სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა და სიღარიბის დაძლევა. 1998 წლიდან დღემდე ამ პროგრამის ფარგლებში საქართველოში დაფინანსდა 216 პროექტი, რომელთა საერთო ღირებულებამ აღნიშნული პროექტის ჩათვლით 25 მილიონ აშშ დოლარამდე შეადგინა.

_______________

ფოტო: იაპონიის საელჩო საქართველოში

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: