მთავარი,სიახლეები

ღამით გადაადგილება შეიძლება ისევ აიკრძალოს – მთავრობა წერტილოვან შეზღუდვებზე მსჯელობს

05.11.2020
ღამით გადაადგილება შეიძლება ისევ აიკრძალოს – მთავრობა წერტილოვან შეზღუდვებზე მსჯელობს

დღეს, 5 ნოემბერს, საკოორდინაციო საბჭოს წევრების ბრიფინგზე ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ საკოორდინაციო საბჭო კორონავირუსის პანდემიის შესაკავებლად მსჯელობს, რა დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვები შეიძლება დაწესდეს. ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ საუბარი არ არის სისტემურ ჩაკეტვაზე.

„ვხედავთ, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით გამოიყენება სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები, რომელიც არის უშუალოდ მიმართული იმისკენ, რომ მოხდეს მობილობის შემცირება და შესაბამისად, ვირუსის გავრცელების შემცირება.

ასევე, საბჭო მსჯელობს იმაზე, რა დამატებითი ღონისძიებები და რა დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვების დაწესება არის შესაძლებელი, რომ ჩვენ გავუმკლავდეთ ვირუსის გავრცელებას. ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა ღონისძიება, როგორიცაა: ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვა, შეიძლება იყოს უქმე დღეებში ან კვირის ერთ რომელიმე კონკრეტულ დღეს ან სხვადასხვა დასახლებაში, ასევე როგორც ტრანსპორტის შეჩერება, ან დიდი სავაჭრო ცენტრების, ან სხვადასხვა ბაზრობის ან ბაზრების მუშაობის შეჩერება. ეს არის ყველა ისეთი ღონისძიება, რომელიც არის წერტილოვანი ხასიათის, რომელიც იქნება გამოყენებული იქ და იმ დროს, როდესაც ამის აუცილებლობა იქნება ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე. ამ ღონისძიებების გამოყენება არის ის პრაქტიკა, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, ევროპის ქვეყნებში და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში,“ – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ შეზღუდვების დაწესება, ხარისხი და შეზღუდვების მასშტაბი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ დაიცავენ საქართველოს მოქალაქეები რეგულაციებით დადგენილ წესებს.

„ეს პასუხისმგებლობა აკისრია არა მხოლოდ თითოეულ მოქალაქეს და დამსაქმებელს, არამედ აკისრია პოლიტიკურ პარტიებს. ჩვენ არასდროს არ შეგვიზღუდავს გამოხატვის თავისუფლება ამ ქვეყანაში, არ შეგვიზღუდავს საარჩევნო, პოლიტიკური პროცესი და კარგად გვესმის, რომ დღეს ქვეყანაში არის არჩევნები, ხდება როგორც არჩევნების შედეგების შეჯამება, ასევე, გველოდება მეორე ტური, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ყველა პოლიტიკურმა სუბიექტმა, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, ყველა აქტივისტმა, რიგითმა მხარდამჭერმა, როცა პოლიტიკური პარტიები გამოხატავენ თავის აზრს, ეს მოხდეს რეგულაციების დაცვით. საჭიროა პირბადე, დისტანციის დაცვა. გამოვხატოთ ჩვენი აზრი ისე, რომ არ ვავნოთ სხვას,“ – განაცხადა ცქიტიშვილმა.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: