მთავარი,სიახლეები

უმაღლესი საბჭოს ავტომანქანა სოფელ ჭარნალში, სადაც დღეს „ნაცმოძრაობა“ ამომრჩეველს

14.10.2020 • 1859
უმაღლესი საბჭოს ავტომანქანა სოფელ ჭარნალში, სადაც დღეს „ნაცმოძრაობა“ ამომრჩეველს

სამსახურებრივი ავტომანქანით „ნაცმოძრაობის“ პარტიულ შეკრებაზე შესაძლო მისვლის ამსახველი ფოტოები ხელვაჩაურში ამჯერად „ქართული ოცნების“ აქტივისტმა გადაიღო – მანუჩარ რიჟვაძის მტკიცებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები დღეს, 14 ოქტომბერს, წინასაარჩევნო შეხვედრაზე სოფელ ჭარნალში უმაღლესი საბჭოს ავტომანქანით მივიდნენ. „ნაცმოძრაობაში“ ამას უარყოფენ და ირწმუნებიან, რომ დეპუტატის – ელგუჯა ბაგრატიონის მძღოლმა სოფელ ჭარნალში ხელოსანს მიაკითხა.

მანუჩარ რიჟვაძე „ქართული ოცნების“ ის აქტივისტია, ვის შესახებაც „ბათუმელები“ 8 ოქტომბერს წერდა. ამ დღეს მანუჩარ რიჟვაძე ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს დეპუტატობის კანდიდატმა „ნაციონალური მოძრაობიდან“, მიშა ბოლქვაძემ ხელვაჩაურის მერის მოადგილის ავტომანქანის საჭესთან დააფიქსირა. ხელვაჩაურის მერის მოადგილემ მაშინ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ მანუჩარ რიჟვაძე რიგითი მოქალაქეა და იგი, როცა შუა თითს აჩვენებს ფოტოს გადამღებს, მერის მოადგილის „ავტომანქანის საჭესთან საწვავის ავზის გასახსნელად დაჯდა“.

ამ შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე კი, 25 სექტემბერს, ხელვაჩაურში ამომრჩეველთან „ქართული ოცნების“ შეხვედრაზე სამსახურებრივი ავტომანქანით ხელვაჩაურის მერი – ჯუმბერ ვარდმანიძე მივიდა. ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენებაზე დასმულმა კითხვამ ჯუმბერ ვარდმანიძე გააღიზიანა და მან „ბათუმელების“ ჟურნალისტს პასუხის გაცემის ნაცვლად, აგინა.

სამსახურებრივი ავტომანქანით პარტიულ შეხვედრებზე გადაადგილება კანონდარღვევაა და 2 ათასი ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს. ჯუმბერ ვარდმანიძე ამ დრომდე არ დაუჯარიმებიათ.

„…მე განმიკითხავს და ამ დროს ჭარნალის ცენტრში არის უმაღლესი საბჭოს მანქანა, რომლითაც ის ბატონი გადაადგილდება, ვინც ერთი კვირის წინ ფოტოები გამივრცელა. ბრავო! ბატონო მიშა, ბრავო! თქვენი საქციელი დანაშაული არ არის?“ – კითხულობს სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ აქტივისტი, მინდია რიჟვაძე. მინდია რიჟვაძე განმარტავს, რომ უმაღლესი საბჭოს ავტომანქანით ჭარნალში არა ელგუჯა ბაგრატიონი, ან მიშა ბოლქვაძე, არამედ „ნაცმოძრაობის“ აქტივისტები ავიდნენ.

„ბათუმელებთან“ მიშა ბოლქვაძემ უარყო უმაღლესი საბჭოს ავტომანქანით პარტიულ შეკრებაზე მისვლა. მიშა ბოლქვაძის თქმით, ის დღეს ნამდვილად შეხვდა სოფელ ჭარნალში ამომრჩეველს, თუმცა ის საკუთარი ავტომანქანით გადაადგილდებოდა.

ფოტოზე დაფიქსირებული ავტომანქანა უმაღლესი საბჭოს წევრის – ელგუჯა ბაგრატიონის სამსახურებრივი ავტომანქანაა. ელგუჯა ბაგრატიონი უმაღლეს საბჭოში „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენს. ავტომანქანა რომ ჭარნალის ადმინისტრაციულ ცენტრშია გაჩერებული, ეს სოფლის რწმუნებულმა, ნუგზარ აბაშიძემ დაგვიდასტურა. მას ფეისბუქში მანუჩარ რიჟვაძის მიერ გადაღებული ფოტო ვაჩვენეთ და გვითხრა, რომ „სახლი ჭარნალის ცენტრში მცხოვრებ მამუკა ქავთარაძეს ეკუთვნის.“

ელგუჯა ბაგრატიონი ამბობს, რომ დღეს, 14 ოქტომბერს, ის ამომრჩეველთან შეხვედრებს ქობულეთში მართავდა და პირადი ავტომანქანით გადაადგილდებოდა.

„სამსახურებრივი ავტომანქანა მძღოლმა წაიყვანა მოხელესთან, გამორიცხულია, ჭარნალში და პარტიულ შეკრებაზე რა უნდოდა… “ – გვითხრა ელგუჯა ბაგრატიონმა. მოგვიანებით ელგუჯა ბაგრატიონმა დაგვიდასტურა, რომ მძღოლი ნამდვილად იყო დღეს სოფელ ჭარნალში, თუმცა მან ვერ დაგვიზუსტა, რის გამო ავიდა ჭარნალში მძღოლი უმაღლესი საბჭოს ავტომანქანით – ავტომანქანის შესაკეთებლად თუ ხელოსნის წამოსაყვანად. დეპუტატმა ისევ გამორიცხა უმაღლესი საბჭოს ავტომანქანით პარტიული აქტივის ტრანსპორტირება.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა ელგუჯა ბაგრატიონის მძღოლსაც – თემურ დავითაძემ გვითხრა, რომ სოფელ ჭარნალში ხელოსანს ააკითხა და აეროპორტთან ახლოს მდებარე საწარმოში ჩამოიყვანა.

„…მატორისტია დათო წითელაძე, ავაკითხე, რადგან დასვენების დღე იყო და ჩამოვიყვანე აეროპორტთან ახლოს საწარმოში, მანქანა ჭარნალში იქვე, ასასვლელთან გავაჩერე და მას ველოდებოდი, ფოტო როდის გადამიღეს, არ ვიცი, მე ავტომანქანაში მარტო ვიყავი,“ – გვიპასუხა ელგუჯა ბაგრატიონის მძღოლმა, თემურ დავითაძემ. მას ვთხოვეთ დათო წითელაძესთან დაკავშირებაში დაგვხმარებოდა, თუმცა გვითხრა, რომ მისი საკონტაქტო აღარ აქვს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: