სიახლეები

საგამოძიებომ ენმ-ს წევრებს ტელეფონები ჩამოართვა, მათ ყოფილმა თანაპარტიელმა უჩივლა

18.10.2022
საგამოძიებომ ენმ-ს წევრებს ტელეფონები ჩამოართვა, მათ ყოფილმა თანაპარტიელმა უჩივლა

ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი, მამუკა ჯევაიში და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, ელგუჯა ბაგრატიონი ენმ-დან სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოკითხვაზე დაიბარა. მათ ოფისი რამდენიმე წუთის წინ დატოვეს. ამ ამბის პარალელურად ხელვაჩაურის საკრებულოს ენმ-ის ფრაქციის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ტოვებს როგორც ფრაქციის თავმჯდომარის თანამდებობას, ასევე პარტიას.

გადაწყვეტილების მიზეზად მან პარტიის წევრების მხრიდან შანტაჟი და მისი პერსონალური ინფორმაციის მესამე პირზე გადაცემა დაასახელა. საკრებულოს წევრმა ასევე განმარტა, რომ მან ამასთან დაკავშირებით საგამოძიებო სამსახურს მიმართა და შესაბამისი მასალები გადასცა.

მამუკა ჯევაიშმა და ელგუჯა ბაგრატიონმა „ბათუმელებთან“ განაცხადეს, რომ ეს არის სიცრუე და მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

„ამ პარტიის დღის წესრიგი წარმოადგენს იმას, რაზეც 2012 წელს მათ საზოგადოებამ უთხრა უარი. ჩემ მიმართ განხორციელდა უკანონო ქმედებები, ჩემი პირადი საუბრები გავრცელებული იქნა მესამე პირზე, რის გამოც მე მივმართე საგამოძიებო უწყებებს და წარვუდგინე ყველა მტკიცებულება. ნაციონალური მოძრაობის, უკვე ჩემი ყოფილი პარტიის, დღის წესრიგი წარმოადგენს ამ ხელისუფლების მიერ განხორციელებული ყველა პროექტის დისკრედიტაციას, რაშიც მე უნდა ვყოფილიყავი ჩართული, ეს იყო მათი დღის წესრიგი“, – განაცხადა საკრებულოს წევრმა მედიასთან.

მალხაზ თავდგირიძემ ასევე თქვა, რომ პარტიას ტოვებენ სხვა აქტიური წევრებიც, მას შემდეგ, რაც გაიგეს, რომ „პარტია ფინანსდება საქართველოდან გაქცეული დამნაშავე დავით კეზერაშვილის მიერ. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ლაშა კილაბერიამაც დატოვა თანამდებობა და გაემგზავრა უცხოეთში“.

ლაშა კილაბერია ბათუმის საკრებულოში ენმ-ის ფრაქციას ხელმძღვანელობდა, მან თანამდებობა დატოვა, თუმცა პარტიის დატოვების შესახებ განცხადება არ გაუკეთებია.

მალხაზ თავდგირიძე ასევე ამბობს, რომ პარტიიდან ითხოვდნენ, რომ მას დაეტოვებინა როგორც თანამდებობა, ისე საკრებულოც.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური ამ დრომდე არ აკეთებს კომენტარს, დაიწყო თუ არა გამოძიება ხელვაჩაურის საკრებულოს წევრის, მალხაზ თავდგირიძის მიმართვის შემდეგ.

გამოკითხულების ინფორმაციით კი, „მათ ჩამოართვეს ტელეფონები, რაც გამოკითხვის დასრულების შემდეგ არ დაუბრუნეს. საგამოძიებო სამსახურს ამის სამართლებრივი საფუძველი არ ჰქონდა“.

გამოკითხულთა ადვოკატის თქმით, საგამოძიებო სამსახურს არ წარმოუდგენია მოსამართლის განჩინება და სხვა სამართლებრივი აქტები, რაც სჭირდება გამოკითხვის, ასევე ტელეფონის ამოღების პროცედურას, გამოკითხულებს არც კი განუმარტეს, რა საქმის გამო დაიბარეს გამოკითხვაზე.

„დაიბარეს იმისთვის, რომ ჩამოერთვათ ტელეფონები, რაც განხორციელდა პროცედურის უხეში დარღვევით“, – ამბობს ადვოკატი.

ენმ-ს წევრები საგამოძიებოში გამოკითხვაზე

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: