მთავარი,რეკლამა,სიახლეები

უცნობი ტრადიციული კერძები აჭარიდან

15.09.2020 • 2860
უცნობი ტრადიციული კერძები აჭარიდან

აჭარის მთიანეთსა თუ ბარში გავრცელებულ კერძებს განთქმულ ქართულ სამზარეულოში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. აჭარულ სამზარეულოსაც ცალკე თავისებური სახესხვაობები აქვს: ლაზური კერძების ძირითადი ინგრედიენტი ხშირად თევზია, მთიან აჭარაში ნაღების, კარაქის, რძისა თუ ყველისგან დამზადებულ კერძებს ვხვდებით. ქობულეთში გარდა რძის პროდუქტებისა, ხორცისგან დამზადებული კერძების მრავალფეროვნებაცაა.

არაფერს ვამბობთ ბორანოზე, სინორზე, აჭარულ ხაჭაპურსა და აჩმაზე. ეჭვიც არ გვეპარება, რომ დაგიგემოვნებიათ და რეცეპტებზე არ შევჩერდებით. გარდა ცნობილი კერძებისა, აჭარაში უამრავი ნაკლებად ცნობილი კერძიცაა, უძველესი და გემრიელი.   

 

მალახტო – ჭყინტი ლობიო ისრიმის წვენში

ტრადიციულად მალახტოს აჭარაში ისრიმის წვენით მომზადებულ ჭყინტ ლობიოს უწოდებენ. მომჟავო ისრიმის წვენი ლობიოს პიკანტურ გემოს აძლევს. მალახტო ლობიოს ცივად მიირთმევენ. ძალიან უხდება ცხელი მჭადი.

მწვანე ლობიოს ხარშავენ და შემდეგ გატარებულ ან დაბლენდერებულ ნიგოზს, სანელებლებსა და ისრიმის წვენს ამატებენ. ისრიმი მკვახზე ყურძნის წვენისგან დამზადებული საწებელია.

იახნი

იახნი მდიდრულ კერძად მიიჩნევა, ტრადიციულად ქობულეთში ამზადებენ საუკეთესოდ. ეს ხბოს ხორცისგან მომზადებული სადღესასწაულო ცხელი კერძია ნიგვზითა და სანელებლებით.

იახნის მომზადებისას ინგრედიენტების რაოდენობა და დოზები მზარეულის გემოვნებასა და ფანტაზიაზეა დამოკიდებული. კარგად არის თუ არა კერძი მომზადებული, იგრძნობა ფერზე, წვენის სისქესა და გემოზე.

იახნი ძალიან სწრაფად ცივდება და სუფრასთან ერთხელ მიტანილი შეიძლება ხშირად შეცხელდეს.

კერძი განსაკუთრებით გემრიელია მეორე დღეს, გაცხელებული, როცა სანელებლები კარგადაა შერეული წვენს და განსაკუთრებულ არომატს აძლევს მას.

ქაფშიატაღანერი

ეს ძველი ლაზური კერძია. წვრილად დაჭრილ ქაფშიას მწვანილებით ამზადებენ და კატლეტივით წვავენ.

300-400 გრამ დამარილებულ ქაფშიას აცლიან ძვლებს და წვრილად ჭრიან, ამატებენ ასევე წვრილად დაჭრილ 1 კგ. ხახვს, თითო კონა წითელი ჭარხლის ფოთოლს, ქინძს, პრასს, ოხრახუშს, რეჰანს, 4-5 კბილ ნიორს, 2 ცალ კარტოფილს, 4-5 ბულგარულ წიწაკას, 4-5 პომიდორს, 1 ჭიქა მჭადის ფქვილს და სანელებლებს გემოვნებით. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ინგრედიენტი ერთად იზილება კარგად ერთგვაროვანი მასის მიღებამდე და იწვება ზეთში კატლეტივით.

ნიგვზიანი გოგრა

ნიგვზიანი გოგრაც ლაზური დესერტია. გოგრის, ტკბილი სიროფის და ნიგვზის ნაზავი რბილ და სასიამოვნო გემოს ქმნის. დესერტი განსაკუთრებით უხდება უშაქრო ჩაისა და ყავას.

ნახევარ კილოგრამ თეთრ, მშრალ გოგრას აცლიან კანს, ჭრიან მომცრო, თანაბარ ოთხკუთხედებად. როცა ცოტათი დააკლდება მოხარშვა, წურავენ. გადააქვთ ფართო ჭურჭელში და ასხამენ მდუღარე, ნიგვზიან სიროფს. ნიგვზიანი სიროფი ცალკე მზადდება: 300 გრამ გატარებულ ნიგოზს აყრიან ჭიქა შაქარს, ასხამენ ჭიქაზე ნაკლებ წყალს და ადუღებენ.

ჩირბული

ჩირბული აჭარული ცხელი კერძია კვერცხით, ნიგვზითა და სანელებლებით. ხმელი ქინძი, ზაფრანა, ოხრახუში, ნიორი, ერბო, ხახვი, პომიდორი, კვერცხი და ნიგოზი – ეს არის ინგრედიენტები, რითაც ჩირბულს ამზადებენ.

კანგაცლილ პომიდორს ამატებენ წვრილად  დაჭრილ და ერბოში მოშუშულ ხახვს.

შუშავენ ერთად ოდნავ შესქელებამდე, ამატებენ წვრილად დაჭრილ ან დაჭყლეტილ ნიორს, გატარებულ ნიგოზს, სანელებლებს, მარილს, პილპილს და ურევენ. კარგად ათუხთუხებულ მასას ამატებენ მთელ-მთელ კვერცხებს. თავდახურულ ჭურჭელში კვერცხი წვენში კარგად უნდა მოიხარშოს. ბოლოს ამატებენ ზაფრანას, რეჰანს და ოხრახუშს. მიირთმევენ ცხლად. ჩირბული განსაკუთრებით უყვართ ბავშვებს, თუმცა დიდებიც არ ამბობენ უარს ამ სწრაფად მოსამზადებელ, ყოველდღიურ კერძზე.

ყაისაფა

ყაისაფა ტრადიციული აჭარული ნუგბარია. თუ ყავასთან ერთად ამ დესერტით გიმასპინძლდებიან აჭარაში, დიდი პატივია. ყაისაფა დელიკატესია. ამზადებენ ქლიავის ჩირით, დამბალი და შერბილებული ხილის ტყლაპით, კარაქითა და ნიგვზით.

ყაისაფა საკმაოდ მსუყე დესერტია და რეკომენდებულია სადილსა და საუზმეს შორის მირთმევა ცხელი ჩაის ან ყავის თანხლებით.

დოშორვა

ეს იგივე დოს წვნიანია. მსუბუქი, მომჟავო და სწრაფად მოსამზადებელ დოშორვას ბავშვებისთვის ამზადებენ ხშირად. აჭარაში დოშორვა საუკეთესო კერძად მიიჩნევა ასევე ნაბახუსევზე, მოსაფხიზლებლად.

დოშორვა ძალიან დაეხმარება დიეტაზე მყოფებს. ნაკლებკალორიული, მსუბუქი წვნიანი შიმშილის გრძნობას აქრობს და ძალების აღდგენაში ეხმარება ორგანიზმს.


მასალაში გამოყენებული „ბათუმარანის” ფოტოები და ლაზური კერძის – ქაფშიატაღანერის ფოტო ხელვაჩაურის კულტურის ცენტრის მიერ გამოცემული კალენდრიდან.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: