მთავარი,სიახლეები

მე ვარ იმ ბათუმიდან, რომელსაც პარლამენტში დეპუტატი არასდროს ჰყოლია – ირაკლი კუპრაძე „ლელოდან“

16.08.2020 • 2668
მე ვარ იმ ბათუმიდან, რომელსაც პარლამენტში დეპუტატი არასდროს ჰყოლია – ირაკლი კუპრაძე „ლელოდან“

ირაკლი კუპრაძე პოლიტიკური გაერთიანება „ლელოს“ ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატია. მას პოლიტიკური წარსული, პრაქტიკულად, არ აქვს. მემარცხენე აქტივისტი წლებია სხვადასხვა სოციალური ჯგუფის მხარდასაჭერ აქციებს გეგმავს და სხვის მიერ დაგეგმილ აქციებში აქტიურად მონაწილეობს.

„ბათუმელები“ ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატს ესაუბრა.

  • ირაკლი, თქვენ იყავით აქტივისტი. როგორ ფიქრობთ, ეს საკმარისია იმისთვის, რომ გახდეთ ისეთი ქალაქის მაჟორიტარი, როგორიც ბათუმია? 

დაახლოებით რვაწლიანი სამოქალაქო აქტივიზმი, რომელიც ჩემი სტუდენტობის პირველივე წლიდან დაიწყო, ყველა იმ საკითხს ეხებოდა, რაც დღეისათვის ბათუმს აწუხებს. მე საერთოდ არ ვარ მაჟორიტარული სისტემის მოტრფიალე, თუმცა დღეს ამ რეალობაში გვიწევს ბრძოლა. ვფიქრობ, ის განვლილი პროცესები, შრომითი უფლებების საკითხი, ურბანული დაგეგმარების, სოციალურ-სამართლებრივი საკითხები, რომლებზეც ჩვენ წლების განმავლობაში [მე მათ შორის] ვმუშაობდით, ბათუმისთვის არის მთავარი და მნიშვნელოვანი, გარემოსდაცვით პრობლემებთან ერთად. ვიცით, რომ ურბანული კატასტროფის წინაშე დგას ბათუმი; ვიცით, როგორ მდგომარეობაშია შრომითი უფლებები მომსახურების სფეროში, სამშენებლო სფეროში. ბათუმი ერთ-ერთი „მოწინავეა“ დაღუპული მუშების, მშენებლების, დასაქმებულების მიმართულებით. სამწუხარო რეალობაა.

წლების განმავლობაში ამაზე ვმუშაობდი როგორც აქტივისტი, ასევე საკანონმდებლო დონეზე, საკომიტეტო მოსმენებზე. შეგვიმუშავებია უამრავი საკანონმდებლო წინადადება, საკონსტიტუციო სარჩელი, თუმცა იმ პირობებში მე არ გამაჩნდა არანაირი ლეგიტიმაცია და პოლიტიკური წონა, გარდა სამოქალაქო აქტივისტის სახელისა. ეს თითქმის განუხორციელებელ სურვილებად დარჩა. ახლა ჩემი მიზანია, ეს პრობლემები, რომლებიც  არის ყველა ბათუმელისთვის ძირითადი, უფრო ახლოს დავანახო მათ. დარწმუნებული ვარ, ჩემი წარსული ამაში დამეხმარება, რადგან ყოველთვის ამოვდიოდი სახალხო ინტერესებიდან. კარდაკარის პრინციპით უნდა მივიტანოთ ეს იდეები ხალხამდე. ახალი იდეების გენერატორები უნდა გავხდეთ. ჩემი მიზანია უიმედობა გადავტეხოთ. მგონია, დღეისათვის არსებობენ ადამიანები [ზედმეტი თავმდაბლობის გარეშე მეც ამ ადამიანების რიგს მივეკუთვნები], რომლებიც მუდმივად სახალხო საქმეებში და სახალხო ინტერესით იქნებიან დაკავებული.

  • როგორც მამუკა ხაზარაძემ თქვა „ლელოს“ იდეოლოგიაზე, ეს არის ცენტრისტული პარტია მემარჯვენე განხრით. თქვენ იყავით გამოკვეთილად მემარცხენე აქტივისტი, სანამ „ლელოში“ მიხვიდოდით. რა თანხვედრა გაქვთ „ლელოსთან“?  

დღემდე ვარ მემარცხენე. „ლელო“ არის დეკლარირებულად ცენტრისტული პარტია, გუნდში არიან როგორც მემარცხენეები და მემარჯვენეები, ასევე ცენტრისტები. დღეს „ლელო“ საუბრობს იმ იდეებზე, რომლებიც ჩემთვის მნიშვნელოვანია. ეს არის შრომითი უფლებების სრულყოფილი დაცვა ევროპული სტანდარტებით, „ლელო“ საუბრობს გარემოსდაცვით პროცესში სახელმწიფოს აქტიურ ჩარევაზე, საუბრობს იმაზე, რომ განათლებას ძლიერად უნდა აფინანსებდეს სახელმწიფო. იმაზე, რომ გენერალური გეგმა აუცილებელია და ის ქაოტური, მემარჯვენე, ნეოლიბერალური განვითარება და ხედვა ქალაქისა, არის სრულიად მიუღებელი და დამღუპველი. ქალაქები უნდა ვითარდებოდეს გენერალური გეგმების მიხედვით. ეს პროგრესული და მემარცხენე ხედვაა.

ჩვენ ვსაუბრობთ რეალურ პრობლემებზე და „ლელო“ დღეს ამ პროცესს არ ცდება. თუმცა არსებობს მემარჯვენე მიმართულებებიც. ჩვენი პლატფორმა საუბრობს ბიზნესის თავისუფლებაზე, ამას მეც ვემხრობი, ეს არის პრინციპული ნაწილი. ვსაუბრობთ იმაზე, რომ ეროვნული ბანკი უნდა იყოს დამოუკიდებელი და პოლიტიკური დაკვეთებისგან თავისუფალი, რადგან ეს გააჩენს შესაძლებლობას, რომ გადასახადები შევამციროთ იმ მიმართულებით, რომელიც აპრიორი გავლენას მოახდენს მოსახლეობაზე. იგულისხმება ის, რომ გაიაფდეს სესხები, გაიაფდეს სხვადასხვა მიმართულებით მომსახურება. დღეს „ლელო“ არის სუფთა ცენტრისტული პარტია და საარჩევნო პროგრამის მიხედვით, შეიძლება ითქვას, რომ ის მზადაა მუდმივად იმუშაოს ახალი საწარმოების, ახალი ბიზნესინიციატივების დაფინანსებაზე სახელმწიფოს ჩართულობით. ეს ნამდვილად არაა მემარჯვენე პოლიტიკა. ესაა სოციალური პოლიტიკა, რომელიც მიმართულია ადამიანებისთვის კეთილდღეობისკენ.

  • თქვენს ამომრჩევლად მემარცხენეებს თუ განიხილავთ, კონკრეტულად თქვენ თუ გენდობიან, როგორ ფიქრობთ?

მე მგონია, რომ მრავალწლიანმა უანგარო ბრძოლამ და იმ ავტორიტეტმა, რომელიც მე გამაჩნია მემარცხენეებში, მემარჯვენეებსა თუ ცენტრისტებში [მე ადამიანებს იდეოლოგიურად არასდროს ვყოფდი. ეს კარგად იციან იმ მეგობრებმა, რომლებიც მათ შორის ჩემს იდეოლოგიურ ოპონენტებად ითვლებოდნენ]… მხარდაჭერას ველოდები ყველა მიმართულებიდან. არასდროს ჩემი იდეები არ ყოფილა ვინმეს წინააღმდეგ, იყო პირიქით – ხალხის სასარგებლოდ. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ამ იდეებში განსხვავდება ერთმანეთისგან, ამ იდეების განხილვის პროცესში ყოველთვის ვიყავით კონსტრუქციული. შეუძლებელია საქართველოს რეალობაში, სადაც არ არსებობს მყარი იდეოლოგიური პოლიტიკური გაერთიანებები, ნაჯახივით ვჩეხავდეთ ჩვენს ოპონენტებს და მათ იდეებს. დღეს თუ გვინდა ჩვენი ქვეყნის გაჯანსაღება, ეკონომიკურიდან დაწყებული, ადამიანის უფლებებით დამთავრებული, ჩვენ უნდა დავიწყოთ შეთანხმების პოლიტიკა. მაგალითად, განათლების სისტემა ამის ყველაზე კარგი მაგალითია. მემარჯვენეები, მემარცხენეები, ხელისუფლებები იცვლებიან და ვხედავთ, რომ ყოველი ხელისუფლების ცვლილების შემდეგ განათლების სისტემა ყირავდება. ამით ზარალდებიან პირველ რიგში მასწავლებლები და მოსწავლეები. რისი მაჩვენებელია ეს – რეფორმები, რაც ტარდება, არასდროს არაა შეთანხმებული, არასდროს არაა ერთიანი გადაწყვეტილება.

  • თქვენი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი აცხადებს, რომ მისთვის კატეგორიულად მიუღებელია როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნება, ისე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენა. ამის მიუხედავად უნდა გკითხოთ, რატომ ვერ შეჯერდა „ლელო“ საერთო მაჟორიტარობის კანდიდატებზე ოპოზიციასთან? 

როგორც კი შეიქმნა ოპოზიციური მოლაპარაკების მაგიდა, „ლელო“ პირველივე დღიდან აფიქსირებდა, რომ ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება მონაწილეობდა ამ მაგიდაში მხოლოდ პროპორციული არჩევნებისთვის ბრძოლის პროცესში. როგორც კი ჩვენ პროპორციული არჩევნების განსაზღვრული პაკეტი მივიღეთ [ცხადია, ეს არ არის სრული პროპორციული, რასაც ჩენ ვითხოვდით], აქ დასრულდა ამ იდეაზე საუბარი მაგიდის გარშემო. ჩვენ დავტოვეთ ოპოზიციური მოლაპარაკებების მაგიდა.

რატომ არა ოპოზიციური შეთანხმება? – არა იმიტომ, რომ დღეს ჩვენ ვქმნით რეალურ პოლიტიკურ ალტერნატივას, რომელიც ვერ იქნება ვერც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და ვერც „ქართულ ოცნებასთან“. თუ ჩვენ გვინდა გავაჩინოთ სიახლე, ახალი იდეების გუნდი, ახალი სახეების გუნდი, ამისთვის აუცილებლად გვესაჭიროება გამოკვეთილი, ცალკეული ბრძოლის წარმოება და ჩემი ადგილი სწორედ ამიტომაა „ლელოში“.

ჩვენ ვერ ვხედავთ საკუთარ თავს ვერც „ქართულ ოცნებასთან“ და ვერც „ნაციონალურ მოძრაობასთან“. ამ აზრს სრულიად ვიზიარებ. ეს გადაწყვეტილება მიღებულია პოლიტსაბჭოს მიერ, რომლის წევრი ასევე  ვარ მე.

  • ხომ არ გაზარდეთ ამ ნაბიჯით მმართველი პარტიის შანსები, გაიმარჯვოს მისმა კანდიდატმა?

პირიქით, მგონია, რომ გაერთიანების შემთხვევაში „ლელო“ ვერ შეძლებდა იმ მხარდაჭერის მობილიზებას, რაც შეუძლია დამოუკიდებელი პოლიტიკური ბრძოლის პროცესში.

რატომ? იმიტომ, რომ ლელოს მხარდამჭერები არიან ალტერნატივაზე ორიენტირებული, ახალ ძალაზე და ახალ იმედზე. თუ ჩვენ შევდივართ შეთანხმებაში წარსულთან, რომელიც არის ამ შემთხვევაში „ქართული ოცნებაც“ და „ნაციონალური მოძრაობაც“, ეს შეუძლებელია იყოს ახალი ძალის მანიშნებელი, რომლის იმედიც აქვს დღეს ქართულ საზოგადოებას. შესაბამისად, პირიქით მგონია. ჩვენ გვაქვს შანსი, რომ შევძლოთ დიდი მხარდაჭერის მობილიზება, რომელიც ბევრად მნიშვნელოვანი იქნება შემდეგ „ქართული ოცნების“ სახლში გასაშვებად.

კარგად გვქონდა გააზრებული – ზუსტი მოლოდინი და პროგნოზი გაგვაჩნდა, რომ ოპოზიცია ჩვენ გარეშეც ვერ შეძლებდა კოორდინაციას: ვხედავთ, უკვე აღრეულ რამდენიმე ძლიერ კანდიდატს ძირითად ოლქებში. ვხედავთ, რომ რეგიონებში შეთანხმება ისედაც არ დგებოდა და ამაზე ნაციონალური მოძრაობაც კი დესტრუქციულად იქცეოდა, მიუხედავად თავდაპირველი შეთავაზებისა. თბილისი თითქოსდა შეთანხმდა, მაგრამ მაინც არის ეს მდგომარეობა. ძალიან კარგად გვესმოდა და გვესმის, რომ ოპოზიცია არ არის შეთანხმებაზე ორიენტირებული და თავიდანვე ჩვენ გვქონდა ერთი კონკრეტული გზა ახალი ძალისკენ, ახალი იმედის შემოტანისკენ ქართულ პოლიტიკაში. ეს არის ძირითადი, რის გამოც ჩვენ გადავწყვიტეთ დამოუკიდებელი ბრძოლა.

  • რა იდეები გაქვთ ბათუმთან დაკავშირებით, როგორც პოლიტიკოსი რას აპირებთ?

მინდა ვიმუშაო მედიის თავისუფლების საკითხზე, აჭარის ტელევიზიასთან მიმართებაში – არც ერთი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი აჭარიდან ამაზე არ საუბრობს.

მნიშვნელოვანია დასაქმების ახალი ადგილების გაჩენა – ის ადამიანები, რომლებიც არალეგალურად მუშაობენ თურქეთის ტერიტორიაზე, მათთვის ისეთი ფორმის მოფიქრება და შეთავაზება, რომელიც არ ჩააყენებს მათ ისეთ უმძიმეს მდგომარეობაში, როგორშიც დღეს დგანან.

ასევე მეზღვაურთა საკითხი, ვხედავთ, რომ დოკუმენტაციის მოგვარების პრობლემები ყოველდღე უფრო და უფრო ძვირდება და სახელმწიფო მათ, როგორც მეწველ ძროხას ისე უყურებს. სინამდვილეში მათ შემოაქვთ ყველაზე დიდი ფულადი სახსრები ჩვენს ქვეყანაში, რაც ეკონომიკური სტაბილურობის გარანტიაა, რა თქმა უნდა, ემიგრაციასთან ერთად. ეს საკითხები იქნება ძირითადი ჩემს მაჟორიტარულ პროგრამაში. ასევე გვექნება რეგიონული პროგრამა, რომელიც იქნება სრულიად განსხვავებული ეროვნული პროგრამისგან და მორგებული იქნება ბათუმის, აჭარის საჭიროებებზე.

  • თუ აგირჩევენ მაჟორიტარად, თქვენი მაჟორიტარობა რაში გამოადგება ბათუმს, იმ მოქალაქეებს, ვინც ხმა უნდა მოგცეთ?

მთავარი პირობა, რომელსაც საკუთარ თავს ვუდებ, არის ის… ჩვენ ვხედავთ წლებია მაჟორიტარი კანდიდატები ჩნდებიან მოსახლეობასთან, შედიან მათთან კომუნიკაციაში, მოიპოვებენ ნდობას და მანდატის მიღების შემდეგ იკარგებიან, იცვლიან ტელეფონის ნომრებს, ავიწყდებათ საკუთარი გუნდის წევრები, რომლებიც ცდილობდნენ მათ გამარჯვებაში წვლილის შეტანას. დღეს ჩემი მთავარი მიზანია, შევქმნა წარმატებული მოდელი, არამხოლოდ მაჟორიტარის, არამედ დეპუტატის და როგორც არჩევნებამდე წლების განმავლობაში ვიბრძოდი, მანდატის ქონის პირობებშიც იყოს იგივე ბრძოლა. ისევ ისე სახალხოდ სიარული, ადამიანებთან კომუნიკაცია ისე, რომ არ უნდა გამოვცვალო ტელეფონის ნომერი, არ უნდა გავხდე მიუწვდომელი ადამიანებისთვის.

როგორც კი გამარჯვების ზარზეიმს შემოვცხებთ, მეორე დღიდანვე კარდაკარ შეხვედრებს გავიმეორებთ და უნდა გავხდეთ ლობისტები იმ პრობლემების, რაც მოსახლეობას აქვს.

მათ ეყოლებათ ადამიანი, რომელიც იქნება ყოველთვის ხელმისაწვდომი, მათი ინტერესების დამცველი, ზოგადად, პოლიტიკის რწმენა რომ დავუბრუნოთ მოსახლეობას.

მე მოვდივარ ბათუმის ყველაზე ურბანული ქსოვილიდან. დავიბადე, გავიზარდე ჭაობში – არაელიტურ ოჯახში, მიუხედავად იმისა, რომ მამა ფეხბურთის მწვრთნელია, დედა სკოლის მასწავლებელი, მე ვარ სწორედ იმ ბათუმის ნაწილი, რომელსაც ძალიან იშვიათად და მგონი არც არასდროს ჰყოლია წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში. მინდა ეს გარდატეხა შემოვიტანო ქართულ პოლიტიკაში, ბათუმურ რეალობაში.

  • რა შანსები გაქვთ ბათუმში „ქართული ოცნების“ კანდიდატთან მიმართებაში?

მე ჩემს ოპონენტზე ბევრის თქმა არ შემიძლია, არც ვაპირებ და არც იქნებოდა სწორი. თუმცა ამ არჩევანის გაკეთება დამოკიდებულია ადგილობრივ საზოგადოებაზე, რომელმაც უნდა შეაფასოს ახალი ძალა, ახალი იმედი, ბრძოლის მრავალწლიანი გამოცდილება, რომელიც უკავშირდებოდა ყველასგან მივიწყებულ ხალხს; და გამოცდილება მეორე მხარის, ჩემი ოპონენტის, რომელიც წლების განმავლობაში ასლან აბაშიძესთან იყო პროკურორი, მეორე ხელისუფლებაში ძალოვანი უწყებების სახით, მესამე ხელისუფლებასთანაც ასევე. ყოველთვის ყველა ხელისუფლებას ემსახურებოდა. მე 2012 წელს ვიყავი სტუდენტური აქციების ავანგარდში, წინა ხელისუფლების წინააღმდეგ და 2012 წლიდან ვდგავარ ამ ხელისუფლების ოპოზიციურ ავანგარდში, რომელიც არასდროს ყოფილა პარტიულად ანგაჟირებული. მხოლოდ ერთი მიზანი მქონდა – სახალხო ინტერესების დაცვა. ადამიანებს, გაჭირვებულ, გაღარიბებულ ჩაგრულ მდგომარეობაში მყოფი ადამიანის უფლებებზე საუბარი იყო მხოლოდ და მხოლოდ ჩემი ბრძოლა.

ვფიქრობ, არჩევანი ნათელია, თუმცა კარგად გვესმის რა დიდ ძალასთან გვიწევს დაპირისპირება. აქ არის ადმინისტრაციული რესურსი, დაშინება… ყოველდღიურად ვხედავ ჩემდამი კეთილგანწყობილი მხარდამჭერები რამდენად არიან ხშირად ზეწოლის მსხვერპლი. ისინი არიან საჯარო მოხელეები, რომლებსაც არასამუშაო დღეებში მათ ფეისბუქლაიქებსაც კი უთვლიან. გაზიარებებს უთვლიან. მხარდაჭერას და კომენტარებს უკონტროლებენ ჩემთან მიმართებით. თუმცა ამ ადამიანებს გააჩნიათ შინაგანი ღირსება, რომელსაც დარწმუნებული ვარ, აუცილებლად გამოხატავენ სამოქალაქო ვალდებულების  შესრულების დროს, როცა იქნება არჩევნების დღე. ამიტომ თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ შესაძლებელია „ქართული ოცნების“ დამარცხება.

  • რა არის თქვენი მოკლე გზავნილი ბათუმელებისთვის?

მთავარი მესიჯია – ძალაუფლება აუცილებლად უნდა ეკუთვნოდეს ხალხს. ძალაუფლება ხალხს ეკუთვნის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას ჰყავს რეალურად არჩეული კანდიდატი. რომელიც მეორე დღეს არ იქცევა შირმად, რომელიც სადღაც აირჩიეს და მას შემდეგ არ უნახავთ. ჩემი მიზანია, ძალაუფლების დაბრუნება ხალხისთვის. ამ ძალაუფლების დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ ისეთი კანდიდატის გამორჩევით, რომელსაც ექნება თანაგანცდა, იქნება მათიანი. მე მათიანი ვარ. იმ ადამიანების მეზობელი, მეგობარი, ნათესავი ვარ, ვისაც აწუხებს ეს პრობლემები და მათ შორის მაწუხებს მეც.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: