ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

პანდემიით დაზარალებულ მოიჯარეებს შეეძლებათ შეღავათისთვის მერიას იანვრამდე მიმართონ

28.07.2020 • 2373
პანდემიით დაზარალებულ მოიჯარეებს შეეძლებათ შეღავათისთვის მერიას იანვრამდე მიმართონ

მოიჯარეებს, რომლებიც ბათუმის მუნიციპალური ქონებით სარგებლობენ, უფლება ექნებათ იჯარის ხელშეკრულებებში კორონავირუსის პანდემიის გამო ცვლილებების შესატანად მერიას განცხადებით 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მიმართონ. ცვლილება მოიჯარეებისთვის ითვალისწინებს შეღავათს, რაც ქირის, საზღაურის და სხვა გადასახადების შემცირებას გულისხმობს.

ცვლილება საკრებულოს მიერ 30 აპრილს მიღებულ დადგენილებაში შედის. ამ დადგენილებით, მოიჯარეებს, რომლებსაც პანდემიის გამო შეჩერებული ჰქონდათ საქმიანობა, ხელშეკრულებებში ცვლილების შესატანად მერიისთვის განცხადებით უნდა მიემართათ „პირველი ვადამოსული სარგებლობის საფასურის გადახდის თარიღამდე“.

„ბევრმა მოიჯარემ განცხადებით ვერ მოგვმართა იმ დრომდე, ვიდრე არ დადგა მათი გადასახადის გადახდის დრო. ბევრს ალბათ ინფორმაცია არ ჰქონდა, ბევრი ადგილზე არ იყო, ან არასწორად გაიგო და ამიტომ ამ შეღავათით ვერ ისარგებლებდნენ. მუშაობა ფაქტობრივად გაჩერებული ჰქონდათ, ამიტომ ჩავთვალეთ საჭიროდ მათ მიერ განცხადების წარმოდგენის თარიღი შეგვეცვალა და ყველასთვის 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით განგვესაზღვრა. სწორედ ეს თარიღი უნდა შეიცვალოს აპრილის დადგენილებაში. სხვა ყველაფერი რჩება უცვლელი. ცვლილება საკრებულომ უნდა დაამტკიცოს“, – გვითხრა დავით კოპინაძემ, ბათუმის მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა.

საკითხს ბათუმის საკრებულო 31 ივლისის სხდომაზე განიხილავს.

საკრებულოს დადგენილებით, მოიჯარის მხრიდან ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანაზე განცხადების არარსებობა, განიხილება „ხელშეკრულების შეცვლილ გარემოებებისადმი მისადაგებაზე“ უარის თქმად და სახელშეკრულებო ურთიერთობები გაგრძელდება არსებული პირობებით. ანუ, მოიჯარე შეღავათით ვერ ისარგებლებს.

შეღავათით, წლიურ საფასურს ჯამში გამოაკლდება თანხა იმ თვეებზე გადაანგარიშებით, რა თვეებშიც მოიჯარეს შეჩერებული ჰქონდა საქმიანობა პანდემიის გამო:

„ბათუმის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით მიმღებ პირებთან გაფორმებული ხელშეკრულებების ახალი კორონავირუსის (COVID-19) მიერ გამოწვეული შეცვლილი გარემოებებისადმი მისადაგების მიზნით, განხორციელდეს ამ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სარგებლობის საფასურის (ქირა, საზღაური და სხვა) შემცირება ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო დაწესებული შეზღუდვების მოქმედების განმავლობაში (ეკონომიკური საქმიანობის შეჩერების ვადით) გადასახდელი თანხის ოდენობით, შემდეგი წესით: წლიურ სარგებლობის საფასურს გამოაკლდება ეკონომიკური საქმიანობის შეჩერების პერიოდისათვის გადასახდელი თანხის ოდენობა, თვეების გაანგარიშებით [ეკონომიკური საქმიანობის შეჩერების დაწყების და დასრულების თვეები იანგარიშება სრულად, მიუხედავად ეკონომიკური საქმიანობის შეჩერების დაწყების და დასრულების თარიღისა] – აღნიშნულია საკრებულოს მიერ აპრილში მიღებულ დადგენილებაში.

ამ თემაზე:

მერია კონტრაქტორებს პირგასამტეხლოსგან გაათავისუფლებს და ვალდებულებებს გადაუვადებს

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: