მთავარი,სიახლეები

ბსუ-ს რექტორი უნივერსიტეტში რექტორის არჩევნებზე: მე როგორ გიპასუხოთ სხვის სურვილებზე? 

14.07.2020 • 2125
ბსუ-ს რექტორი უნივერსიტეტში რექტორის არჩევნებზე: მე როგორ გიპასუხოთ სხვის სურვილებზე? 

ხვალ, 15 ივლისს, ბათუმის რუსთაველის  სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალ რექტორს აირჩევენ. რექტორობა უნივერსიტეტში მხოლოდ ორ პროფესორს სურს. რატომ არის რექტორის არჩევნებზე მხოლოდ ორი კანდიდატი და აჩვენებს თუ არა ეს იმას, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტში მთავრობის მხარდაჭერის გარეშე არ სჯერათ არჩევნების? – ეს ერთ-ერთი კითხვაა, რომელიც მერაბ ხალვაშს დავუსვით. ის ბსუ-ს მოქმედი რექტორია და ახლა უკვე რექტორობის ერთ-ერთი კანდიდატი.

რექტორობის კანდიდატები – მერაბ ხალვაში და ინგა შამილიშვილი სამოქმედო გეგმებით პირდაპირ აკადემიურ საბჭოს სხდომაზე გამოცხადდებიან, სადაც აირჩევენ კიდეც ბსუ-ს ახალ რექტორს.

  • ბატონო მერაბ, პირველ რიგში, მინდა გკითხოთ თქვენი კონცეფციების შესახებ, რაც საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის. უნივერსიტეტში ხვალ ისე აირჩევენ რექტორს, რომ არავის ეცოდინება, რას აპირებთ კანდიდატები. 

ჩვენს რეგულაციებში მითითებულია, რომ სამოქმედო გეგმას კანდიდატი წარუდგენს აკადემიურ საბჭოს. ამიტომაც არ მინდოდა, დაგვერღვია რეგულაციები.

კანონი ამას არ ითხოვს.

  • კანონი არ ითხოვს, მაგრამ გამჭვირვალობა და ღიაობა თქვენთვის ანგარიშგასაწევი რატომ არ აღმოჩნდა?

არც ასეთი პრეცედენტი ყოფილა აქამდე, სამოქმედო გეგმები სადმე ვებგვერდებზე იყოს ატვირთული. პირდაპირ გაწერილია რეგულაციებში, რომ კანდიდატმა უნდა წარადგინოს გეგმა აკადემიურ საბჭოზე და გავაკეთეთ ასე.

  • სულ ორი კანდიდატი ხართ. თქვენი აზრით, რატომ არ გაუჩნდათ სხვებს რექტორობის სურვილი? 

მე როგორ გიპასუხოთ სხვის სურვილებზე? ვისაც გაუჩნდა სურვილი, შემოიტანა. არ ვიცი, სხვას რატომ არ გაუჩნდა სურვილი.

  • ხომ არ აჩვენებს ეს იმას, რომ არის კლანური გარიგება უნივერსიტეტში და არ სჯერათ არჩევნების რეალურობის? გვახსოვს რამდენიმე კანდიდატი წინა წლების არჩევნების დროს და ერთგვარი წინასაარჩევნო დაძაბულობა. 

დაძაბულობა იყო მოვალეობის შემსრულებლის არჩევნების დროს. შემდეგ ჩატარდა რექტორის არჩევნები და მაშინაც ორი მსურველი იყო, ანუ 2016 წელს. 2012 წელს საერთოდ ერთი კანდიდატურა იყო… 2008 წელს 4 კანდიდატურა იყო, მაშინ იყო დემოკრატია და მერე არა? არ ვიცი. თუ ვიღაცას სურვილი ჰქონდა და ხელ-ფეხი შეუბოჭეს, ეგ გამოჩნდება. დღეს ის დროა, რომ ეს არ დაიმალება.

  • თქვენი დამოკიდებულება მმართველ პოლიტიკურ ძალასთან ხომ არ აჩვენებს იმას, რომ არჩევანი თქვენზე გააკეთეს უკვე? ვგულისხმობ პარტიულ შეკრებებზე სტუდენტების მასობრივად დასწრებას. 

სტუდენტები მე არ გამიგზავნია. თავისი ნებით  სტუდენტი თუ წავიდა, მე ამაზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ, ზრდასრული ადამიანია და წავიდა. ნუ ახლა რა გავაკეთოთ?… არის შემთხვევები, როცა სალექციო პროცესს სტუდენტების 30 პროცენტი ესწრება, ეს არის თავისუფალი და ჩვენ ამ დროს არ ვარკვევთ, სად არის ამ დროს სტუდენტი.

ორგანიზებული შეკრება არ ყოფილა, უნივერსიტეტის ადმინისტრაციას არასდროს არანაირი ორგანიზება მსგავს ღონისძიებებზე არ გაუკეთებია. ამის დამამტკიცებელს ვერაფერს მეტყვით, რადგან არ ყოფილა მსგავსი რამ.

  • ანუ ასობით სტუდენტს თავისით გაუჩნდა ლექციის მიტოვების და პარტიულ შეკრებაზე დასწრების სურვილი და თანაც მოიტყუეს, ლექტორებმა დაგვავალეს აქ მოსვლაო? 

სტუდენტი, რომელიც წავიდა შეხვედრაზე და სადაც არ უნდა წასულიყო, ამას მე ვერ ავუკრძალავ… უნივერსიტეტში დასწრება არის თავისუფალი. სტუდენტი არის ზრდასრული ადამიანი და მას აქვს უფლება, მოვიდეს ლექციაზე ან არ მოვიდეს. რომ ყოფილიყო შემთხვევა, რომ აი, წადით ლექციებიდან პარტიულ შეკრებაზე, ეს კი, მაგრამ გეუბნებით, რომ ასეთი ფაქტი არ ყოფილა.

  • „იდენტობას“ ბსუ-მ არ დაუთმო დაგეგმილი შეხვედრისთვის ოთახი. სახალხო დამცველმა დისკრიმინაციად შეაფასა ის, რომ უნივერსიტეტმა სარემონტო სამუშაოების მოტივით თქვა უარი წინასწარ ჩანიშნულ შეხვედრაზე. „ბათუმელებმა“ მაშინ გადაამოწმა, რომ რემონტი არ იყო აუდიტორიაში, სადაც შეხვედრა უნდა გამართულიყო და რა მიზეზითაც ამ შეკრებაზე უარი უთხარით. 

თქვენ ჩემი კონცეფცია გაინტერესებთ, თუ ამ ხუთ წელში რა მოხდა, ის გაინტერესებთ?

სახალხო დამცველმა… ზუსტად არ მახსენდება, ვერ ვიხსენებ შეფასებას… მიგვითითა, რომ რეგულაციები გაგვეწერა და რამდენიმე თვის წინ შევიტანეთ ცვლილებები რეგულაციებში, ასეთი რადიკალური მიდგომები არ ყოფილა.

  • ეთანხმებით სახალხო დამცველის შეფასება, რომ თქვენი მიდგომა დისკრიმინაციული იყო? 

ნამდვილად არ ყოფილა დისკრიმინაციული… მათ არანაირი ოფიციალური მომართვა არ ჰქონდათ. მათ ჰქონდათ ერთ-ერთ თანამშრომელთან პირადი მიმოწერა. მე საქმის კურსში არ ვიყავი. მე ეს გავიგე მას შემდეგ, როცა მიიღეს უარი. ოფიციალური შეტყობინება საქმისწარმოების წესით უნივერსიტეტში არ შემოსულა…

  • უნივერსიტეტის გამოწვევა რა არის დღეს, პანდემიის გარდა? 

საერთოდ, უნივერსიტეტს აქვს გრძელვადიანი, შვიდწლიანი გეგმა. ამიტომ არათუ უნივერსიტეტის რექტორი, არამედ უნივერსიტეტის ნებისმიერი თანამშრომელი ვალდებულია იხელმძღვანელოს ამ სამოქმედო გეგმით და იმუშაოს იმისთვის, რომ ის ნიშნულები, რაც გაწერილია, იქნას მიღწეული.

შემიძლია გამოვყო რამდენიმე მიმართულება: თანამედროვე ტექნოლოგიების როლის გაზრდა სწავლა-სწავლების და მეცნიერების მიმართულებით, მეორე – ეს არის კრიზისების მართვის ეფექტიანი სისტემების ჩამოყალიბება, ე.წ. ბიზნესუწყვეტობის მიღწევა; სწავლა-სწავლების და მეცნიერების პრაქტიკულობაზე ორიენტირებულობა და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ინტერნაციონალიზაციის მაღალი ხარისხი. ეს არის ძირითადი ოთხი გამოწვევა, რომელსაც უნდა უპასუხოს უნივერსიტეტმა და 2025 წლისთვის უნივერსიტეტი გარკვეულწილად მიუახლოვოს საერთაშორისო სტანდარტებს.

____

ამავე თემაზე:

ბსუ-ს რექტორობის კანდიდატი ინგა შამილიშვილი თავის საარჩევნო პროგრამასა და კონკურენტზე 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: