ქურდული სამყაროს წევრობისთვის გასამართლებული მინდია ლავასოღლის მხარდამჭერები, რომლებიც 5 ივნისის აქციაზე დააკავეს, სასამართლომ ადმინისტრაციული წესით დააჯარიმა. სასამართლო დღეს, 6 ივნისს გაიმართა. დაკავებული 9 პირიდან სასამართლომ 8 პირს 1000-1000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა, ერთ პირს კი სიტყვიერი გაფრთხილება მისცა.
აღნიშნულმა პირებმა გუშინ, 5 ივნისს ახალსოფელთან, ბათუმი-სარფის საავტომობილო გზის ბლოკირება სცადეს. საპროტესტო აქციის მონაწილეები პოლიციელების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით იყვნენ დაკავებული.
ლავასოღლის ახლობლები საპროტესტო აქციებს ბათუმში პირველი ივნისიდან მართავენ. მინდია ლავასოღლის ქურდული სამყაროს წევრობის მუხლით 2018 წელს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. განაჩენის გამოტანის დროისთვის იგი საქართველოში არ იმყოფებოდა.
ლავასოღლი ამ დროისთვის თურქეთის ციხეში იმყოფება. მისი ოჯახის წევრები მის საქართველოში გადმოყვანას მოითხოვენ.
ამავე თემაზე:
„კანონიერი ქურდის“, ლავასოღლის ოჯახს პროკურატურა შეხვდება – აქციები გრძელდება