მთავარი,სიახლეები

ბათუმში ლავასოღლის მხარდასაჭერ აქციაზე 9 პირი დააკავეს

05.06.2020
ბათუმში ლავასოღლის მხარდასაჭერ აქციაზე 9 პირი დააკავეს

დღეს, 5 ივნისს, ბათუმში, ქურდული სამყაროს წევრობისთვის გასამართლებული მინდია ლავასოღლის მხარდასაჭერ აქციაზე 9 პირი დააკავეს. მათ დღეს ბათუმი-სარფის საავტომობილო გზის ბლოკირება სცადეს ახალსოფელთან.

საპროტესტო აქციის მონაწილეები ადმინისტრაციული წესით, პოლიციელების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით არიან დაკავებული.

აქციის მონაწილეები მინდია ლავასოღლის თურქეთიდან საქართველოში ექსტრადაციას ითხოვენ. ისინი უკვე მესამე დღეა აანონსებენ სარფის საბაჟოს გადაკეტვას, თუმცა ეს რამდენჯერმე გადადეს. დღეს აქციის მონაწილეები სარფისკენ მიდიოდნენ, თუმცა ახალსოფლიდან უკან, პროკურატურასთან დაბრუნება გადაწყვიტეს, სადაც 15 ადამიანი შიმშილობს.

აქციის მონაწილეების თქმით, პროკურატურასთან დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, როცა ცნობილი გახდა, რომ ოჯახის წევრებს პროკურორი შეხვდებოდა. აქციის მონაწილე მაია მელიქიძემ ვერ დაგვიზუსტა, ვინ უთხრა მათ ამის შესახებ. ადვოკატი ლექსო კობაიძე ამბობს, რომ მას პროკურატურიდან ჯერ არავინ შეხმიანებია.

მინდია ლავასოღლის მხარდასაჭერად ბათუმში, პროკურატურის შენობასთან, 15 ადამიანი შიმშილობს, 5 მათგანს პირი აქვს ამოკერილი.

ლავასოღლის ახლობლები საპროტესტო აქციებს ბათუმში პირველი ივნისიდან მართავენ.  მინდია ლავასოღლის ქურდული სამყაროს წევრობის მუხლით 2018 წელს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. განაჩენის გამოტანის დროისთვის იგი საქართველოში არ იმყოფებოდა. იგი თურქეთში 2018 წელს დააკავეს. მინდია ლავასოღლის ოჯახის წევრებს ეჭვი აქვთ, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ სურს მინდია ლავასოღლის ქართულ ციხეში გადმოყვანა. მათივე თქმით, მინდია ლავასოღლი მიწიდან ოთხი სართულის ქვემოთ გადაიყვანეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებით დამძიმდა.

საქართველოს პროკურატურაში ვერ განმარტავენ, რის გამო ვერ ხერხდება მინდია ლავასოღლის ექსტრადაცია. პროკურატურაში განაცხადეს, რომ საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოები განიხილავენ ძებნილი მინდია ლავასოღლის საქართველოში ექსტრადაციას და მოცემულ ეტაპზე მიმდინარეობს შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული საექსტრადაციო პროცედურები.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: