Batumelebi | „კანონიერი ქურდის“, ლავასოღლის ოჯახს პროკურატურა შეხვდება – აქციები გრძელდება „კანონიერი ქურდის“, ლავასოღლის ოჯახს პროკურატურა შეხვდება – აქციები გრძელდება – Batumelebi
RU | GE  

„კანონიერი ქურდის“, ლავასოღლის ოჯახს პროკურატურა შეხვდება – აქციები გრძელდება

ქურდული სამყაროს წევრობისთვის გასამართლებული მინდია ლავასოღლის ოჯახის წევრებს და ადვოკატს გენერალურ პროკურატურაში ორშაბათს, 8 ივნისს შეხვდებიან. ამის შესახებ „ბათუმელებს“ ლავასოღლის ადვოკატმა, ლექსო კობაიძემ უთხრა. ლავასოღლის მხარდასაჭერად საპროტესტო აქციები ბათუმში პირველ ივნისიდან იმართება. აქციის მონაწილეები თურქეთში, საექსტრადაციო პატიმრობაში მყოფი მინდია ლავასოღლის საქართველოსთვის გადმოცემას ითხოვენ.

ადვოკატის თქმით, პროკურატურიდან დღეს მას შემდეგ დაუკავშირდნენ, როცა საპროტესტო აქციის 9 მონაწილე ადმინისტრაციული წესით დააკავეს ბათუმი-სარფის საავტომობილო გზის ჩაკეტვის დროს.

„ცნობილი არ არის, რას გვეტყვიან პროკურატურაში, ან არის თუ არა რამე გადაწყვეტილი… საპროტესტო აქციები გრძელდება, ვიდრე ლავასოღლის საქართველოს არ გადმოსცემენ. 17 ადამიანი შიმშილობს, მათ შორის, ოთხს ისევ პირი აქვს ამოკერილი. იმედია, პროკურატურაში შეხვედრა შეხვედრისთვის არ იქნება,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ლექსო კობაიძემ.

მინდია ლავასოღლის ქურდული სამყაროს წევრობის მუხლით 2018 წელს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. განაჩენის გამოტანის დროისთვის იგი საქართველოში აღარ იმყოფებოდა. ლავასოღლი  თურქეთში 2018 წელს დააკავეს. მინდია ლავასოღლის ოჯახის წევრებს ეჭვი აქვთ, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ სურს მინდია ლავასოღლის ქართულ ციხეში გადმოყვანა. მათივე თქმით, მინდია ლავასოღლი მიწიდან ოთხი სართულის ქვემოთ გადაიყვანეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებით დამძიმდა.

საქართველოს პროკურატურაში კი, ვერ განმარტავენ, რის გამო ვერ ხერხდება მინდია ლავასოღლის ექსტრადაცია. პროკურატურაში განაცხადეს, რომ საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოები განიხილავენ ძებნილი მინდია ლავასოღლის საქართველოში ექსტრადაციას და მოცემულ ეტაპზე მიმდინარეობს შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული საექსტრადაციო პროცედურები.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი