მთავარი,სიახლეები

“წონაში მოიმატა და დაკლება უნდა” – რიჟვაძე აჭარის ტელევიზიის წინ მოშიმშილეზე

05.06.2020 • 3893
“წონაში მოიმატა და დაკლება უნდა” – რიჟვაძე აჭარის ტელევიზიის წინ მოშიმშილეზე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე აჭარის ტელევიზიის წინ მოშიმშილე აქტივისტზე ამბობს, რომ ის „წონაში დასაკლებად შიმშილობს“.

„ეს არის  ჩვეულებრივი პოლიტიკური შოუ ევრონაცებიდან, შესაბამისად ამ შიმშილობის მიზეზი არის ორი. ერთი – არის პოლიტიკური შოუ და მეორე არის, ალბათ წონაში მოიმატა და უნდა დაკლება,“ –  ასე უპასუხა აჭარის  მთავრობის  თავმჯდომარემ “ბათუმელების” კითხვას აჭარის ტელევიზიის წინ მოშიმშილე  აქტივისტზე.

მოძრაობა „მე მიყვარს ბათუმის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი ალექსანდრე მილორავა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის  ტელევიზიისა და რადიოს წინ მერვე დღეა შიმშილობს.

დღეს, 5 ივნისს, აჭარის ტელევიზიის მენეჯმენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით გახდა ცნობილი, რომ ალექსანდრე მილორავა 2017 წელს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობდა პარტია „ევროპული საქართველოს“ სახელით. სწორედ ამაზე გააკეთა აქცენტი თორნიკე რიჟვაძემ, როდესაც მილორავას პოლიტიკურ ინტერესზე მიუთითა.

მილორავას კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების რედაქციიდან ჩამოშორებას აპროტესტებს და დირექტორის – გიორგი კოხრეიძის იმპიჩმენტს ითხოვს.

დღეს, 5 ივნისს, საღამოს 7 საათზე, აჭარის ტელევიზიასთან საპროტესტო აქციაა დაგეგმილი.

გადაბეჭდვის წესი