მთავარი,სიახლეები

ნარკოტიკის „გამოუსადეგარი ოდენობისთვის“ 8 წლით ვეღარ დაგაპატიმრებენ – საკონსტიტუციო

04.06.2020
ნარკოტიკის „გამოუსადეგარი ოდენობისთვის“ 8 წლით ვეღარ დაგაპატიმრებენ – საკონსტიტუციო

„გამოუსადეგარი ოდენობის“ ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის ადამიანს 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ვეღარ მიუსჯიან. საკონსტიტუციო სასამართლომ ეს დღეს, 4 ივნისს, გადაწყვიტა. მოსარჩელეები ამ მუხლით გასამართლებული პირები იყვნენ, რომლებიც მიუთითებდნენ, რომ მოხმარების შემდეგ დარჩენილი ცარიელი შპრიცისთვის ადამიანები არ უნდა ისჯებოდნენ.

საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ 2017 წლის 13 ივლისის № 1/8/696 გადაწყვეტილებით დადგინდა ზოგადი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობა მოსახმარად გამოუსადეგარი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების დამზადების, შეძენისა და შენახვისთვის წარმოადგენს აშკარად არაპროპორციულ სასჯელს და, შესაბამისად, ეწინააღმდეგება არაადამიანური სასჯელის გამოყენების აკრძალვის კონსტიტუციურ დანაწესს.

მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს საჩივარი არსებითად განსახილველად არ დაუშვია, დღეს გამოტანილი განჩინებით კმაყოფილია საია-ს იურისტი გიორგი გოცირიძე. „მოსალოდნელზე უკეთესი შედეგი დადგა“, – ამბობს ის.

იურისტი განმარტავს, რომ თუკი აქამდე მხოლოდ „დეზომორფინის“ შემთხვევაში ვერ შეუფარდებდა მოსამართლე ბრალდებულს თავისუფლების აღკვეთას გამოუსადეგარი ოდენობისთვის, ამჯერად ეს წესი ნებისმიერი ტიპის ნარკოტიკულ საშუალებას შეეხება.

საკონსტიტუციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილების შემდეგ საერთო სასამართლოს მოსამართლემ უნდა განსაზღვროს რა ოდენობაა „გამოუსადეგარი“. იურისტი გიორგი გოცირიძე ამბობს, რომ ეს მოსამართლემ მტკიცებულების საფუძველზე, ანუ ამ შემთხვევაში – ნარკოლოგის ჩვენების საფუძველზე უნდა განსაზღვროს.

რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი ბრალდების მხარის მიერ მოწვეული ნარკოლოგი იტყვის, რომ ამოღებული ნარკოტიკი მოხმარებისთვის საკმარისია, დაცვის მხარის მოწვეული კი ისაუბრებს იმაზე, რომ ეს „გამოუსადეგარი ოდენობისაა“?

გიორგი გოცირიძე კანონის მოთხოვნაზე ამახვილებს ყურადღებას, რომლის მიხედვით ნებისმიერი ეჭვი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს, თუმცა შესაძლებელია, ადვოკატის მიერ მოწვეული ნარკოლოგის ჩვენება არ იყოს დამაჯერებელი.

„უმჯობესია, თუკი პარლამენტი კონკრეტულ ოდენობებს განსაზღვრავს კანონში და დაზუსტებული იქნება ეს,“ – აღნიშნა გიორგი გოცირიძემ „ბათუმელებთან“.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: