მთავარი,სიახლეები

დედამიწაზე ბიოლოგიური სახეობების მეექვსე მასობრივი გადაშენება მიმდინარეობს – BBC

04.06.2020 • 2835
დედამიწაზე ბიოლოგიური სახეობების მეექვსე მასობრივი გადაშენება მიმდინარეობს – BBC

დედამიწაზე ბიოლოგიური სახეობების მეექვსე, მასობრივი გადაშენება მიმდინარეობს,  რომლის მასშტაბები შეიძლება შევადაროთ მხოლოდ დინოზავრების გადაშენებას – ამის შესახებ სტატიას „ბიბისი“ აქვეყნებს ამერიკელი და მექსიკელი მეცნიერების კვლევაზე დაყრდნობით.

ექსპერტებმა გააანალიზეს გადაშენების პირას მყოფი ცხოველების მონაცემები და დაადგინეს, რომ 515 სახეობის ძუძუმწოვარს, ფრინველს, რეპტილიას და ამფიბიას გადაშენება ემუქრება.

ბიოლოგიური სახეობების პირველი მასობრივი გადაშენება მოხდა დაახლოებით 540 მლნ წლის წინ, მეხუთე კი – 66 მლნ წლის წინ, როცა, ყველაზე გავრცელებული თეორიის მიხედვით, ასტეროიდის დედამიწაზე ჩამოვარდნამ დინოზავრების გადაშენება გამოიწვია.

თუ აქამდე გადაშენებას იწვევდა ბუნებრივი კატასტროფები, ახლა მიმდინარე პროცესი ადამიანის საქმიანობითაა გამოწვეული, პირველ რიგში, ტყეების გაჩეხვითა და ბრაკონიერობით.

„ჩვენ შევედით მეექვსე მასობრივი გადაშენების ფაზაში. როგორც ჩვენი კვლევები აჩვენებს, კრიზისი ისე სერიოზულია, რომ ჩვენი მოქმედება უახლოესი 10-50 წლის განმავლობაში განსაზღვრავს კაცობრიობის მომავალს“ – უთხრა „ბიბისის“ კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა, მექსიკის ეროვნული უნივერსიტეტის პროფესორმა ხერარდო სებალოსმა.

მან და კიდევ ორმა ბიოლოგმა, პროფესორმა პოლ ერლიხმა სტენფორდის უნივერსიტეტიდან და დოქტორმა პიტერ რეივენმა მისურის ბოტანიკური ბაღიდან, შეაჯამეს ბუნების დაცვის საერთაშორისო საბჭოს და ფონდის – Birdlife-ის მონაცემები. კვლევის შედეგები გამოქვეყნდა ჟურნალში – Proceedings of the National Academy of Sciences.

მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ფაუნის სახეობების გაქრობა ბუნებრივ ტემპს ასჯერ აღემატება. გადაშენების პირას მყოფი სახეობები ბინადრობენ ყველა კონტინენტზე, ანტარქტიდის გარდა, მაგრამ უფრო მეტად – ტროპიკებსა და სუბტროპიკებში.

მაგალითად, გადაშენების საფრთხის წინაშე აღმოჩნდა ბრაზილიის ჯუნგლებში მცხოვრები მაიმუნი ოქროსფერი ტამარინი, ეთიოპიური ტურა კაბერუ, ნიანგის სახეობა, რომელიც ინდოეთსა და მის მეზობელ ქვეყნებში ცხოვრობს და ა.შ.

მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ბიოლოგიურ სახეობათა გადაშენება ისეთივე სერიოზულ საფრთხეს უქმნის კაცობრიობას, როგორც კლიმატის ცვლილება და გარემოს დაბინძურება. ამავე დროს, ეს ყველაფერი ერთმანეთთანაა კავშირში. მეცნიერები გადაშენების პირას მყოფი სახეობების შენარჩუნებას კაცობრიობის მორალურ ვალდებულებას უწოდებენ.

„ვეთანხმები კვლევის ავტორებს, რომ ბიოლოგიური სახეობების შენარჩუნება იმსახურებს კლიმატის ცვლილებაზე არანაკლებ ყურადღებას“  – ამბობს პროფესორი დიანა ფიშერი კვინსლენდის უნივერსიტეტიდან [ავსტრალია].

მისი თქმით, ბევრმა ადამიანმა უბრალოდ არ იცის, ველური ბუნების რამდენად დიდი ნაწილი შეიძლება გაქრეს სამუდამოდ.

პროფესორი კრის ჯონსონი ტასმანიის უნივერსიტეტიდან მიიჩნევს, რომ ასეთი რამ დედამიწაზე არ მომხდარა დინოზავრების გაქრობის შემდეგ.

„ბიოლოგიური სახეობების გადაშენების საფრთხე სწრაფად იზრდება ისეთი პროცესების გამო, როგორიცაა კლიმატის ცვლილება და ამ სახეობების საცხოვრებელი არეალის მოსპობა“, – ამბობს ის და დასძენს, რომ ის 515 სახეობა, რომელთა რაოდენობა წარმოდგენილია ათასზე ნაკლები ინდივიდით, მალე გაქრება.

____________________

ფოტოზე: ოქროსფერი ტამარინი, რომელიც ბრაზილიაში ბინადრობს, გადაშენების საფრთხის წინაშეა. ფოტო: ვიკიპედია 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: