მთავარი,სიახლეები

ცრუ „ბითლზი”, რომელმაც სამხრეთ ამერიკელების გაცურება სცადა

09.05.2020 • 2261
ცრუ „ბითლზი”, რომელმაც სამხრეთ ამერიკელების გაცურება სცადა

1964 წელს, „ბითლზის“ სამხრეთამერიკელი ფანები ლივერპულელ ოთხეულს ელოდნენ, თუმცა ჯონის, პოლის, ჯორჯის და რინგოს ნაცვლად იქ ტომი, ბიკი, ბილი და დეივი ჩავიდნენ. ნამდვილი ,,ბითლზისგან“ განსხვავებით ისინი ფლორიდის შტატიდან იყვნენ და ლივერპულთან არაფერი აკავშირებდათ.

1964 წელს, როცა ,,ბითლზის“ მუსიკას უკვე მთელი მსოფლიო უსმენდა, გაზეთების მთავარ გვერდებზე წერდნენ, რომ წლის მეორე ნახევარში ,,ბითლზი“ ტურნეს გეგმავდა სამხრეთ ამერიკაში.

ჯგუფის ტურნეს სამხრეთ ამერიკაში მილიონობით ფანი ელოდა. ივლისის თვეში არგენტინაში, ბუენოს-აირესის აეროპორტში ტრაპიდან ოთხი ახალგაზრდა დაეშვა ყველასთვის  ნაცნობი ვარცხნილობით.

სინამდვილეში კი ლივერპულელი ოთხეული ამ დროს გასტოროლებსა და ჩაწერებს შორის შუალედით სარგებლობდა და ლონდონში ისვენებდა.

მათი ადგილი ოთხმა ამერიკელმა ჩაანაცვლა ფლორიდიდან.

ჯგუფმა The Ardells, რომელიც ბარებსა და კლუბებში უკრავდა სახელი გადაირქვა და The American Beetles დაირქვა, მოკლედ კი უბრალოდ The Beetles – რეალური ,,ბითლზისგან“ სულ ერთი ასოთი განსხვავებული სახელი.

ამერიკული ,,ბითლზის“ მენეჯერი, ბობ იორი ფერნანდო პერესის დოკუმენტურ ფილმში ,,დღე, როცა ამერიკაში ,,ბითლზი“ ჩაფრინდა“, იხსენებს, რომ არსებობდა ინგლისური ,,ბითლზი“, მან კი გადაწყვიტა ამერიკული ,,The Beetles”  შეექმნა.

ამერიკულმა ოთხეულმა თმაც ნამდვილი ,,ბითლზის“ წევრებივით მოუშვა. ამ ერთი შეხედვით სახუმარო ნაბიჯს უცებ მოჰყვა გამოხმაურება, გაიზარდა ჯგუფის ჰონორარი და იმატა ამერიკელი პროდიუსერების ინტერესმა.

იმპრესარიო რუდი დუკლომ ამერიკულ ოთხეულს მაიამის ერთ-ერთ კლუბში მოუსმინა და გადაწყვიტა მათთვის ტური მოეწყო სამხრეთ ამერიკაში.

არგენტინის სატელევიზიო არხებზე აქტიურად მიდიოდა სარეკლამო კამპანია, მოქმედებდა ერთი პატარა ხრიკი, რომ იმპრესარიო რუდი დუკლო არ ახსენებდა ,,ამერიკულ ბითლზს“ და მოკლედ  ამბობდა ჯგუფის სახელს, რომ სამხრეთ ამერიკას მალე ,,ბითლზი“ ეწვეოდა.

კონკურენცია ტელევიზიებს შორის უზარმაზარი იყო. ყველას სურდა ,,ბითლზი“ პირველად ეჩვენებინა ეთერში.

ორმა არგენტინულმა ტელეარხმა Channel 13 და Channel 9 ერთდროულად ჩართო გადაცემაში  ამერიკული „ბითლზის“ წევრები. როგორც BBC წერს Channel 13-მა სრული მნიშვნელობით ,,გაიტაცა“ ჯგუფის ერთი წევრი აეროპორტიდან, რომ პირდაპირ ეთერში ჩაერთო.

BBC-სთან საუბრისას ფაქტის შემსწრე ნამდვილი,,ბითლზის“ ფანები იხსენებენ პირველ შთაბეჭდილებას, როცა აღმოაჩინეს, რომ ეს ცრუ ბითლზი იყო. ჯგუფის სრული შემადგენლობა ტელეარხმა Channel 9 ჩაწერა. სანამ მათზე გადაცემის წამყვანი საუბრობდა ისინი გიტარებით იდგნენ სცენაზე, როცა კამერებმა მათი სახე ახლოდან დააფიქსირეს, ბევრი მაყურებლისთვის მოეფინა ყველაფერი ნათელი.

ამბის შემსწრე რობერტო მონფორტი BBC-სთან ამბობს, რომ გამოჩნდა თუ არა ოთხეული ტელევიზორში, ყველა ყველაფერს მიხვდა.

პუბლიკის ნაწილი აღშფოთებული იყო, ნაწილი კი ამბავმა უბრალოდ გაახალისა. თვითმხილველი მონფორტის თქმით, ფანები, რომლებიც ნამდვილი ,,ბითლზის“ ჩამოსვლას ელოდნენ, თავს მოტყუებულად გრძნობდნენ.

ადამიანების მოტყუების ხარჯზე არგენტინულმა ტელეარხმა  Channel 9 ტელერეიტინგებში 63 ქულა დააგროვა, რაც არხის არსებობის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელი იყო.

ამერიკული „ბითლზის“ მენეჯერი ბობ იორი იხსენებს, რომ სტადიონზე გამართულ კონცერტზე ხალხმა ბენდს მონეტები და ქვებიც კი დაუშინა. მისი თქმით, სტადიონზე მოსული ფანების უმრავლესობას ამერიკული ,,ბითლზის“ მუსიკა მოსწონდა, მაგრამ არსებობდნენ უბრალოდ ,,შურიანებიც“. კონცერტის ბოლოს ჯგუფი და მენეჯერი სტადიონს დროულად გაარიდეს, რამე ცუდი რომ არ მომხდარიყო. ტელევიზიისგან განსხვავებით გაცილებით დაუნდობელი იყო სამხრეთამერიკული პრესა.

„საშინლად მღერიან, საშინლად უჭირავთ თავი“; „ბითლზმა აჩვენა, რომ მთელი მათი ტალანტი თმების მოზრდაშია“, – ეწერა გაზეთების მთავარ გვერდებზე.

მთელი თვის განმავლობაში სამხრეთამერიკული მედიის მთავარი თემა ცრუ „ბითლზის“ ტურნე იყო.

ამ ამბების შემდეგ ლოგიკური იქნებოდა  ნამდვილი ,,ბითლზი“ მართლაც ჩასულიყო არგენტინაში, მაგრამ როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, ოთხეულს სამხრეთ ამერიკაში არასდროს ჰქონიათ ტურნე, თუ არ ჩავთვლით პოლ მაკარტნის კონცერტებს მას შემდეგ, რაც „ბითლზი” დაიშალა.

მას შემდეგ, რაც 1964 წლის თვითმარქვია ,,ბითლზის“ ტურნეს შესახებ გამჟღავნდა, ლივერპულელი ,,ბითლზის“ მენეჯერებმა სპეციალური კამპანია დაიწყეს, პრესრელიზები გაავრცელეს მედიისთვის, ,,ბითლზის“ ნებისმიერ პროდუქციაზე ხაზს უსვამდნენ ჯგუფის ინგლისურ წარმომავლობას, პოსტერებზე, ალბომების გარეკანზე და ა.შ.

ნამდვილ ,,ბითლზს“ შეეძლო მართლაც ჩაეტარებინა ტურნე სამხრეთ ამერიკაში და ამით მნიშვნელოვანი მოგებაც ენახა, მაგრამ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა: 1964 წელს სამხრეთ ამერიკის ეკონომიკა ბევრად ჩამორჩებოდა შტატებს, ევროპას და ავსტრალიას.

საშულო სტატისტიკური ბრაზილიელის წლიური შემოსავალი 13-ჯერ ნაკლები იყო, ვიდრე საშუალო ამერიკელის. სამხრეთამერიკელი პრომოუტერები ვერ შეძლებდნენ ამ დროს ისეთი ცნობილი ჯგუფის მიწვევას, როგორიც ,,ბითლზი“ იყო.

ცრუ ,,ბითლზმა“ მალე სახელი გადაირქვა და The Razor’s Edge დაირქვა. 1966 წელს მათ სინგლიც ჩაწერეს ,,ბითლზის“ სიმღერების სტილში, თუმცა წარუმატებლად.

60-იანი წლების ბოლოს ჯგუფი საბოლოოდ დაიშალა. დრამერი ტომ კონდრა და რითმ-გიტარისტი დევიდ იერონომუსი ცოცხლები აღარ არიან. ,,ამერიკული ბითლზისგან“ ახლა მხოლოდ ბილ ანდრე, ვიკ გრეი და მათი მენეჯერი ბობ იორია ცოცხალი.


მომზადებულია BBC-ის მიხედვით

გადაბეჭდვის წესი