მთავარი,სიახლეები

რატომ არ აქვთ კითხვები დეპუტატებს აჭარის ბიუჯეტის შესრულებაზე

08.05.2020 • 1832
რატომ არ აქვთ კითხვები დეპუტატებს აჭარის ბიუჯეტის შესრულებაზე

„…2019 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში საერთოდ არაფერია ნათქვამი იმ დარღვევებზე, რომლებიც აუდიტის დასკვნაში მოხვდა. ანგარიშის წარმოდგენა მხოლოდ ფორმალური იყო. მე პროტესტის ნიშნად დავტოვე სხდომა და 15 წუთში მოსმენაც დაასრულეს,“ – ამბობს უმაღლესი საბჭოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ გია აბულაძე.

დღეს, 8 მაისს, უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა 2019 წლის აჭარის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში წარმოადგინა.

გია აბულაძე ყურადღებას ამახვილებს სხვადასხვა დროს გასხვისებულ სახელმწიფო ქონებაზე და რამდენიმე ინვესტორის მხრიდან შეუსრულებელ ვალდებულებებზე, რაზეც მინისტრს უმაღლესი საბჭოსთვის ანგარიშის წარდგენის დროს არ უსაუბრია. დეპუტატი ასევე მიიჩნევს, რომ კომიტეტის სხდომაზე მედიასაშუალებები უნდა მოეწვიათ. ასევე უმაღლესმა საბჭომ უნდა სცადოს, საზოგადოება აქტიურად ჩართოს ამ თემის განხილვაში.

„აუდიტის დასკვნაში პირდაპირ წერია, რომ სახელმწიფომ არ აღრიცხა 60 მილიონ ლარზე მეტი ჯარიმები. ამასთან, შეუსრულებელი ვალდებულებების გამო დაკისრებული 20 მილიონი ლარი და 12 მილიონი დოლარის ჩამოწერა კითხვის ნიშნებს აჩენს… მინისტრის ანგარიშში კი მხოლოდ რიცხვებია, რა დახარჯეს. ჩვენ ვამბობთ, რომ ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში არ უნდა იყოს წარმოდგენილი მხოლოდ სტატისტიკა. თითოეულ პროგრამას, რომელიც გაწერილია ბიუჯეტში, აქვს მიზნები. ეს უნდა გავიგოთ, რამდენად შესრულდა მიზნები და რა მივიღეთ,“ – აღნიშნა გია აბულაძემ „ბათუმელებთან“.

„ჩვენ შესრულება მართლაც კარგი გვქონდა: შემოსულობების ნაწილში 106, 2 % -ით, ხოლო ხარჯვით ნაწილში  95,3 %-ით შესრულდა… აუდიტი შენიშვნებს ყოველთვის წერს. აუდიტზე პასუხი გაცემული აქვს სამინისტროს,“ – ამბობს გიორგი რომანაძე, იგი უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეა. ეს კომიტეტია წამყვანი ბიუჯეტის შესრულების დროს. გიორგი რომანაძე განმარტავს, რომ ბიუჯეტის შესრულება დადებითად ან უარყოფითად საბოლოოდ სესიაზე შეფასდება.

გიორგი რომანაძე ოპოზიციას საყვედურობს, რომ მინისტრს არ მოუსმინეს და ისე გაახსენდა გია აბულაძეს 2018 წლის აუდიტის დასკვნა. გიორგი რომანაძე ადასტურებს იმასაც, რომ აუდიტს შენიშვნები 2019 წლის ბიუჯეტის შესრულებაზეც ჰქონდა.

„ჩვენ აუდიტს ბევრ რამეში არ ვეთანხმებით: ყველაფერს ვერ დაგეგმავ 100-პროცენტიანი სიზუსტით, როცა ცდომილება არის 5 პროცენტი კონკრეტულად და ამაზე წერ, რომ დაუგეგმავია, ეს არასწორია. მაგალითად, ინერტული მასალის გაყიდვა დაგეგმილი გაქვს გრაფიკის მიხედვით 7 ლარად და იყო შემთხვევა, როცა 18 და 20 ლარად გაიყიდა, ამაზე აუდიტი დაგიწერს, რომ ვერ განსაზღვრე. შესაბამისად, არის თემები, რასაც არ ვეთანხმებით“, – გვითხრა გიორგი რომანაძემ.

როცა უმაღლესმა საბჭომ მთავრობა უნდა აკონტროლოს, მაგრამ დეპუტატები და მთავრობა ერთ აზრზე არიან, ეს როგორ უნდა გაიგოს ამომრჩეველმა? – ვკითხეთ დეპუტატს.

„სესიაზე თუ არ ვხოცავთ ერთმანეთს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერში ერთ აზრზე ვართ. ვიდრე მოსმენა იქნება კომიტეტში, ერთგვარი მოთელვა ხდება და გავდივართ თემებს“, – გვიპასუხა გიორგი რომანაძემ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: