მთავარი,სიახლეები

16 მილიონს გადააჭარბა საგანგებო რეჟიმის დარღვევისთვის გამოწერილმა ჯარიმებმა

26.04.2020 • 1492
16 მილიონს გადააჭარბა საგანგებო რეჟიმის დარღვევისთვის გამოწერილმა ჯარიმებმა

საქართველოში კომენდანტის საათის ამოქმედებიდან დღემდე, საგანგებო რეჟიმის სხვადასხვა წესებისა და კომენდანტის საათის დარღვევისთვის, სულ 5 416 ფიზიკური და იურიდიული პირი დააჯარიმეს. გამოწერილი ჯარიმების რაოდენობამ კი, ჯამში, 16 მილიონ 248 ათას ლარს გადააჭარბა.

ვინაიდან არ გვაქვს ზუსტი მონაცემები, კონკრეტულად რამდენი იურიდიული პირი დაჯარიმდა, საერთო მონაცემებისთვის ავიღეთ ჯარიმის მინიმალური ოდენობა [რაც არის ფიზიკური პირის შემთხვევაში] – 3 ათასი ლარი.

[red_box]დაჯარიმებულთა სტატისტიკა[/red_box]

ბოლო 12 დღის განმავლობაში, ანუ 14 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმისა და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევისთვის სულ 1 812 პირი დააჯარიმა.

აქედან, კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე – 794, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვის და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო –576, მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე – 437, და თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის – 5 პირი. რაც შეეხება ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტს, შსს-ს მონაცემებით, ამ პერიოდში არავინ დაუჯარიმებიათ.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით კი, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ქვეყნის მასშტაბით, 23 მარტიდან 17 აპრილამდე პერიოდში, დაჯარიმებულ იქნა 152 მეწარმე სუბიექტი [რომლებიც თავიანთ საქმიანობას უნდა ახორციელებდნენ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად. ჯარიმებმა ამ შემთხვევაში სულ 1 137 000 ლარი შეადგინა. მათ შორის 69 ფაქტი სხვადასხვა რეგიონში, ხოლო 83 შემთხვევა თბილისში დაფიქსირდა].

კომენდანტის საათი საქართველოში 31 მარტის 21 საათიდან ამოქმედდა. რაც შეეხება საგანგებო მდგომარეობას, ის 22 მაისის ჩათვლით გაგრძელდა.

კომენდანტის საათისა და საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ჯარიმას ფიზიკური პირებისათვის 3 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირებისათვის -15 000 ლარის ოდენობით.

„ამ შემთხვევაში ჯარიმის აღსრულების პროცედურა აითვლება საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ, რადგან მანამდე გასაჩივრების მოქმედების ვადა შეჩერებულია,“ – განმარტავს პაატა დიასამიძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ დღის წესრიგში არ დგას „ამნისტიის გამოცემა“ იმ მოქალაქეებისთვის, ვინც საგანგებო მდგომარეობისა და კარანტინის რეჟიმი დაარღვიეს და დაჯარიმდნენ.

ამ თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/269720/

https://batumelebi.netgazeti.ge/news/272280/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: