მთავარი,სიახლეები

ექიმი, რომელიც Covid19-ით ინფიცირებულებს ოზონოთერაპიით მკურნალობს

25.04.2020 • 11472
ექიმი, რომელიც Covid19-ით ინფიცირებულებს ოზონოთერაპიით მკურნალობს

საქართველოში, კორონავირუსის მკურნალობის პროცესში ოზონოთერაპია პირველად ბათუმში, კლინიკა „მედალფაში“ გამოიყენეს. ოზონოთერაპიით მკურნალობისთვის კლინიკამ  ლადო თალაკვაძე მოიწვია, რომელიც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში ბავშვთა ქირურგიის კათედრის ასისტენტ-პროფესორი და საქართველოს ოზონოთერაპევტთა ასოციაციის თავმჯდომარეა. ლადო თალაკვაძე ოზონოთერაპიის მნიშვნელობასა და მეთოდებზე „ბათუმელებთან“ საუბრობს.

  • ბატონო ლადო, ოზონოთერაპია რამდენად აპრობირებული მეთოდია Covid-19-ის წინააღმდეგ მკურნალობისას და რომელმა ქვეყნებმა მიმართეს ამ მეთოდით მკურნალობას პანდემიის დროს?

ოზონს ახასიათებს ანტივირუსული, ანტიმიკრობული მოქმედება, ჩვენ კი საკმაო გამოცდილება გვაქვს ამ მეთოდით ვუმკურნალოთ პაციენტებს, რომლებსაც მიკრობული პრობლემები აქვთ… ანტივირუსული მოქმედება რახან აქვს, ამიტომ ჩავთვალეთ, რომ კორონავირუსზეც უნდა ემუშავა წესით და დავიწყეთ „მედალფას“ კლინიკაში ამ მეთოდის გამოყენება. თვითონ კლინიკა გამოგვეხმაურა და ამიტომ ჩამოვედი და დავიწყეთ მკურნალობა.

  • საქართველოში „მედალფას“ გარდა სხვა არცერთ კლინიკას არ გამოუყენებია ოზონოთერაპია მკურნალობისას?

არა, ჯერჯერობით მხოლოდ „მედალფაში“ გაკეთდა. თბილისში როცა ჩავალ, ალბათ სხვა კლინიკებსაც მივეხმარებით.

ერთი პაციენტი იყო მსუბუქი, ვირუსი ჰქონდა, მაგრამ პნევმონია – არა, დანარჩენ 3 პაციენტს ჰქონდა პნევმონია. განსხვავება ის იყო, რომ იქ ტიპიური მკურნალობა მიდიოდა.

იმ პაციენტთან, ვისაც ვირუსი ჰქონდა, მაგრამ პნევმონია არა, ოზონოთერაპიით მკურნალობის შემდეგ არ განვითარებულა პნევმონია, რადგან დროულად დაისვა დიაგნოზი. დანარჩენ პაციენტებთან პნევმონია დადასტურებული იყო. ეფექტი ოთხივე პაციენტთან  ჰქონდა, თუმცა გააჩნია რა სტადიაა, რა მდგომარეობა აქვს პაციენტს, ასაკსაც აქვს მნიშვნელობა. კარგი ის მოხდა, რომ თუ სხვა შემთხვევებში 14-18 დღე ან უფრო მეტი გჭირდება განკურნებისთვის, ოზონოთერაპიის გამოყენების დროს ეს ვადა 8-9 დღით შემცირდა. ჯერჯერობით, ეს ეფექტი ვნახეთ.

  • როგორც ვიცით, „მედალფაში“ 30-ზე მეტი პაციენტი მკურნალობს, ისინი ჩაერთვებიან ოზონოთერაპიით მკურნალობაში? რა არის ამისთვის საჭირო, დამატებითი კვლევები?

ამას მე არ ვწყვეტ, ადმინისტრაციამ უნდა გადაწყვიტოს. სიტყვა „საცდელი“ არ მინდა გამოვიყენო, ყოველ შემთხვევაში, სხვა პაციენტებთანაც შეიძლებოდა ალბათ გამოგვეყენებინა. სიფრთხილეს თავი არ სტკივა, ასე სჯობდა ალბათ თავიდან. უცნობი ვირუსია და ამიტომ ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ.

სანამ ჩვენ ეს შედეგები არ დავდეთ, მანამდე ამაზე ლაპარაკიც არ მიდიოდა. ერთ-ორ დღეში არ მომხდარა ეს. დაახლოებით ორი კვირაა, რაც ამ პაციენტებს ვაკვირდებით, მაგრამ შედეგი დაიდო.

  • როგორ ფიქრობთ, როდის სჯობს ოზონოთერაპიის დაწყება, ვირუსის დადასტურებისთანავე თუ სხვა გვერდითი მოვლენებიც უნდა იყოს გათვალისწინებული?

რა თქმა უნდა, რაც მალე დაიწყება, მით უკეთესია, მაგრამ ოზონოთერაპიის კურსის ჩატარება სასურველი არ არის დავუშვათ სისხლდენის დროს, თუ ჰემოგლობინი დაბალია, არც მაშინ. თუმცა ამის მიზეზების დადგენაც შეიძლება, რომ მოიმატოს ჰემოგლობინმა და მერე გაკეთდეს ოზონოთერაპია. სისხლდენა როცაა, მაშინ სასურველი არ არის, სხვა შემთხვევაში უკუჩვენება არ აქვს.

  • რომელ ქვეყნებში გამოიყენეს ოზონოთერაპია Covid-19-ის მკურნალობისას?

მწირი ინფორმაციაა, მაგრამ შედეგები ჯერ არავის არ დაუდია. ვიცი, რომ იტალიამ დაიწყო ამის გამოყენება, ესპანეთის ორმა კლინიკამ – ჯერჯერობით, ჩინელები იყენებდნენ, როგორც ვიცი. როგორ და რანაირად აკეთებენ, ამის მეთოდიკა არ წერია.

  • დაახლოებით რა დრო სჭირდება, უფრო თამამად რომ ვთქვათ, რომ ოზონოთერაპიამ გაამართლა Covid-19-ის მკურნალობის დროს. რამდენი პაციენტის შედეგი უნდა გვქონდეს?

შეიძლება ითქვას, რომ უკვე გაამართლა, მაგრამ ამას მაინც სჭირდება შემდგომი კვლევები. ჩვენ ყველაზე უფრო გვშველის, რომ ლუგარის ლაბორატორია გვაქვს თბილისში. შევხვდები თენგიზ ცერცვაძეს, სხვებსაც და, სავარაუდოდ, ლუგარში გაკეთდება ვირუსის გენეტიკური ანალიზი, რის შემდეგაც უფრო გამართულები ვიქნებით. ეს გრძელი და ხანგრძლივი პროცესია, მაგრამ ფაქტია, რომ იქაც იქნება ცვლილება კლინიკური მდგომარეობიდან გამომდინარე. გენეტიკური კვლევის იქეთ კვლევა აღარ არსებობს და თბილისში ალბათ გავაკეთებთ ამ კვლევას.

  • გარდა ამ 4 პაციენტისა, ახლა კიდევ მკურნალობთ რომელიმე პაციენტს ოზონოთერაპიით?

დიახ, რამდენიმე პაციენტთან ვაკეთებთ. ამ ოთხთან ძალიან კარგი შედეგი გვაქვს და ასეთი რამ სხვას არც დაუწერია, არც უთქვამს. მხოლოდ ზოგადი ინფორმაცია არსებობს, კონკრეტული არსად არ დევს ჯერჯერობით. დარწმუნებული ვარ, სხვა ქვეყნებიც მუშაობენ. ამ ფაქტებს კი ჩვენ ვაგროვებთ და მჯერა, რომ კარგი შედეგები იქნება და მოვერევით ამ ინფექციას.

  • უფრო მეტი რა შეგიძლიათ გვითხრათ ოზონზე?

როგორც ვიცით, ოზონი არსებობს ბუნებაში და ოზონოთერაპიაც არის ბუნებრივი მკურნალობის მეთოდი. დედამიწაზე სიცოცხლე რომ არსებობს, არის ოზონის შრეს დამსახურება, რადგან ის კლავს მიკრობებს, რომელიც ვერ აღწევს დედამიწამდე. ამის პირველადი გამოყენება გერმანელებმა დაიწყეს, შემდეგ ცოტა ხანი ისევ დაიკარგა და ბოლო 20 წელია ისევ წამოვიდა ეს მეთოდი, რადგან მედიცინაში რა პრობლემებიც შეიქმნა და  თანამედროვე მკურნალობის მეთოდებით ვერ ხდებოდა მისი გადაწყვეტა, ოზონი, როგორც დამხმარე საშუალება, ამ მკურნალობასთან ერთად საკმაოდ კარგ შედეგებს იძლევა. კოსმეტოლოგიაში იყენებენ აქტიურად, თუმცა, როგორც ცალკე მიმართულება, ისე ჩამოყალიბდა ოზონოთერაპია და მედიცინის სხვადსხვა დარგში იყენებენ. მაინცა და მაინც პოპულარული არ არის, რადგან ამასაც ჰყავს თავისი მტერი ასე ვთქვათ.

  • ვინ ემტერება?

ფარმაცევტული ბიზნესი. რა თქმა უნდა. გვინდა, რომ პირველები ჩვენ ვიყოთ ამ საქმეში და მსოფლიომაც ნახოს, რომ არც ისე დაქცეულები ვართ ამ საქართველოში.

  • როგორც ვიცი, აშშ-ში, ტეხასში მოსამართლემ აუკრძალა ერთ-ერთ კომპანიას ოზონოთერაპიის გამოყენება, როგორც ანტიკოვიდ-19 საშუალება. ჩვენი პროტოკოლით თუ არის დაშვებული ეს თერაპია?

ამერიკის ზოგიერთ შტატში აკრძალულია, რადგან როგორც ვთქვი  ეწინააღმდეგებიან დაინტერესებული ჯგუფები. თანაც, ჩვენ ოზონოთერაპიას ვიყენებთ არა ძირითად, არამედ როგორც დამხმარე საშუალებას და ეს ქართული კანონმდებლობით აკრძალული არ არის.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: