განათლება,მთავარი,სიახლეები

რა უნდა შეცვალონ სკოლამ და უნივერსიტეტმა პანდემიის პირობებში ან შემდეგ

10.04.2020
რა უნდა შეცვალონ სკოლამ და უნივერსიტეტმა პანდემიის პირობებში ან შემდეგ

განათლების სპეციალისტი სიმონ ჯანაშია მიიჩნევს, რომ კორონავირუსის პანდემიის პირობებში, კიდევ ერთხელ გამოჩნდა მისაღები გამოცდების არსებული სისტემის სისუსტე და დროა, სახელმწიფომ ალტერნატიულ მოდელებზე დაიწყოს ფიქრი.

„15 წელია უკვე ვსაუბრობთ ამაზე და ცხადია, რომ არსებულმა მდგომარეობამ კიდევ ერთხელ გამოაჩინა ჩვენი სისტემის სისუსტე. ყველაზე ნორმალური გამოსავალი იქნებოდა, უმაღლესებს რომ გადააბარონ მიღების შესაძლებლობა, თუ ისინი გამჭვირვალობის გარკვეულ პრინციპებს დაეყრდნობიან.

სახელმწიფოს შეუძლია შემდეგი ორი თვის განმავლობაში მოიფიქროს აკრედიტაციის პირობები, თუ რომელ უნივერსიტეტს რა შემთხვევაში მისცემს უფლებას, თავად შეარჩიოს სტუდენტები. ბევრი ალტერნატივა არსებობს, როგორ შეიძლება მიიღოს უნივერსიტეტმა სტუდენტი. შესაძლოა შემუშავდეს კრიტერიუმი, რომლის ფარგლებშიც აბიტურიენტი თავად გადაწყვეტს, რა არის მისი ძლიერი მხარე, რა სუსტი და ა.შ.

რამდენიმე წლის წინ მსგავსი რამ შესთავაზა სახელმწიფომ უნივერსიტეტებს და სჯობს უნივერსიტეტებმა დაიწყონ იმაზე ფიქრი, როგორ გადაიბარონ ეს სისტემა სახელმწიფოსგან.

სხვა პრობლემაა, როგორ უნდა გადაწყდეს დაფინანსების საკითხი, რადგან დაფინანსების ერთიანი ფონდია, თუმცა უნივერსიტეტებს შეუძლიათ იმ დაფინანსებიდან გამოყონ გრანტები, რასაც სახელმწიფო აძლევს“, – ამბობს სიმონ ჯანაშია.

მისი თქმით, არსებულ ვითარებაში ეროვნული გამოცდების ჩვეულებრივ რეჟიმში ჩატარება არ იქნება მაინც და მაინც უსაფრთხო. „თუ სახელმწიფო მაინც გადაწყვეტს, რომ შეინარჩუნოს არსებული სისტემა, შეუძლია გადაწიოს გამოცდის ჩაბარების ვადები და დაელოდოს პანდემიის ჩაცხრობას. თუმცა, მიმაჩნია, რომ იმავე სისტემის შენარჩუნება არის უაზრობა“, – გვეუბნება ჯანაშია.

რაც შეეხება სკოლებს, სიმონ ჯანაშიას თქმით, ონლაინსწავლების პირობებში, მოსწავლეთა შეფასების საკითხზე მეტად არანაკლებ მნიშვნელოვანია სკოლების სოციალური ფუნქციაც.

„მთავარი საკითხი უნდა იყოს ის, თუ როგორ უნდა აღდგეს კავშირი მოსწავლეებს შორის, მოსწავლესა და მასწავლებელს შორის, როგორ უნდა ზრუნავდეს საზოგადოება ერთმანეთზე, მათ შორის, სკოლის დახმარებით. სკოლებმა მხოლოდ ის არ უნდა გაარკვიონ, სწავლობენ თუ არა ბავშვები, არამედ ჯანმრთელები არიან თუ არა, მშობლები ხომ არ არიან ცუდად და დახმარება ხომ არ სჭირდებათ სახლში და ა.შ. ახლა სკოლებს საგანმანათლებლო როლიც აქვთ და სოციალურიც, იმის მიუხედავად, გადიან თუ არა ბავშვები პროგრამას ისე, როგორც ჩვენ გვინდა“, – გვეუბნება სიმონ ჯანაშია.

მისი თქმით, არის სკოლები, სადაც დისტანციურად მიმდინარეობს ინტენსიური სწავლა. „ერთ-ერთ ასეთ სკოლაში მეც ვასწავლი. დავალებებსაც ასრულებენ ბავშვები, პრეზენტაციები აქვთ, დისკუსიები ყოველდღე და ა.შ. ამ სკოლამ შეიძლება გადაწყვიტოს, რომ შეფასებები ჰქონდეთ ბავშვებს, მაგრამ სკოლაში, სადაც ბავშვების რაღაც ნაწილი ვერ ესწრება ონლაინგაკვეთილებს, იმ შედეგებით უნდა შეფასდეს მოსწავლე, რაც სკოლებში სასწავლო პროცესის მიმდინარეობის დროს ჰქონდათ და არა მაინც და მაინც ეროვნულ სასწავლო გეგმასთან მიმართებაში.

სხვათა შორის, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში ერთ-ერთი რეკომენდაცია არის ის, რომ სასწავლო გეგმების მოდიფიკაცია უნდა მოხდეს პანდემიის პირობებში და სახელმწიფომ გადახედოს ამ მიზნებს და დაფიქრდეს იმაზე, რა იქნებოდა ადეკვატური მიზნები ასეთ ვითარებაში. აუხსნას მასწავლებლებს, რა შეიძლება გაკეთდეს ამ მიზნების კიდევ უფრო მოდიფიცირებისთვის ადგილობრივი საჭიროებებიდან გამომდინარე“, – გვეუბნება ჯანაშია.

რაც შეეხება ტელესკოლას, სიმონ ჯანაშიას თქმით, სახელმწიფომ არ გაითვალისწინა ის მოსწავლეები, რომლებიც ეთნიკური უმცირესობების ენებზე იღებენ განათლებას: „მათთვის ეს რესურსიც კი არ აღმოჩნდა ხელმისაწვდომი. მესმის, რომ ტელესკოლაც კეთდება ფორსმაჟორულად და არ ვიცი, იფიქრეს თუ არა ამაზე, მაგრამ ცხადია, რომ უკეთესადაც შეიძლება გაკეთდეს. ტელესკოლის მსგავსი პროდუქტები არსებობდა აქამდეც და შეიძლებოდა სახელმწიფოს თავისი ძალისხმევა მათ თარგმანებზე გაეღო. ამ მხრივ შეიძლება უფრო გაუჭირდეთ უმცირესობების სკოლებს ან იმ მასწავლებლებს, რომლებსაც მეთოდოლოგიურად სახელმწიფოს მხრიდან მაინც და მაინც არ აქვთ დიდი მხარდაჭერა“.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: