მთავარი,სიახლეები

„ბათუმში COVID19-ით ინფიცირებული მედდას ყველა კონტაქტი მოკვლეულია“ – ნინო ნიჟარაძე

01.04.2020 • 3260
„ბათუმში COVID19-ით ინფიცირებული მედდას ყველა კონტაქტი მოკვლეულია“ – ნინო ნიჟარაძე

იყო თუ არა დაცული პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა წესი, ინფექციური საავადმყოფოს მედდის კორონავირუსით დაინფიცირების შემდეგ? რა ზომები მიიღო  ჯანდაცვის სამინისტრომ დაინფიცირებული  პირის ყველა სავარაუდო კონტაქტის დასადგენად და როგორ და რამდენ საათში მოხდა ამ კონტაქტების დადგენა? – „ბათუმელების“ კითხვებს აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ნინო ნიჟარაძე პასუხობს.

  • ქალბატონო ნინო, გარკვეული კითხვები გაჩნდა საზოგადოებაში კორონავირუსით დაინფიცირებული მედდის ირგვლივ. საუბარია იმაზე, თითქოს დროულად არ იქნა სათანადო ზომები მიღებული კონტაქტების დასადგენად და ა.შ. შეგიძლიათ გვითხრათ, რომელ რიცხვში დაუდასტურდა ამ ადამიანს covid -19?

სამწუხაროდ, რიცხვები ზეპირად არ მახსოვს, ერთადერთი ის შემიძლია ვთქვა, რომ როგორც კი დადასტურების პასუხი მიიღო მედდამ, ჩვენი კომუნიკაცია შედგა, როგორც პაციენტის ოჯახურ კონტაქტზე, ასევე სამედიცინო დაწესებულების პირველად კონტაქტებთან.

ამოვიღეთ სამედიცინო დაწესებულებაში არსებული ვიდეოთვალების ჩანაწერები და შევამოწმეთ  ყველა ის კონტაქტი, ვისაც ჰქონდა ურთიერთობა ამ პაციენტთან, კლინიკური ნიშნების გამოვლენამდე 48 საათის განმავლობაში.

  • უფრო ადრინდელი კონტაქტები არ გადამოწმებულა?

არა, რადგან ვირუსი გადამდებია გამოვლენამდე 48 საათის განმავლობაში, ეს არის მაქსიმალური პერიოდი და ეს მაქსიმუმი ავიღეთ. დაუცველი ანუ ნიღბის გარეშე კონტაქტი გრძელდებოდა დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში. მოვახდინეთ ყველა შესაძლო კონტაქტის იდენტიფიცირება. როგორც სამედიცინო დაწესებულებაში, ასევე ოჯახში.

  • ოჯახში რამდენი კონტაქტი დადგინდა?

ოჯახში ჰყავს დედა. ასევე იკვეთება სამეზობლოს ორი კონტაქტი.  ერთ ოჯახშია დედა და შვილი. ჩვენ მათთანაც გვქონდა კომუნიკაცია, დაზუსტდა კონტაქტის დრო. თუკი პირი იძლევა იმის პირობას, რომ თვითიზოლაციის ყველა წესს დაიცავს, ის რჩება თვითიზოლაციაში. ინფიცირებულის დედამ ითხოვა თვითიზოლაციაში დარჩენა, რადგან მას აქვს ჯანმრთელობის პრობლემები. თქვა, რომ ყველა წესს დაიცავდა სახლში. ამიტომ, საერთო გადაწყვეტილებით, დედა კარანტინში არ გადავიყვანეთ. რადგან დედა მარტოა სახლში, თვითიზოლაციის დროს მეზობელი მიხედავს, რაც იმას ნიშნავს, რომ საკვებს ამოუტანს და კარის სახელურზე დაუკიდებს. მისი არც სადარბაზოში, არც ეზოში და ქუჩაში გამოსვლა არ მომხდარა.

  • მეზობლებიც თვითიზოლაციაში არიან, ვისთანაც კონტაქტი ჰქონდა?

თვითიზოლაციის წესი ყველაზე ვრცელდება თანაბრად.

  • ვინ აკონტროლებს მათ თვითიზოლაციის დროს, რა ფორმით ხდება მონიტორინგი?

ეპიდემიოლოგს დღეში ორჯერ აქვს მათთან დისტანციური სატელეფონო კომუნიკაცია. გარდა ამისა, ამ კონტროლის სქემაში მონაწილეობენ პოლიციის სამსახურები. ნებისმიერი შეტყობინება სამეზობლოდან ან ვინმესგან თუ მაინც შემოვიდა და დადასტურდა ფაქტი, რომ ამ პირებმა დატოვეს საცხოვრებელი, ამ პირს გადავიყვანთ კარანტინში.

  • სამეზობლოს აქვს ინფორმაცია თვითიზოლაციაში მყოფ პირებზე?

როგორ არა, იციან. მეზობლები თვითონაც გვაწვდიან ინფორმაციას. გვეკითხებოდნენ, რომ ვთქვათ, ამა და ამ რიცხვში გვქონდა კომუნიკაცია და რამდენად არის საშიში და ა.შ.  ვისაც არ შევხმიანებივართ, ისინიც კი დაგვიკავშირდნენ. ჩვენ ავუხსენით მათ, რა არის ეს კონტაქტი, რა მოეთხოვებათ და ზოგადად, თვითიზოლაცია არა, მაგრამ ამ რეჟიმის გამო ისედაც უნდა ვიჯდეთ სახლში და ეს მოთხოვნა ყველასთან მიმართებაში არის ერთი.

გარდა ამისა, ძალოვანი სამსახურებიც მეთვალყურეობენ ამ სიტუაციას და თვითიზოლაციის დარღვევის ფაქტი ჩვენამდე არ მოსულა.

მთლიანობაში, ინფირებული ქალის კონტაქტების მიხედვით, 15 ადამიანია თვითიზოლაციაში ამ შემთხვასთან კავშირში.

  • საჭირო იყო თუ არა სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება ინფიცირებული პირის საცხოვრებელ ბინაში?

სადარბაზოს დეზინფექცია ჩატარდა, მაგრამ საცხოვრებელ ბინაში სანამ ვინმე იმყოფება, დეზინფექცია არ ტარდება. მას შემდეგ რაც პირი ტოვებს საცხოვრებელს და სახლი თავისუფლდება, ტარდება დეზინფექცია.

თუკი 14 დღის შემდეგ თვითიზოლაციაში მყოფ პირებს სიმპტომები არ გამოუვლინდებათ, ისინი  ჩვეულებრივ აგრძელებენ ცხოვრებას. 14 დღის შემდეგ, მათ ასევე შეუძლიათ ერთი დღით დატოვონ სახლი და მოხდება ამ ბინების დასუფთავებაც.

  • სანამ ეს ქალი ბინაში ცხოვრობს, მაინც თუ არის საჭირო სველი წესით ოთახების და ინვენტარის დამუშავება?

სველი წესით დალაგება განსაკუთრებით საყურადღებოა მაშინ, თუკი პირი სხვასთან ერთად იცხოვრებს. რახან ეს ქალი სახლში მარტოა, დეზინფექციას არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს, სხვისი დაინფიცირების რისკის გამო, რადგან შემხებლობაში არავისთან არ არის.

  • სანამ მედდას დაუდასტურდებოდა კორონავირუსი, მანამდე ხომ შეიძლება დედა ყოფილიყო მაღაზიაში ან სხვა ვინმესთან შემხებლობაში? ეს კონტაქტები თუ არის მოკვლეული?

დიახ, ესეც შემოწმებულია. ფიგურირებდა ერთი  ვიზიტი მაღაზიაში, მაგრამ ეს იყო ოთხი დღით ადრე, სანამ შვილს დაუდასტურდებოდა ვირუსი. ამჟამად დედა ჯანმრთელია, რაც იმას ნიშნავს, რომ მაღაზიაში ვიზიტის დროს დედას გადამდებლობის რისკი არ ჰქონდა.

  • რა სიმპტომები გამოუვლინდა მედდას თავდაპირველად?

ცხელება ჰქონდა. დაიწყო ტემპერატურა 37,5-დან და ავიდა 39 გრადუსზე. იმავე დღეს ჩაუტარდა ტესტი, რადგან როგორც ვიცით, სამედიცინო პერსონალი არის ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ და უშუალოდ covid-თან მუშაობენ.

  • როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა?

კარგად არის, დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: