მთავარი,სიახლეები

„მთავრობა უნდა დაეხმაროს ყველას“ – პანდემიის შოკი ეკონომიკაში

31.03.2020 • 2789
„მთავრობა უნდა დაეხმაროს ყველას“ – პანდემიის შოკი ეკონომიკაში

კორონავირუსის პანდემიის გამო ქართულ ეკონომიკაზე მიყენებული ზიანი დაუთვლელია. გაურკვეველია რა დროით გაგრძელდება ვითარება, რამაც ქართული ეკონომიკა ფაქტობრივად გააჩერა. ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი ეკონომისტის, გიორგი პაპავას თქმით, ზარალდება ძალიან ფართო სპექტრი, ამიტომ ხელისუფლებამ არა მხოლოდ გარკვეული ჯგუფის, არამედ „ყველას დახმარებაზე“ უნდა იფიქროს. 

გიორგი პაპავა: შეცდომა იქნება, ჩავთვალოთ, რომ ვიწრო წრე არის იმ ადამიანების, ვინც ამ მოვლენების გამო ზარალდება. ზარალდება საკმაოდ ფართო სპექტრი. ჩვეულებრივ, არასაგანგებო მდგომარეობის დროსაც, არის მოსახლეობის ნაწილი, რომელიც ყველაზე უფრო მოწყვლადი და დაუცველია, ვისზეც სახელმწიფო გასცემს სხვადასხვა მიზნობრივ დახმარებას. ამ შემთხვევაში კი ერთ-ერთი გამოწვევა არის ის, რომ დღევანდელი კრიზისი ეხებათ არა მხოლოდ ტრადიციულად დაუცველ, სოციალურად მოწყვლად ჯგუფებს, არამედ იმ ადამიანებსაც, რომლებსაც თითქოს უფრო ლაღი ცხოვრების უფლება ჰქონდათ, ასევე იყვნენ თვითდასაქმებულები, რაღაც პროდუქტს ქმნიდნენ სხვადასხვა სფეროში, თუნდაც სოფლის მეურნეობაში.

ეს იმიტომაა გამოწვევა, რომ როცა სახელმწიფო კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს, ვის რა ფორმით დაეხმაროს, მნიშვნელოვანი იქნება ჯერ მკაფიოდ გავიაზროთ, ვინ დაზარალდა და როგორ.  მაგალითად, სოციალურად დაუცველი ადამიანი, რომელიც არ მუშაობდა და მხოლოდ სოციალური დახმარების იმედად იყო, ის ზარალდება იმ კუთხით, რომ, შესაძლოა ფასები გაიზარდოს, ხოლო ადამიანები, ვინც ვთქვათ, მუშაობდნენ სასტუმროებში, რესტორნებში, სავაჭრო ქსელში, ან სტუდენტები, რომლებიც თავიანთ სწავლას აფინანსებდნენ, საერთოდ შემოსავლის გარეშე დარჩნენ, რადგან მათ პროდუქციაზე მოთხოვნა შემცირდა.

არიან ადამიანები, რომლებმაც სესხით შეიძინეს ბინა, რომ გაექირავებინათ და ქირით სესხი დაეფარათ. ტურისტები არ არიან, სესხი კი გაეზარდათ… ძალიან ბევრი ფაქტორია, რომელიც ერთდროულად გავლენას მოახდენს და ყველა ეს  ფაქტორი გასათვალისწინებელი იქნება, როდესაც გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, თუ რა ფორმით უნდა დავეხმაროთ ადამიანებს.

  • რამდენად მოხერხდება ყველა ამ ჯგუფის გამოყოფა?

თუ ვერ მოვახერხეთ ამ ჯგუფების იდენტიფიცირება, შესაძლოა განხილულ იქნას, მაგალითად, გარკვეული დახმარება ყველასთვის – მუშაობდა, არ მუშაობდა, თვითდასაქმებული იყო თუ არა. ერთადერთი ზღვარი შეიძლება ავიღოთ სიმდიდრე, თუმცა, იმდენად ცოტა ადამიანია განსაკუთრებულად მდიდარი, რომ გამოყოფ თუ არა, დიდ სხვაობას შესაძლოა არ იძლეოდეს. ანუ, უმჯობესია სოციალური პაკეტის დამტკიცება ყველასთვის დროებით, რაც ადამიანებს რაღაც პერიოდს გადაატანინებს.

მე მგონი დღეს გადაწყვეტილების მიღება – დავეხმაროთ გარკვეულ ჯგუფს, არ შეიძლება. ჩვენ რომ მარტო სასტუმროში დასაქმებულს დავეხმაროთ, არ იქნება სწორი. უმჯობესია ვიფიქროთ უფრო ფართო ფენების დახმარებაზე, ვიდრე კონკრეტულ სექტორზე.

  • არის ბიუჯეტში რესურსი ამ სოციალური პაკეტისთვის?

რესურსები ბიუჯეტში არის, თუმცა მწირი. აქ მნიშვნელოვანი იქნება საგარეო დაფინანსების მოზიდვა, რაც, როგორც ვალდებულებების შესრულებაში დაეხმარება სახელმწიფოს, ამავდროულად მნიშვნელობა ექნება ეკონომიკური  სტაბილურობის მიღწევის კუთხითაც. ეს ლარის კურსზეც დადებითად იმოქმედებს.

ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებასთან მიმართებაში სწორედ ლარია, რომელიც ვითარებას სწრაფად აფასებს და ასახავს მოლოდინებს თავისი გაცვლითი კურსით. ის გაუფასურება, რაც ჩვენ დავინახეთ, არ იყო იმით გამოწვეული, რომ კვირაში ან თვეში ნაკლები ფული შემოვიდა, ან მეტი გავიდა. ეს იყო შოკის ასახვა და ისიც, რასაც უნდა ველოდოთ მომავალში. გაუფასურება იმ მომენტისთვის აღმოჩნდა გადამეტებული და კარგია, რომ რაღაც ნიშნულზე მაინც შეჩერდა… თუმცა, საით წავა, რთულია ამის თქმა, რადგან ეს იქნება დამოკიდებული ჯანდაცვის ნაწილზე, ასევე, რა ტიპის დახმარებას აღმოგვიჩენენ საერთაშორისო დონორები და ა.შ. ძალიან ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული.

  • მთავრობამ გარკვეული ბიზნესის, მაგალითად, ტურიზმის სფეროს დახმარების შესახებაც განაცხადა…

ბიზნესის კუთხით ეს კიდევ შესაძლებელია, მაგრამ იგივე ის ადამიანი, ვინც ბაზრობაზე რაღაცას ყიდდა, ისიც რაღაც კუთხით ბიზნესმენია – პროდუქტი შეისყიდა, ვალდებულებები აქვს და თუ ჩვენ ვერ დავეხმარებით, შესაძლოა ვეღარ გააგრძელოს მუშაობა. ასეთი კატეგორიის იდენტიფიცირება ძალიან რთულია, ამიტომ ახლა რაღაც ბიზნესების აყვავების და შემობრუნების ნაცვლად, ჩვენ უმუშევრებზე, თვითდასაქმებულებზე უფრო უნდა მოვახდინოთ სოციალური რეაგირება, რაც შესაძლოა დარჩეს უკეთეს გამოსავლად მომავალში.

ჩვენს ეკონომიკას ახლა პრობლემა აქვს როგორც მიწოდების, ასევე მოთხოვნის მხრივაც. ამიტომ მთავარია მოთხოვნა აღდგეს. ჩვენი შემოსავლები თუ მნიშვნელოვნად დაეცა, სავაჭრო ცენტრი და რესტორანი რომც გაიხსნას, მოთხოვნა ნაკლებად იქნება და ვერ იმუშავებს. ამიტომ, ყველა ადამიანზე გაცემული დახმარება ამ მოთხოვნას გაზრდის, ვინაიდან ის ამას ხარჯავს საბოლოო ჯამში.

როცა გამოვალთ ამ, იმედია მოკლევადიანი, ძალიან რთული სიტუაციიდან და დავუბრუნდებით ნორმალურ ეკონომიკურ აქტივობას, ამ შერეული ინსტრუმენტების გამოყენება იქნება ალბათ საჭირო – ბიზნესის კუთხით და ადამიანების, ასე ვთქვათ, დაფინანსების კუთხით, რათა დასაქმების მოტივაცია არ შემცირდეს.

  • ვიდრე ეკონომიკური აქტივობა არ აღდგება, სახელმწიფომ არ უნდა იფიქროს დახმარებაზე?

კი უნდა იფიქროს. არ ვამბობ, რომ არ უნდა დაეხმაროს, უბრალოდ, ამ ეტაპზე და შემდგომშიც, ძალიან რთული იქნება გამოყოფა ჯგუფების – ვის სჭირდება დახმარება. ამიტომ, ამას შეიძლება ჯობდეს ყველას დახმარება. ჩვეულებრივ შემთხვევაში ამას არ გეტყოდით, მაგრამ ახლა კრიზისი გვაქვს.

ჩვენ ჩავატარეთ პატარა კვლევა და როგორც შედეგები გვიჩვენებს, სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის ანუ ტურიზმის შემოსავლებზე 1 მილიარდი ლარის ოდენობის ჰიპოთეტური შოკი, მოკლევადიან პერიოდში საქართველოს ეკონომიკის მთლიან გამოშვებას დამატებით 400 მილიონი ლარით შეამცირებს.

ამასთან, მცხეთა-მთიანეთისა და აჭარის რეგიონები ამ პროცესში ყველაზე მეტად დაზარალდება, ხოლო შედარებით ნაკლებად – მაგალითად, შიდა ქართლი ან ქვემო ქართლი. ამიტომ არსებობს ვარაუდი, რომ ნეგატიური დარტყმა არაპროპორციულად ნაწილდება და ამ შემთხვევაში ტრადიციულად სოციალურად დაუცველები, სხვებთან შედარებით – ხაზგასმით მინდა ამის თქმა, უფრო დაცულები არიან… ამიტომ არსებობს არგუმენტი, რომ დახმარება უფრო ფართო უნდა იყოს, ვიდრე იდენტიფიცირება რაღაც ვიწრო ჯგუფების.

ბიზნესის კუთხით კი, როგორც გაკეთდა 4-დან 50-მდე ადგილიანი სასტუმროების მიმართ, რაღაც ასეთი წერტილოვანი ჩარევები იმისთვის, რომ ბიზნესი, რომელიც ნორმალურ შემთხვევაში ეფექტურია და რისკები აქვს საკუთარ თავზე აღებული, შექმნილ სიტუაციაში  არ გაგვიკოტრდეს. კრიზისის შემდეგ უკვე გადასახადების მანიპულირებაც შესაძლებელია იმ კუთხით, რომ დავეხმაროთ უმუშევრად დარჩენილ ადამიანებს, მარტივად დასაქმდნენ.

  • მთავრობა კრიზისიდან გამოსვლის გრძელვადიან პროგრამაზეც საუბრობდა, თუმცა ამ დრომდე არ წარმოუდგენია.

გრძელვადიანი პროგრამა – რა ნაბიჯები უნდა გადადგას – მთავრობას არ დაუსახელებია და ვფიქრობ, არც იქნებოდა სწორი, რომ დაესახელებინა. მიუხედავად იმისა, რომ თვეზე მეტი გავიდა, რაც ვირუსი ვრცელდება, ბოლომდე მაინც ვერ გვექნება წარმოდგენილი ამ შოკის ვერც მასშტაბი და ვერც გავლენა.

მაგალითად, დღეს ვართ მშვიდად, საბანკო სექტორი მდგრადია, არ ვნერვიულობთ, მიუხედავად იმისა, რომ ორთავე წამყვანი ბანკის აქციები მნიშვნელოვნად დაცემულია. ყველაზე უფრო სტაბილური სექტორია და შესაძლოა რაღაც დახმარების გაცემა საბანკო სექტორის გავლით მოხდეს, ამიტომ, თუ ვიტყვით, რომ რომელ სექტორებს რითი უნდა დავეხმაროთ და ამის გარანტიებს გავცემთ დღეს, ჩვენ შეიძლება სამ თვეში არ ვიყოთ ისეთ სიტუაციაში, რომ დღეს განსაზღვრული სექტორები იყოს პრიორიტეტული.

  • ამ ეტაპზე რისი გაკეთებაა აუცილებელი?

საწყის ეტაპზე მნიშვნელოვანია 2-3 მიმართულებით ფიქრი:

პირველი – ფინანსური ნაწილი ჯანდაცვის სფეროში ისე უნდა დაიხარჯოს, რომ იქ რაიმე არ გაგვეპაროს. ამ ეტაპზე თუკი რამე რეზერვის მობილიზება შეიძლება, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ კრიზისს გავუმკლავდეთ, აქ ფინანსური პრობლემა არ უნდა იყოს. შესაძლოა ბევრი პრობლემაა – თუნდაც პოლიტიკური და ა.შ. მაგრამ ფინანსურად ჯანდაცვის სფერო უნდა იყოს უზრუნველყოფილი და უნდა გატარდეს ყველა ის ღონისძიება, რაც აუცილებელია.

მეორე – უნდა შევინარჩუნოთ აუცილებლად ქვეყნის სტაბილურობა მაკროეკონომიკურ დონეზე. ვგულისხმობ იმას, რომ ყურადღება მივაქციოთ საბანკო სექტორს, ფინანსურ სტაბილურობას, ფისკალურ რისკებს. ანუ, რაღაც ისეთი ფინანსური ვალდებულებები არ ავიღოთ, რაც შემდეგ შეიძლება ვერ გადავიხადოთ, ვინაიდან ეკონომიკური აქტივობის შეჩერება ბიუჯეტზეც აისახება. გარდა იმისა, რომ ბიუჯეტს მოუწევს დამატებითი ხარჯები, შემოსავლებიც მნიშვნელოვნად შემცირდება და ახალი ვალდებულებების დაფარვას ვერ გასწვდეს.

მესამე – ეს არის ზოგადად სიტუაციის მართვა ქვეყანაში, იმისთვის, რომ მაგალითად, ტვირთბრუნვა იყოს მაქსიმალურად თავისუფალი, არ იყოს ინფრასტრუქტურული პრობლემები, საბაჟო მუშაობდეს გამართულად და პოლიცია უზრუნველყოფდეს თავის ნაწილში უსაფრთხოებას, გამართული იყოს სხვადასხვა მენეჯმენტი.

ამიტომ, ვიდრე იმის ფიქრზე გადავალთ, ვის როგორ დავეხმაროთ, ჯერ სტაბილურობა უნდა შევინარჩუნოთ. ამ პროცესში კი, პარალელურად, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია სოციალური კომპონენტის ნელ-ნელა შემოტანა.

  • ტვირთბრუნვა ახსენეთ. დაკეტილი სავაჭრო ობიექტების გამო, ალბათ, იმპორტიც საგრძნობლად შემცირდება.

იმპორტს რაც შეეხება რიცხვებში – რამდენი პროცენტით დაიკლებს – ვერ გეტყვით, მაგრამ ვარდნა იქნება კონკრეტული მიმართულებებში – ტანსაცმელი, ვიდეოტექნიკა და ა.შ. თუმცა სურსათის ნაწილში არა, მოთხოვნიდან გამომდინარე. მნიშვნელოვანი დაკვირვების საგანი უნდა იყოს მშენებლობის სექტორიც, ვინაიდან სწრაფად მზარდი სექტორი იყო, მარტის მონაცემების გაანალიზება მოგვცემს რაღაც სურათს დინამიკაზე ამ კუთხით.

ამასთან, ბევრი წარმოება იყენებს ნედლეულს უცხოეთიდან – მათ პრობლემა არ უნდა შეექმნათ, თუმცა აქ პროგნოზის გაკეთება ძნელია, რამდენი პროცენტით უნდა ვივარაუდოთ კლება.

ზოგადად, ჩემი აზრით, ძალიან რთული იქნება ეკონომიკის ზრდის ჩვენება წელს. ძალიან ბევრი რამე ჩვენს სასიკეთოდ უნდა მოტრიალდეს მსოფლიოში, რომ ჩვენმა ეკონომიკამ დადებითი ძვრა აჩვენოს.

დღეს უფრო მნიშვნელოვანია, თუ რამდენ ხანში იქნება შესაძლებელი ნორმალურთან მიახლოებული ეკონომიკური აქტივობის აღდგენა. თუმცა პროგნოზირება შეუძლებელია იმის გამო, რომ  არ ვიცით ღიად როდის მივაღწევთ ვირუსის გავრცელების კუთხით იმ პიკს, რომ შემდეგ მშვიდად ვიყოთ და ეკონომიკის რაღაც დარგები აღვადგინოთ.

ეს ეკონომიკას შეიძლება არ ეხება, მაგრამ სხვადასხვა კვლევაში აღნიშნულია, რომ როცა ქვეყნები გადაივლიან ამ პიკს და საგანგებო მდგომარეობაში შეიძლება აღარ იყვნენ, ის, რომ თავი შეიკავონ სოციალური აქტივობისგან, ეს რეკომენდაციები დარჩება უფრო ხანგრძლივად. ვიდრე ვაქცინა არ იქნება გამოგონებული, იქნება რისკი, რომ რაღაც აფეთქებები მოხდეს და ამ აფეთქებებისგან თავის დასაცავად გარკვეული შეზღუდვები, ჩემი აზრით, დარჩება.

არსებულმა მდგომარეობამ უარყოფითად იმოქმედა ბევრ რამეზეც და სახლში მუშაობისას ფსიქოლოგიური და სხვა ბევრი ფაქტორიც შემოდის, რის უარყოფით ეფექტსაც დროთა განმავლობაში დავინახავთ. იმედია, მასშტაბი არ იქნება დიდი, მაგრამ ფაქტია, რომ ასე იქნება.

ამ თემაზე:

https://netgazeti.ge/news/438366/?fbclid=IwAR1xwKlQUjJgb70IiIW4hkREEJSfAbCCZmEFlHoS_SKGsOTr2PVJwb0Pz20

გადაბეჭდვის წესი


ასევე: