მთავარი,სიახლეები

ბათუმის მერი: პლაჟებს არ შემოღობავენ, დამრღვევი დაჯარიმდება

24.02.2020 • 1229
ბათუმის მერი: პლაჟებს არ შემოღობავენ, დამრღვევი დაჯარიმდება

ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე ამბობს, რომ ბათუმის მერიის მიერ ზღვისპირა პლაჟის კონკრეტული მონაკვეთის გარკვეული ვადით გასხვისების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში არასწორი ინტერპრეტირება მოჰყვა.

„ვხედავ ცალკეული პირების მხრიდან არასწორ ინტერპრეტაციას, თითქოს ეს შემოიღობება და ასე შემდეგ“ – განაცხადა ლაშა კომახიძემ დღეს, 24 თებერვალს, გამართულ ბრიფინგზე.

საკითხი ეხება ბათუმის ძველ ბულვარში, ნინოშვილისა და ჟღენტის ქუჩების კვეთის მიმდებარედ, შპს „ბათუმი თაუერისთვის“ მიწის ნაკვეთის იჯარის წესით გადაცემას, კომპანია ნაკვეთს პლაჟზე ათი წლის ვადით ითხოვს. ეს ის კომპანიაა, რომელმაც ე.წ. ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შენობა იყიდა და დამატებითი შენობის მშენებლობის ნებართვაც მიიღო. კომპანია აქ სასტუმრო „ლე მერიდიანს“ აშენებს.

მერის განმარტებით, გარკვეული ობიექტების განთავსების მიზნით ზღვისპირა ზოლზე დღემდე დიდი მოთხოვნაა, ამის პარალელურად მერია იღებს ძალიან ბევრ შენიშვნას ზღვისპირა ზოლის ვიზუალისა და ხშირად ფუნქციური დატვირთვის გამოც კი. მერის თქმით, ის აბსოლუტურად იზიარებს საზოგადოების ამ განწყობას:

„აქედან გამომდინარე, მზარდი ტურისტული ქალაქისთვის პლაჟებზე შესაბამისი დონის ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფის მიზნით, ინიციატივით შევდივართ საკრებულოში, რომ მსხვილ ბრენდულ სასტუმროებს მივცეთ საშუალება, მართონ მათ წინ არსებული პლაჟები, ეს არ ნიშნავს გასხვისებას,“ – განაცხადა ლაშა კომახიძემ.

მერი ამბობს, რომ პლაჟის მართვაში გადაცემა არ ნიშნავს, რომ ვინმეს რაიმე სახით შეეზღუდება პლაჟის ამ მონაკვეთით სარგებლობა. გარდა ამისა, გაკონტროლდება იერ-სახე და ფუნქციური დატვირთვა:

„პირველ რიგში, სრულად იქნება მოსახლეობის ინტერესი დაცული ამ პლაჟებზე ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით. ვიზუალი და ფუნქციური დატვირთვა იქნება შესაბამისობაში ბულვარის კონსერვაციის განვითარების გეგმასთან. ასევე დაცული იქნება ყველა ის პარამეტრი, რაც ჩაიწერება ხელშეკრულებაში გადაცემული ნაკვეთის მართვასთან დაკავშირებით, ასე რომ, პლაჟებთან დაკავშირებული ეს ნაწილი მოწოდებულია არსებული სიტუაციის გაუმჯობესებაზე, იმ სწორი ბალანსის დაცვაზე, რაც გულისხმობს კომერციული ობიექტების საჭიროებასა და იერსახეს. აქ სრულად იქნება გათვალისწინებული შეუფერხებელი წვდომა მოსახლეობისთვის“.

კითხვაზე, როგორ აპირებს მერია ამის უზრუნველყოფას მაშინ, როცა გადაცემულ ტერიტორიას კომერციული ობიექტები ხშირად თავიანთი ინფრასტრუქტურით სრულად ითვისებენ. გარდა ამისა, ვინ გააკონტროლებს მოსახლეობის შესაძლო შეზღუდვის საკითხს, მერმა განმარტა, რომ ტერიტორიის ათვისების მასშტაბს ბულვარის კონსერვაციის გეგმა განსაზღვრავს, ხოლო მოსახლეობის შესაძლო შეზღუდვის მცდელობებს ახალი მუნიციპალური ინსპექცია გააკონტროლებს:

„დაწესდება იმდენად სოლიდური ჯარიმა ასეთ შემთხვევებზე, რომ ამ ობიექტების მეპატრონეებს აღარ ექნებათ სურვილი, ეს წესი დაარღვიონ,“ – განაცხადა მერმა.

„ბათუმი თაუერი“ ძველ ბულვარში მიწის ნაკვეთს ითხოვს – მერია თანახმაა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: