მთავარი,სიახლეები

ასე არ ხდება ჩემო კარგო – ბაღდათის მერი 9-შვილიანი ოჯახისთვის საცხოვრებლის გადაცემაზე

23.02.2020 • 3294
ასე არ ხდება ჩემო კარგო – ბაღდათის მერი 9-შვილიანი ოჯახისთვის საცხოვრებლის გადაცემაზე

ბაღდათში მცხოვრები ხათრიძეების 9-შვილიანი ოჯახი უკიდურეს სიღატაკეში, ქირით ცხოვრობს, სახლის ქირის ფულს მათ მერია უხდის. სახლში არ არის გათბობა, წყალი და ბუნებრივი აირი. ოჯახი ბაღდათის მუნიციპალიტეტისგან მერიის ბალანსზე არსებულ რომელიმე შენობა-ნაგებობას ან მიწის ნაკვეთს ითხოვს, რომ სახლის აშენება შეძლონ, მოაშენონ შინაური ფრინველი, პირუტყვი და სიღატაკეს საკუთარი შრომით დააღწიონ თავი. რამდენად რეალურია ცხრაშვილიანი, უსახლკარო ოჯახისთვის საცხოვრებლის ან მიწის უსასყიდლოდ გადაცემა? – ამის შესახებ „ბათუმელებმა“ ჰკითხა ბაღდათის მერს, არჩილ გოგსაძეს:

ხათრიძეების ოჯახს გადასცეს საცხოვრებელი სტამბის შენობაში, ეს საცხოვრებელი მათ გაყიდეს და ამის მერე რაც მე აქ მოვედი, 2016 წლის ბოლოდან ეს ხალხი არის გაყვანილი ქირით. 

მერია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოა და არა სოციალური დახმარების განმახორციელებელი. ჩვენ სულ სხვა ფუნქცია-მოვალეობები გვაქვს. კი ბატონო, ჩვენ ამ მდგომარეობას ვაცნობებთ და გადავცემთ სოციალურ სააგენტოს, მათ უნდა გააგრძელონ ოჯახთან მუშაობა. ჩვენ ეს ოჯახი მეოთხე წელია გაყვანილი გვყავს ქირით. მათთან ერთად ბაღდათში 24 ოჯახია, ვისაც საცხოვრებლის ქირას ვუხდით. ამ 24 ოჯახიდან მხოლოდ ექვსია ეკომიგრანტი, დანარჩენები სოციალურად დაუცველები არიან. 

  • ბატონო არჩილ, რატომ არის შეუძლებელი, რომ მუნიციპალიტეტმა 9-შვილიან, სოციალურად დაუცველ და უსახლკაროს ოჯახს გამონაკლისის სახით გადასცეს საცხოვრებელი ან მიწის ნაკვეთი უსასყიდლოდ? 

მესმის რასაც ამბობთ, მაგრამ საცხოვრებლის გადაცემა ასე არ ხდება ჩემო კარგო ხალხო, ჩვენ თვითმმართველობას ამის უფლება არ გვაქვს.

  • კანონის თანახმად, თვითმმართველ მუნიციპალიტეტს შეუძლია თავის შეხედულებისამებრ განკარგოს მის ბალანსზე არსებული მიწა და შენობა-ნაგებობები…

კი ბატონო ასეა, მაგრამ განკარგვა ერთია და გადაცემა სხვაა. გადავცემთ შენობას, მაგრამ კაზინოში რომ ითამაშოს და გაყიდოს, სახელმწიფომ უნდა უყიდოს ისევ?

  • ამ კონკრეტულ შემთხვევაში ბავშვების მამა ამბობს, რომ ბავშვს დასჭირდა სასწრაფო ოპერაცია და გაყიდა მერიის მიერ გადაცემული სტამბის შენობაში გამოყოფილი ფართობი, რომლიც საცხოვრებლად უვარგისი იყო. 

მე არ ვიცი რა ხდებოდა 10, 12 წლის წინ. ბოლო სამი წელიწადია რაც მე ვარ ბაღდათში მერი. ეგ სტამბის შენობა მანამდე გადასცეს.

პირადად ჩემთან არაერთხელ ყოფილა ეს ოჯახი. ითხოვენ ქონებას, რაც არ არის მუნიციპალური საკუთრება. ეს არის ყოფილი ვეტერინარული პუნქტი, რომელიც სახელმწიფო სააგენტოს კუთვნილებაშია და ამისთვის თავად უნდა მიმართონ შესაბამის სამინისტროს. ძალიან კარგად ვიცნობ ოჯახს, არაერთხელ პირადად შევხვედრივარ.

ცხოვრების პირობებს რაც ეხება, თავად აირჩიეს ეს სახლი საქირავებლად. იქ თუ სანიტარული პირობები არ აკმაყოფილებთ, მაპატიეთ, მაგრამ ამაში ვერ ჩავერევით.

  • სტამბის შენობაში ფართობი, რაც ამ ოჯახს გადაეცა, საცხოვრებლად უვარგისი იყო. ეს ნიშნავს თქვენთვის საცხოვრებლის გადაცემას?

ეს შენობა 2010 წელსაა გადაცემული, მე მაშინ მერი არ ვიყავი და ინფორმაცია არ მაქვს.

  • შეიძლება არ ხართ ნამყოფი, მაგრამ სატელევიზიო სიუჟეტებიდან მაინც შეიტყობდით იქ რა საცხოვრებელი პირობებიცაა. 

როგორ არ ვარ ნამყოფი, მაგრამ ეს იყო უკიდურესი აუცილებლობით გამოწვეული მომენტი – ვიცით, ის შენობა საცხოვრებლად რომ არ არის აშენებული. ეს იყო უკიდურესი გაჭირვება და სახელმწიფოსგან გამოხატული კეთილი ნება. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ასე უნდა ცხოვრობდნენ ადამიანები.

  • 9 ბავშვი ცხოვრობს სახლში, რომელსაც არ აქვს ფანჯრები, არ არის წყალი, გათბობა და გაზი, შეშა…

ფანჯრებიც ჰქონდა მაგ სახლს და გამართული იყო კაპიტალურად, დაუკავშირდით მეპატრონეს და ეს დეტალები მასთან გაარკვიეთ. 

თუ უფრო ძვირიან და უკეთეს საცხოვრისს იპოვიან, გადავუხდით. მე არც ბერკეტი მაქვს, არც ზედამხედველობას ვახორციელებ, სოციალური სააგენტო დამოუკიდებელი ორგანიზაციაა, რომელსაც არანაირი კავშირი და შემხებლობა ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიასთან არ აქვს, თუმცა ერთ შენობაში ვზივართ კონტაქტიც გვაქვს, ვსაუბრობთ ამ თემებზე, ვიცით პრობლემა.

მთელმა ბაღდათმა იცის ამ ოჯახის შესახებ, საცხოვრებელს ითხოვენ, მაგრამ საცხოვრებელს მე როგორ გავცემ, როცა არ მაქვს ამის უფლება. 

  • თუ უსახლკარო მრავალშვილიან და სოციალურად დაუცველ ოჯახს სახელმწიფო გადასცემს საცხოვრისს, თუნდაც ისეთს, როგორიც სტამბის შენობაა ბაღდათში, ეს სახელმწიფოს კეთილი ნებაა და არა ვალდებულება?

მე რომ ახლა გავყიდო ყველაფერი და მივადგე სახელმწიფოს უსახლკარო ვარ-მეთქი, უნდა მომცეს სახლი? 

თუ უკეთეს სახლს იპოვიან საქირავებლად, თუნდაც უფრო ძვირიანს, მოძებნონ საცხოვრისი, მოგვმართონ მერიაში, გავიტანთ საკითხს სხდომაზე და დავუფინანსებთ.

მუნიციპალიტეტის ანგარიშზე თავისუფალი მიწის ნაკვეთები და შენობა-ნაგებობები არ ირიცხება.

მთავარი ფოტო: ბაღდათის გამგებლის არჩილ გოგსაძე და ღარიბი ოჯახი

____

ამავე თემაზე: საქართველოს პარლამენტში ბაღდათის მაჟორიტარი დეპუტატის, კობა ლურსმანაშვილის თქმით, ბაღდათის მუნიციპალიტეტს ბალანსზე მიწის საკმაო რაოდენობაა, რომლის დამოუკიდებლად განკარგვის უფლებაც მუნიციპალიტეტს აქვს და იმ შემთხვევაშიც კი, თუ სასურველი მიწა ან შენობა არ არის ფინანსთა სამინისტროს ბალანსზე, მუნიციპალიტეტს შეუძლია, მრავალშვილიანი ოჯახების საჭიროებების შემთხვევაში, გამონაკლისად გამოითხოვოს ეს ქონება სამინისტროსგან.

დედა, მამა და 9 შვილი უსახლკაროდ – ბავშვები სკოლის გარეშე [ვიდეო]

ამავე თემაზე:

ბაღდათში მცხოვრები ხათრიძეების ოჯახის სოციალური მდგომარეობის შესახებ „ბათუმელებმა“ სიუჟეტი 9 თებერვალს მოამზადა. სიუჟეტში 9 არასრულწლოვანი შვილის მამა ჰყვება სირთულეებზე, რის გამოც არც ერთი შვილი სკოლაში არ დადის. ოჯახი სოციალური დახმარების სახით ყოველთვიურად 1100 ლარს იღებს, საიდანაც 400 ლარი ყოველთვიურად მხოლოდ ერთი შშმ. ბავშვის მედიკამენტებს, მკურნალობას და ექიმებთან ვიზიტებს სჭირდება. თანხის დარჩენილი ნაწილი 11-სულიანი ოჯახის საჭიროებებს არ წვდება. ზამთრისთვის საკმარისი შეშა ბაღდათში დაახლოებით 700 – 800 ლარი ღირს.

https://www.facebook.com/batumelebi/videos/117444769709948/

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: